იხილავს თუ ვერა ქართული რაგბის გულშემატკივარი ბრიუსელიდან საქართველოსა და ბელგიის ნაკრებების მატჩის პირდაპირ ტრანსლაციას, ჯერაც უცნობია, არადა, ერთა თასისა და მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველი თამაში, თანაც სრულიად უცნობ მეტოქესთან, დიდ ინტერესს იწვევს.
საქართველოს რაგბის კავშირმა ოფიციალურ გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლით პირდაპირი ტელეტრანსლაცია მხოლოდ და მხოლოდ ბელგიური მხარის გამოისობით ვერ ეწყობა, თუმცა, მიდის მუშაობა, რათა მატჩის პერიპეტიების რეალურ რეჟიმში ხილვა ინტერნეტ სტრიმინგის მეშვეობით იყოს შესაძლებელი.
სრკ-ს განცხადებაში წერია: “ბელგია-საქართველოს სარაგბო მატჩის პირდაპირი ეთერით ტელე-ტრანსლაციის მიზნით, საქართველოს რაგბის კავშირმა და საზოგადოებრივმა მაუწყებელმა არაერთხელ მიმართა ბელგიის რაგბის ფედერაციას. მათ შორის, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბელგიურ მხარეს შესთავაზა ტრანსლაციის უზრუნველსაყოფად საჭირო აპარატურის გამოყენებისათვის გასაწევი ხარჯების ანაზღაურება. მიუხედავად ამისა, ბელგიურმა მხარემ ტელევიზიით მატჩის ტრანსლირებაზე უარი განაცხადა და ამის ნაცვლად საზოგადოებრივ მაუწყებელს მიაწოდა ლინკი, სადაც მათი თქმით გაიმართება მატჩის სტრიმინგი რეალურ დროში.
მიუხედავად ამისა, საქართველოს რაგბის კავშირი “ბორჯღალოსანთა” გულშემატკივრებთან ერთად მუშაობს სტადიონიდან პირდაპირი ინტერნეტ სიგნალის გამართვაზე ბელგია-საქართველოს მატჩის რეალურ დროში სტრიმინგის მეშვეობით გადმოცემის მიზნით. აღნიშნული მატჩის შესახებ დამატებით ახალი ინფორმაცია და თამაშის ბმული აიტვირთება საქართველოს რაგბის კავშირის ვებ-გვერდზე და ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე თამაშამდე ერთი დღით ადრე”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია