ამბები

16:30 | 29.01.2013 | ნანახია 1829 - ჯერ

სანამ ნაკრები შეიკრიბებოდა

სანამ საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები კანში შეკრებას დაიწყებდა, საფრანგეთის ფედერალ 1-ში XIV ტურის შეხვედრები გაიმართა და ბუნებრივია, მათში ქართველმა ლეგიონერებმაც მიიღეს მონაწილეობა.
საფრანგეთის ნახევრად პროფესიული ლიგის მიმოხილვამდე გეტყვით, რომ “ბორჯღალოსნებმა” ფრანგულ შეკრებაზე თავისი პირველი ვარჯიში 28 იანვარს გამართეს. ნაკრების მენეჯერის, ვასილ აბაშიძის თქმით, გუშინ შედარებით მსუბუქი წვრთნა გაიმართა, რადგან ლეგიონერთა უმეტესობას შაბათ-კვირას თამაშები ჰქონდათ. გამოძახებული 29 მორაგბიდან ჯანმრთელობის პრობლემა მხოლოდ ვახტანგ მაისურაძეს აწუხებს და 2 თებერვალს ბელგიის წინააღმდეგ მისი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშაა, სხვები კი, სრულ მზადყოფნაში არიან.
რაც შეეხება ფედერალ 1ის განვლილ ტურს, აქ უამინდობის გამო რამდენიმე თამაში გადაიდო. I ჯგუფში ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონი” ერთ-ერთ ლიდერ “ბრესანს” ეწვია და 8:25 დამარცხდა. მელიქიძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და 21-ე წუთზე სინბინით დაისაჯა. ტაიმი მასპინძლებმა 9:8 მოიგეს და მეორე ნახევარში ეტაპობრივად გაზარდეს უპირატესობა. პირველხაზელი მელიქიძე ასევე პირველხაზელმა კოპალიანმა 66-ე წუთზე შეცვალა. “მაკონს” 14 თამაშის შემდეგ 43 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და მართალია პირველ-მეორე ადგილების დაკავების პრაქტიკული შანსი თითქმის აღარ შერჩა, მაგრამ მდევრებსაც საგრძნობლად უსწრებს და სავარაუდოდ, პლეი ოფში მესამე ადგილითვე გავა.
13 თამაშიდან 31 ქულა აქვს და მეოთხე ადგილზეა გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონი”, რომელსაც ამ ტურში “ბობინთან” უთამაშა, მაგრამ შეხვედრა დიდთოვლობის გამო გადაიდო. 14 თამაშიდან 31 ქულა დააგროვა და მეხუთეა ზერო პეტრიაშვილის “ვიენი”, რომელმაც გიორგი სულუაშვილის “სტრასბური” 15:7 დაამარცხა. სულუაშვილი განაცხადში არ იყო, პირველხაზელი პეტრიაშვილი თამაშში 49-ე წუთიდან ჩაერთო. “სტრასბურს” ერთი ქულა აქვს და ბოლო მე-10 ადგილზეა.
რევაზ გიგაურისა და ელიზბარ ყუფარაძის “მონლიუსონმა” გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ-ეტიენი” სტუმრად 16:10 დაამარცხა. ყუფარაძე სასტარტო შემადგენლობაში იყო და შერკინების პირველ ხაზში მოედანზე 79 წუთი გაატარა. თამაშში 54-ე წუთიდან ჩაერთო პირველხაზელი გაბელია, სხვა ქართველები კი, განაცხადში არ იყვნენ. “მონლიუსონს” 30 ქულა აქვს, მე-6 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს, “სენტ-ეტიენი” კი, 24 ქულით მე-7 პოზიციაზეა.
II ჯგუფში ირაკლი ნინიძის “რომანმა” გიორგი კუთარაშვილის “შატორენარი” სტუმრად დაამარცხა (23:17) და მესამე ადგილზე პოზიციები გაიმყარა. თამაშში მონაწილეობა მხოლოდ კუთარაშვილმა მიიღო, რომელიც შეცვლაზე შესვენების შემდეგ გავიდა და 78-ე წუთზე ლელოც გაიტანა. ამით ანგარიში 17:23 გახდა, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო. აღსანიშნავია, რომ მატჩის დასკვნით შვიდ წუთში რამდენჯერმე ატყდა ჩხუბი და რეფერიმ 73-ე და 76-ე წუთებზე ორივე გუნდს თითო-თითო მორაგბე წითელი ბარათით გაუძევა, სულ ბოლოს კი, წითელი ბარათი კუთარაშვილსაც უჩვენა. აღსანიშნავია, რომ მან წინა დისკვალიფიკაციის ვადა ახლახანს გაუვიდა და უკვე ახალი სასჯელი ელის.
“რომანს” 13 თამაშიდან 33 ქულა აქვს, მესამე ადგილზეა და 2 ქულით ჩამორჩება “ვალანსს”, რომელსაც ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული. ერთი თამაშით მეტი გამართა და 30 ქულა აქვს მეოთხედგილოსან “ობნას”. “ობნამ” გასულ მატჩში უშუალო კონკურენტი “ლავორი” 28:22 დაამარცხა და მას ერთი ქულით გადაასწრო. გამარჯვებაში მონაწილეობა არ მიუღია თემურ გელანტიას, ხოლო ბექა ურჯუკაშვილი მოედანზე შესვენების შემდეგ გამოჩნდა. “ობნამ” ტაიმი 14:0 მოიგო, მერე ორჯერ დავიდა სხვაობა 2 ქულამდე, მაგრამ მასპინძლებმა მაინც იმარჯვეს.
უამინდობის გამო გადაიდო დავით კაჭარავას “როდეზისა” და “აგდის” შეხვედრა. კაჭარავას გუნდი 12 თამაშიდან 21 ქულით ბოლო ადგილზეა, მაგრამ გამოტოვებული მატჩის მოგების შემთხვევაში ცხრილის ფსკერს თავს დააღწევს.
III ჯგუფში თედო ზიბზიბაძის “პერიგომ” გაჩეჩილაძის “აჟეტმო” 25:3 დაამარცხა, სამი უპასუხო ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ზიბზიბაძემ შუამარბად, გაჩეჩილაძემ კი, მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშეს. ამ თამაშშიც სამჯერ ატყდა ჩხუბი და რეფერი ორჯერ ორივე გუნდიდან თითო-თითო მორაგბის გასინბინებით დაკმაყოფილდა, ხოლო 72-ე წუთზე უკვე ორივე გუნდის თითო მორაგბე წითელი ბარათით გააძევა. “პერიგო” 48 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო “აჟეტმო” 23 ქულით მეშვიდეა.
48 ქულით მესამე ადგილზეა ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზერი”, რომელმაც ჯგუფის ლიდერ “ტიროსს” პირველი მარცხი აგემა - 12:0. ქართველ ლეგიონერთაგან განაცხადში მხოლოდ მეორეხაზელი გუჯარაიძე იყო და ის მოედანზე მეორე ტაიმის პირველივე წუთებიდან გამოჩნდა. “სენ-ნაზერმა” სამი ჯარიმა და ერთი არეკნი საწყის 22 წუთში გაიტანა და მერე ამგარიში აღარ შეცვლილა.
ნიკოლოზ მაღალდაძისა და ირაკლი ჩომახაშვილის “მარმანდი” “ლანგონთან” სტუმრად 19:21 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ჰუკერი ჩომახაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო მაღალდაძე განაცხადში ვერ მოხვდა. “მარმანდი” 19 ქულით ბოლოსწინა მე-9 ადგილზეა.
IV ჯგუფში ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის “ბანიერი” ჯგუფის ლიდერ “მონტობანს” ეწვია და 14:31 დამარცხდა. ქართველი ლეგიონერებიდან განვლილ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ მალაღურაძემ მიიღო, რომელიც მოედანზე შესვენების შემდეგ ფულბეკის ნაცვლად გამოჩნდა და 63-ე წუთზე გატანილი ჯარიმით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. აღსანიშნავია, რომ კლუბის ოფიციალური საიტი მის საქართველოს ნაკრებში არგამოძახებას გამოეხმაურა და იმედი გამოთქვა, ქართველი ეროვნულ გუნდში კუთვნილ ადგილს დაიბრუნებსო. “ბანიერს” 22 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა.
22 ქულით ბოლოსწინა მე-9 პოზიციაზეა მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “სენ-ჟუნიანი”, რომელიც “ლიმოჟთან” 6:28 დამარცხდა. კვირიკაშვილი სრულად ითამაშა და 30-ე და 37-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით ორჯერ დაიყვანა ჩამორჩენა 3 ქულამდე. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 62 წუთი ითამაშა პირველხაზელმა მჭედლიშვილმა. ახლა “ფედერალ 1”-ში 3 მარტამდე დასვენებაა გამოცხადებული და ამ პერიოდში შეძლებისდაგვარად გადადებული შეხვედრები გაიმართება.

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081994