საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა იმ 23 მორაგბის ვინაობა დაასახელა, რომლებიც 2 თბერვალს ბელგიაში მასპინძელთა ეროვნული გუნდის წინააღმდეგობის დაძლევას ეცდება.
ამა წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის პირველი შეხვედრა, ბრიუსელში, “ეიზელის” სტადიონზე გაიმართება და თბილისის დროით 18 საათზე დაიწყება. მატჩამდე და მატჩის შემდეგ, მასპინძლები სტადიონზე გულშემატკივრის მისაზიდად კონცერტების გამართვას გეგმავენ, აი პირდაპირი ტელეტრანსლიაციის ორგანიზებას კი, თავი ვერ მოაბეს და ქართველ გულშემატკივარსაც მატჩის პერიპეტიების ხილვა მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით თუ ექნება.
ბელგიის ბაკრები ერთა თასის უმაღლეს დონეზე წელს აღზევდა და სადებიუტო მატჩს მოქმედ გამარჯვებულთან, მრისხანე საქართველოსთან გამართავს, თუმცა, ახალზელანდიელმა მწვრთნელმა შემადგენლობა მნიშვნელოვნად გადაახალისა. ახალგაზრდების სიმრავლე განსაკუთრებით უკანა ხაზში შეინიშნება, სადაც “ბორჯღალოსანთა” მაისურით დებიუტი ექნება ფრანგული “მონ დე მარსანის” შუამარბ თამაზ მჭედლიძეს, ოღონდ, “ბორჯღალოსანთა” მაისურით ის გარემარბად ითამაშებს. შედარებით ახალბედები არიან ფულბეკი ბექა წიკლაური და მერაბ შარიქაძე, თუმცა, ბოლო ერთი წელია “ჰართპულის” შუამარბმა ნაკრების ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა და მის ახალბედობას მხოლოდ ასაკი თუ განაპირობებს.
რადგან ბოლო წლების გუნდის უცვლელი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე თამაშს თავს ანებებს, მის ნაცვლად ნახევარდაცვაში გიორგი ბეგაძე დადგება, ხოლო კაპიტნის სამკლავურს გიორგი ჩხაიძე ჩაიბარებს. ჰეიგმა ჩხაიძე მესამედან მეორე ხაზში გადაიყვანა და ახლაც იქ ითამაშებს. “ბინგოსთვის” ეს მესამოცე კეპი იქნება, თუმცა, აქამდე ნაკრებისთვის არასდროს უკაპიტნია. შერკინების მეორე ხაზში მას ახალგაზრდა კოტე მიქაუტაძე შეუწყვილდება. შედარებით ახალგაზრდულია ქართველთა პირველი ხაზიც, სადაც თამაშს მიხეილ ნარიაშვილი და შალვა მამუკაშვილი იწყებენ.
სათადარიგოთა შორის ორი ისეთი მორაგბეა, რომელთაც მოედანზე გამოჩენის შემთხვევაში ნაკრებში დებიუტი ექნებათ. ესენი არიან 9 ნომერი ვაჟა ხუციშვილი და ახალგაზრდა უკანახაზელი გიორგი ფრუიძე. ორივე მათგანმა თავი ახალგაზრდულ ნაკრებებსა და საქართველოს ჩემპიონატში თამაშით გამოიჩინა. იმედია, ქართველი მორაგბეები ბელგიელებს გადახალისებული შემადგენლობითაც დაამარცხებენ, თანაც, მინიმუმ ოთხი ლელოს გატანისთვის პრემიალურ ქულასაც აიღებენ და ერთ კვირაში გასამართ მატჩს კარგ ხასიათზე შეხვდებიან.
ბელგია დებიუტანტი კია, მაგრამ ამ გუნდს ხელწამოსაკრავი არ ეთქმის. ქვეყნის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ აქცენტი სწრაფ შედეგზე გააკეთა, საფრანგეთიდან მორაგბეები გადაიბირა და ახლა მათ საფრანგეთის რომელიღაც ფორმაციის ნაკრებიც შეიძლება ეწოდოს. გუნდში მრავლად არიან ლეგიონერები საფრანგეთის სხვადასხვა ლიგებიდან, ორი წარმომადგენელი სამხრეთ ნახევარსფეროს გუნდებიდანაც ჰყავთ, მწვრთნელი კი, ქართველთათვის ნაცნობი რიჩარდ მაკინტოკია, რომელიც 2002 წელს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებთან მუშაობდა.
მაკინტოკი კონკურენტებს რთულ ცხოვრებას ჰპირდება და იმედოვნებს, რომ მისი გუნდი სწრაფად გაიზრდება და მერე უფრო მაღალი მიზნების დასახვაც შესაძლებელი გახდება. მის ამბიციებს ისიც ამძაფრებს, რომ გუნდმა ერთი თვის წინ დუბაის ტურნირზე არაბეთის გაერთიანებული ერების ნაკრები 94:3 გაანადგურა, ზიმბაბვეს 28:11, ხოლო ჰონკონგს 24:12 აჯობა. ეს გუნდი ბრიუსელში განსაკუთრებით ძლიერად თამაშობს და ბოლო დროს ჩეხეთს 55:0, ხოლო ჰოლანდიას 58:3 მოუგო.
“უწინარესად, აუცილებელია, რომ ყველა ჩემი შეგირდის სათამაშო დონე ამაღლდეს და ყველაზე მეტად სწორედ ეს მანაღვლებს. თამაშებში, სადაც ჩვენი მეტოქეების მორაგბეთა უმრავლესობა პროფესიულ დონეზე თამაშობს, მათი ზრდა გარდაუვალი იქნება, მით უმეტეს, რომ ჩვენი გუნდის საშუალო ასაკი სხვებისაზე დაბალია. ერთი სიტყვით, მომავალი თამაშები დავითისა და გოლიათის ბრძოლის მსგავსი იქნება” - განაცხადა შოტლანდიური ფესვების მქონე, ტულონში დაბადებულმა მაკინტოკმა და დაამატა:
“საქართველოს ნაკრები ყველაზე ძლიერია ჩვენს ჯგუფში. მე ამ ქვეყნის 19-წლამდელთა ნაკრებში 2002 წელს ვმუშაობდი და ზუსტად ივიც, რომ ძალიან ძლიერი და ღირსეული მორაგბეები არიან. მათთან გამარჯვებაზე არც კი ვოცნებობთ, უბრალოდ გვსურს, რომ მათ წინააღმდეგ ღირსეულად ვითამაშოთ. ჩემი შეგირდების გარკვეული ნაწილი საფრანგეთში თამაშობს, მაგრამ უმეტესად “ფედერალ 1”-ის მეორე გუნდების წევრები არიან და მხოლოდ ერთი გვყავს მართლაც ძლიერი მორაგბე, ამგრამ მთავარია, რომ ბელგიური რაგბი ახალ დონეზე გავიყვანეთ. მსოფლიო რეიტინგში 58-ედან 21-ე ადგილამდე დავწინაურდით, ახლა ბელგიაში რაგბს 20 ათასამდე ადამიანი თამაშობს, მაგრამ პრესის და ტელევიზიოების ყურადღება ჯერაც ვერ დავიმსახურეთ და მათთან ბრძოლა უნდა მოვიგოთ”.
2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
2 თებერვალი. ბრიუსელი (ბელგია). “ეიზელი”. 18:00 საქართველოს დროით
ბელგია - საქართველო
საქართველო: 15. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 3 თამაში, 5 ქულა), 14. ალექსანდრე თოდუა (“ალბი”, საფრანგეთი, 36, 5), 13. დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი, 56, 65), 12. მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი, 8, 15), 11. თამაზ მჭედლიძე (“მონ დე მარსანი”, საფრანგეთი, 0, 0), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიანი”, საფრანგეთი, 64, 377), 9. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”, ბათუმი, 7, 0); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 8, 5), 2. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 9, 5), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 25, 5), 4. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 59, 35, კაპ.), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 5, 0), 6. ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 16, 5), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 46, 105), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 23, 15).
სათადარიგოები: 16. რევაზ ბელქანია (“ლელო”, თბილისი, 10, 5), 17. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 41, 20), 18. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 2, 5), 19. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 28, 5), 20. ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი, 4, 0), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 0, 0), 22. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 16, 5), 23. გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი, 0, 0).
განაცხადში ვერ მოხვდნენ: ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 0, 0), ვახტანგ მაისურაძე (“ალბი”, საფრანგეთი, 17, 10), ლაშა ლომიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 0, 0), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 64, 75), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, 59, 110), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 11, 29).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
საქართველო
რუმინეთი
ესპანეთი
რუსეთი
პორტუგალია
ბელგია
2 თებერვალი
პორტუგალია - რუმინეთი
რუსეთი - ესპანეთი
ბელგია - საქართველო
9 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია
რუმინეთი - რუსეთი
ბელგია - ესპანეთი
23 თებერვალი
რუსეთი - საქართველო
ესპანეთი - რუმინეთი
პორტუგალია - ბელგია
9 მარტი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი
16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია