ამბები

10:25 | 2.02.2013 | ნანახია 15326 - ჯერ

ბრიუსელიდან პრემიას ველით

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 2013 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასისკენ სვლას 2 თებერვალს, ბრიუსელიდან იწყებს.
თბილისის დროით 18 საათზე, “ბორჯღალოსნები” ბელგიის დედაქალაქში წლევანდელი ერთა თასისა და მომავალი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩს გამართავენ და ვალდებულნი არიან იქიდან 5 ქულით დაბრუნდნენ, ანუ მეტოქე დაამარცხონ და მას მინიმუმ ოთხი ლელო გაუტანონ. ვალდებულებას ქართველ მორაგბეებს რამდენიმე ფაქტორი აკისრებს:
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა უკვე დაამტკიცა, რომ ერთა თასის დონეზე მაღალი კლასის გუნდია და ამ ფაქტს გამყარება სჭირდება. ამასთან “ბორჯღალოსნებმა” ბოლო ოთხი თამაში დათმეს და სერიის შეწყვეტის დროა. ბელგიასთან ვერმოგება, მსოფლიოს ყოველკვირეულ რეიტინგში კატასტროფულ ვარდნას გამოიწვევს, რასაც რეპუტაციის საგრძნობლად შელახვაც მოჰყვება. ერთა თასის შენარჩუნებაზე რომ არაფერი ვთქვათ, ეს თამაში მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ციკლს მიეკუთვნება და აქ ქულების განიავება დაუშვებელია, მეტოქე ამ დონის დებიუტი ბელგიაა და მასთან გასვლით მატჩშიც კი, გულშემატკივარი თავის საყვარელი გუნდისგან მხოლოდ დიდი სხვაობით გამარჯვებას მიიღებს.
მეტოქის სისუსტე ვახსენეთ, მაგრამ რაგბში და ზოგადად სპორტში ნებისმიერი მოწინააღმდეგის დაუფესებლობა გაუმართლებელი რომაა, ეს “ბორჯღალოსნებმა” თავის თავზეც იწვნიეს. ყველას გვახსოვს ჰოლანდიაში დიდი ანგარიშით განცდილი მარცხი, ორი წაგება ესპანეთთან, მათ შორის მეორე, სულ რაღაც ერთი წლის წინ და იმავე ესპანეთთან თბილისში ძლივს მოგებული შეხვედრა, რითაც მაშინ თბილისში ჩამოტანილი ერთა თასი ორგანიზატორებს უკან აღარ გავატარეთ.
გამარჯვების იმედი თავად ბელგიელებსაც არ აქვთ, მაგრამ ამ ქვეყნის რაგბის კავშირმა ბოლო დროს ქმედითი ნაბიჯები გადადგა ქვეყანაში სპორტის ამ სახეობის გასავითარებლად ფრანგი მორაგბეები გადაიბირა. ამასთან, მათ სურთ იმის დამტკიცება, რომ ძლიერ გუნდებთან თამაში დაიმსახურეს და ამის დამტკიცებას საქმით ეცდებიან. თანაც, მათ დასაკარგი არაფერი აქვთ და თუ არასათანადო განწყობის გამო საშუალება მივეცით, შეცდომები დავუშვით, მერე, შესაძლოა, შეფუცხუნება გვიანი იყოს.
ჩვენს გუნდში მიმდინარე თაობათა ცვლისა და მეტოქის ძალის გათვალისწინებით, მილტონ ჰეიგმა თავის გამოჩენის შანსი ახალგაზრდებს მისცა, რაც ერთის მხრივ სარისკო ნაბიჯია, მაგრამ მეორეს მხრივ, გამართლებული ქმედებაცაა. სხვა ვისთან, თუ არა ბელგიასთან უნდა აჩვენონ ახალგაზრდებმა ის, თუ რა შეუძლიათ. ამავდროულად, ძირითად შემადგენლობაში 2011 წლის საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი, ევროპის 15 საუკეთესო მორაგბეს შორის ახლახან დასახელებული მამუკა გორგოძე, რომელსაც ზემოთნახსენები ესპანელები ლამის მარტოს ჰყავს “ნათრევი” და ბელგიელებისთვის მის წინააღმდეგ თამაში დიდი პატივია, ჩვენთვის კი, გაჭირვების ჟამს დიდი იმედი.
ზემოთ რეიტინგი ვახსენეთ, სადაც ბელგიელებმა ბოლო დროს დიდი წინსვლა განიცადეს, 58-ედან 21-ე ადგილამდე აინაცვლეს და 60,43 სარეიტინგო ქულა აქვთ. საქართველოს ნაკრებს ივნისიდან სარეიტინგო უკუსვლა ჰქონდა და დაკარგული ახლა უნდა აინაზღაუროს. ამჟამად “ბორჯღალოსნები” 65,83 ქულით მე-17 საფეხურზე არიან და ნამატჩევს ამავე პოზიციაზე დარჩებიან, ოღონდ, მეტოქის 15-ზე ნაკლები სხვაობით დამარცხების შემთხვევაში მონაგარს 0,76 ქულას შემატებენ, ხოლო დიდი ანგარიშით გამარჯვება 1,14 იქნება. ეს ცხრილში წინსვლას არ გამოიწვევს, რადგან მე-16 ადგილზე მყოფ აშშ-ს 68,32 ქულა აქვს, თუმცა, მომავალში მათი უკან მოტოვება უფრო იოლი იქნება. მარცხის შემთხვევაში დანაკლისი 1,24, ან 1,86 ქულა იქნება და მერე ჩვენი ბედი რუსეთი-ესპანეთის შეხვედრაზე იქნება დამოკიდებული. ამჟამად მე-18 ადგილს 63,09 ქულით ესპანელები იკავებენ.
მაინც საფიქრალია, რომ ქართველი მორაგბეები საქმეს სრული სერიოზულობით მოეკიდებიან და ბელგიელებს დიდი ანგარიშით დაამარცხებენ, რადგან მათაც კარგად ესმით, რომ მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე ნებისმიერი ქულა შესაძლოა გადანწყვეტი აღმოჩნდეს და აუტსაიდერთან ოთხი ლელოს გატანა და პრემიალური ქულის აღება ძალიან მნიშვნელოვანია. ამ და მომავალი წლის ერთა თასს ყველა კონკურენტი განსაკუთრებულად მობილიზებული ხვდება, შემადგენლობებიც გააძლიერეს, უმეტესად ლეგიონერთა ნატურალიზაციის მეთოდით და ბელგიის გარდა სხვა გუნდებთან სტუმრად პრემიალური ქულის დაგეგმვა ბევრად უფრო რთული იქნება.
მსოფლიო თასზე კი, ის ორი გუნდი ითამაშებს, რომელთაც ორი წრის ჯამში ყველაზე მეტო ქულა ექნებათ. ინგლისში მოხვედრის შანსი ერთა თასის მესამეადგილოსანსაც ექნება, მაგრამ ის საკონტინენტთაშორისო რეპეშაჟში უნდა ჩაებას და კაცმა არ იცის იმ კონკრეტულ შემთხვევებში რა მოხდება. ამასთან, ერთა თასის საუკეთესო გუნდ საქართველოს, რომელიც სამეულს მიღმა არასდროს დარჩენილა, ერთა თასი კი, აგერ უკვე მეთოთხმეტეჯერ იწყება, პირველობა საკუთარი რეპუტაციის გასამყარებლადაც სჭირდება, რათა რაგბის საერთაშორისო საბჭოს მომავალში უფრო მეტი ტესტ-მატჩი დასტყუოს ძლიერ მეტოქეებთან, რისი პრიორიტეტიც სწორედ ერთა თასის მოგებულს ენიჭება.
ზემოთ მარცხიანი სერიაც ვახსენეთ და ბარემ ვთქვათ, რომ ყველაზე მეტჯერ საქართველოს ნაკრებმა ზედიზედ შვიდი თამაში 2003-2004 წლებში წააგო, აქედან ოთხი მისთვის პირველ მსოფლიო თასზე. მას შემდეგ ახლა ყველაზე ცუდი მაჩვენებელი გვაქვს - ორი მარცხი ივნისში (აშშ-სთან და კანადასთან სტუმრად) და ორიც ნოემბერში (თბილისში იაპონიასთან და ფიჯისთან). ახლა სწორედ იმის დროა, რომ ეს დანავსული სერია შეწყდეს და დაიწყოს აღმავლობის ერა, რომელიც ჩვენს ბიჭებს 2014 წლის მარტში ზედიზედ მეოთხე მსოფლიო თასზე მონაწილეობის უფლებას მოუტანს.
ბელგიელთა წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს პირველად უკაპიტნებს გიორგი ჩხაიძე, რომლისთვისაც მომავალი შეხვედრა საიუბილეო - მე-60-ე იქნება. იმედია, “ბინგოს” კაპიტნობა ფეხბედნიერი იქნება “ბორჯღალოსნებისთვის”.
სამწუხაროდ, რაგბის გულშემატკივარი ამ თამაშის პირდაპირ ტელერეპორტაჟს ვერ იხილავს, რადგან ბელგიელებმა ყველა შეთავაზებული წინადადება იუარეს. სამაგიეროდ, 2 თებერვალს, 18 საათიდან, თამაშის ხილვა შესაძლებლობა იქნება ბელგიელთა მიერ მოწოდებულ სტრიმიგზე - http://www.e-k.tv/videos/299-belgian-rugby. გარდა ამისა, სტრიმინგის მომზადებაზე ქართული მხარეც მუშაობს და მისი მისამართი მოგვიანებით გახდება ცნობილი.    

2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
2 თებერვალი. ბრიუსელი (ბელგია). “ეიზელი”. 18:00 საქართველოს დროით
ბელგია - საქართველო
ბელგია: 15. ალამ ვილიამსი, 14. ელიოტ ფან-ტრაპენი, 13. ტიბო ანდრე, 12. გიომ ბრებანი, 11. გიომ პირონი, 10. კარლოს ფიერო, 9. ჟიულიან ბერჟე; 1. ჟიულიან მასიმი, 2. ნორმან ვენდე, 3. მაქსიმ ჟადო, 4. მატიო ფერსხელდენი, 5. სირილ ნანა, 6. ტომას დე-მოლდერი, 7. ენდრიუ ნილი (კაპ.), 8. ჟულიან მორელი.
სათადარიგოები: 16. ალენ მირიალაკისი, 17. ალექსის კუფოლო, 18. რაფაელ ოლივი, 19. ბერტრან ბილი, 20. მიკა დე-მოლდერი, 21. ჩარლი ფურნო, 22. სებასტიან ჰუნსი, 23. კევინ დამსი.
მწვრთნელი: რიშარ მაკქლინთოქი (საფრანგეთი)
საქართველო: 15. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 3 თამაში, 5 ქულა), 14. ალექსანდრე თოდუა (“ალბი”, საფრანგეთი, 36, 5), 13. დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი, 56, 65), 12. მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი, 8, 15), 11. თამაზ მჭედლიძე (“მონ დე მარსანი”, საფრანგეთი, 0, 0), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიანი”, საფრანგეთი, 64, 377), 9. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”, ბათუმი, 7, 0); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 8, 5), 2. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 9, 5), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 25, 5), 4. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 59, 35, კაპ.), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 5, 0), 6. ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 16, 5), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 46, 105), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 23, 15).
სათადარიგოები: 16. რევაზ ბელქანია (“ლელო”, თბილისი, 10, 5), 17. დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 41, 20), 18. ლევან ჩილაჩავა (“ტულონი”, საფრანგეთი, 2, 5), 19. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 28, 5), 20. ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი, 4, 0), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 0, 0), 22. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 16, 5), 23. გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი, 0, 0).
განაცხადში ვერ მოხვდნენ: ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 0, 0), ვახტანგ მაისურაძე (“ალბი”, საფრანგეთი, 17, 10), ლაშა ლომიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 0, 0), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 64, 75), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, 59, 110), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი, 11, 29).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
რეფერი: მატეო ლიპერინი (იტალია)
ასისტენტები: ფილიპო ბერტელი, ენრიკო ძუკი (ორივე იტალია)

2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
საქართველო
რუმინეთი
ესპანეთი
რუსეთი
პორტუგალია
ბელგია

2 თებერვალი
რუსეთი - ესპანეთი (14:00)
ბელგია - საქართველო (18:00)
პორტუგალია - რუმინეთი (19:30)
9 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია
რუმინეთი - რუსეთი
ბელგია - ესპანეთი
23 თებერვალი
რუსეთი - საქართველო
ესპანეთი - რუმინეთი
პორტუგალია - ბელგია
9 მარტი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი
16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია

ზურა ქსოვრელი




 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.110966