ამბები

20:06 | 2.02.2013 | ნანახია 14020 - ჯერ

“ეშმაკებმა” სახელი გაამართლეს

ბელგიის ეროვნულმა ნაკრებმა, თავისი მეტსახელი - “შავი ეშმაკები” სრულად გაამართლა და “ბორჯღალოსნებს”, პრემიალურ ქულას ვინ ჩივის, ერთი შეხედვით მარტივად მოსაგებ თამაშში, გამარჯვება დიდი ნერვების წყვეტის ფასად დაანება.
ამის მიზეზი რამდენიმე მოვლენა უნდა იყოს. პირველი და უმთავრესი ისაა, რომ ბელგიელებმა საოცარი მონდომებით ითამაშეს და ტრიბუნების გამაყრუებელი ყიჟინით გამხნევებულებმა, საკუთარ თავზე მაღლა ახტომა მოახერხეს. მათთვის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში იგივეა, ჩვენ რომ ახალ ზელანდიას ვეთამაშოთ, ოღონდ, აქ გუნდების კლასშია დიდი სხვაობა. თავდადებასთან ერთად ისიც გამოჩნდა, რომ “ეშმაკები”, რომელიც ჩვენი არ იყოს და, უმეტესად ფრანგულ კლუბებში მობურთალი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული, ერთა თასზე ქვედა დონიდან აქამდე აღზევებულ გუნდებს შორის, მართლაც საუკეთესოა და მათ თუ ასე გააგრძელეს, სამომავლოდ, არაერთ მეტოქეს გაამწარებენ.
მატჩის მსვლელობაზე დიდი გავლენა მოახდინა “ეიზელის” სათადარიგო მოედნის პარამეტრებმაც, რომელიც ალბათ, სტანდარტში კი ჯდებოდა, მაგრამ მხოლოდ მინიმალური მაჩვენებლებით. ამან, მერაბ კვირიკაშვილს და სხვა ქართველ ფეხით მოთამაშეებს გეგმები აშკარად აურია და ჩვენი ნახევრიდან კი არა, 22-იდან დარტყმული ბურთიც კი, კიდით ხაზს ცდებოდა. მოკლე იყო როგორც 22-სა და 10-მეტრა ხაზებს შორის ადგილი, ასევე, თავად ჩათვლის მოედანი. მასპინძლები აშკარად უკეთ იყვნენ ადაპტირებული მსგავს პირობებთან, ჩვენ კი...
ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული მაინც ის იყო, რომ შარშან ესპანეთთან გამართული ავადსახსენებელი მატჩისა არ იყოს, გუნდის სათანადოდ განწყობა ვერ მოხერხდა. სწორედ ამის გამო, საქართველოს ნაკრებმა დიდი გაჭირვებით, მეორე ნახევრის შუა პერიოდშიღა მოახერხა მატჩში გარდატეხის შეტანა და საბოლოოდ ისეთი სხვაობით იმარჯვა (4 ქულა), რომ ქართველ გულშემატკივარს, მსაჯის საფინალო სასტვენამდე, მოშვების საშუალება არ მიეცა. ბელგიელებთან მატჩში იყო მცდელობა, რომ თამაში გაშლილიყო და უკანახაზელებს უფრო აქტიურად მიეღოთ მონაწილეობა შეტევით ოპერაციებში, მაგრამ ტექნიკურმა წუნმა ამის საშულება კვლავ არ მოგვცა და შედეგად, საწყის 20-25 წუთში მოპოვებული უდიდესი ტერიტორიული უპირატესობა, გამოუყენებელი დარჩა.
არადა, ამ დროს ლელო რომ გასულიყო, ალბათ, მატჩის მსვლელობა სულ სხვა ჩარჩოში ჩაჯდებოდა და დიდი ალბათობით, “ბორჯღალოსნები” ბრიუსელიდან პრემიალური ქულით დაბრუნდებოდნენ. თამაშის არევა იმ ინციდენტმაც გამოიწვია, რომელიც შეხვედრის დებიუტში, მე-2 წუთზევე მოხდა და შედეგად, მილტონ ჰეიგის გეგმები სათავეშივე აირია, თუმცა, შედეგის თვალსაზრისით, ეს მიზეზად არ გამოდგება, რადგან ქართველთა მსგავსად, მეტოქეც 14 კაცის ამარა დარჩა და რიცხობრივი თანაფარდობა შენარჩუნდა.
მოკლედ, საქართველოს ნაკრებმა არადამაჯერებელი და არადამაკმაყოფილებელი, მაგრამ მაინც გამარჯვება მოიპოვა - 17:13. თამაშმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ მეტოქის დაუფასებლობა არაფრით შეიძლება და გამოჩნდა ის შეცდომებიც, რომელიც სასწრაფოდაა გამოსასწორებელი. ეს ციკლი მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და აქ ექსპერიმენტები და შემადგენლობის როტაციები, შესაძლოა, ძალიან ძვირი დაგვიჯდეს. იმედია, ეს ყველაფერი ნაკრების ხელმძღვანელობასაც კარგად ესმის და ეს დაკარგული, დაგეგმილი ქულა (პრემიალური), უკანასკნელი იქნება ამა წლის ერთა თასზე და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე.
ბრიუსელი თამაშს წვიმიანი ამინდით და ატალახებული მოედნით შეხვდა. “ეიზელის” პირთამდე სავსე მოედანზე მრავლად იყვნენ ქართველი გულშემატკივრებიც, მაგრამ ცხადია, მასპინძლები სჭარბობდნენ. “ეშმაკებმა” მატჩის დებიუტშივე მიმართეს სავარაუდოდ დაგეგმილ ეშმაკობას და მე-2 წუთზე ჩხუბი ატეხეს. მასში მთელი გუნდი ჩაება, მეტოქემ უკან დაიხია და გალახული დარჩა. ქართველთაგან განსაკუთრებულად თავი დავით ქუბრიაშვილმა და ვიტო კოლელიშვილმა გამოიჩინეს. ვიტო ამ ეპიზოდში სასჯელს გადაურჩა, ქუბრიაშვილს კი, გვერდით მსაჯთან თათბირის შემდეგ, იტალიელმა რეფერიმ პირდაპირ წითელი ბარათი უჩვენა. საბედნიეროდ, წითელი წილად მასპინძელსაც ხვდა და მოედანზე მთელი მატჩით კაცნაკლულად დარჩენას გადავრჩით.
ასე გაჩაღდა 14-კაცა რაგბი, რაც საერთო ჯამში, ქართველებისთვის უფრო წამგებიანი აღმოჩნდა, თუნდაც იმიტომ, რომ მთელი გეგმები აირია და მილტონ ჰეიგს წინასწარი გეგმის შეფასების საშუალება აღარ მიეცა. გუნდი მოედანზე პირველხაზელის გარეშე რომ ვერ დარჩებოდა, დიმიტრი ბასილაია ლევან ჩილაჩავამ შეცვალა, მამუკა გორგოძემ შერკინების შემკვრელის პოზიციაზე გადაინაცვლა, ალექსანდრე თოდუას კი, პერიოდულად შერკინებაში ჭიდილი უხდებოდა.
თავიდან, “ბორჯღალოსნებს” ჯარიმის კარში დარტყმა არც უფიქრიათ, ბურთი აუტში გადაქონდათ, დერეფანში მოგებული ბურთი ჰაერიდანვე მიდიოდა გიორგი ბეგაძესთან, რომელიც საქმეში ხაზს რთავდა, მაგრამ დაცვის ხაზის გაკვეთა ვერ მოხერხდა, რადგან ხშირი იყო ტექნიკური წუნი და ბელგიაც თავდადებით იცავდა. საწყისმა მეოთხედმა ქართველთა ლელოს გატანის მცდელობაში განვლო, მაგრამ მიზნის მიღწევა ვერ მოხერხდა, მერე ბელგიამ საქართველოს ნაკრების ნახევარზე გადასვლა მოახერხა და არც მათ დაარტყეს ჯარიმა კარში!
ამასობაში 23-ე წუთი მოვიდა. ბელგიამ თავისი 22-ის ხაზიდან ხელით წამოიწყო კონტრშეტევა, შებოჭილი მორაგბე დაცემამდე რთავდა საქმეში თანაგუნდელს და ასე აღმოვჩნდით მდევრის როლში. გატანილმა ლელომ, ბელგიელი გულშემატკივარი ლამის ჭკუიდან შეშალა, მით უმეტეს, რომ გარდასახვაც ზუსტი იყო. 27-ე წუთზე, როდესაც ბელგიელები საკუთარ 22-თან კიდევ ერთხელ დაჯარიმდნენ, კვირიკაშვილმა ჯარიმა კარში დაარტყა და ჩამორჩენაც შეამცირა, მაგრამ ეს ჟესტი, დიდი პატივისცემა იყო დებიუტანტი მეტოქისთვის.
პირველი ტაიმის დარჩენილ დროში, ქართველ მორაგბეებს პრაქტიკულად აღარაფერი გამოსდიოდათ და თამაშიც, უმეტესად, ჩვენს ნახევარზე მიდიოდა. მამუკა გორგოძეს 5-მეტრა შერკინებიდან არ აცალეს ბურთის გატანა, “ბორჯღალოსნები” რამდენჯერმე დაჯარიმდნენ, გათავხედებულმა ბელგიელებმა კი, ბურთის კარში დარტყმას ლელოზე თამაში ამჯობინეს. ისინი მიზანთან ახლოს იყვნენ, მაგრამ დიდი ძალისხმევის ხარჯზე, იერიშის მოგერიება მოხერხდა. დაცვაში თავდადებულ თამაშს კოლელიშვილი შეეწირა, რომელიც ხშირი დაჯარიმების გამო, ტაიმის ბოლოს სინბინით დაისაჯა, ბელგიელებმა კი, ამჯერად მარტივი გადაწყვეტილება მიიღეს, ასაღები 3 ქულა აიღეს და ტაიმი 10:3 მოიგეს.
მეორე ტაიმის დასაწყისში, ბელგიელებმა ერთხელაც იხეირეს ჯარიმით და სხვაობა 10 ქულამდე გაზარდეს, მაგრამ ამის შემდეგ, ინიციატივას სრულად ქართველი მორაგბეები დაეუფლნენ და შედეგად, ბელგიელები ორჯერ დაისაჯნენ სინბინით, რიცხობრივი მეტობით კი ქართველებმა იხეირეს. “ბორჯღალოსნები” რამდენჯერმე იყვნენ ახლოს მეტოქის ჩათვლის მოედანთან, თუმცა, მეტოქე სწრაფ, სახიფათო კონტრშეტევებს ახორციელებდა და სწორედ ამისი და მცირე სხვაობის დამსახურება იყო, ბოლო წუთამდე დაძაბულობა რომ არ განელებულა.
45-ე წუთზე, საქართველოს ნაკრებმა, ძალისმიერი იერიშის შედეგად, ბელგიელთა ჩათვლის მოედანშიც შეაღწია, მაგრამ რადგან ვიდეორეფერი არ იყო, მხოლოდ 5-მეტრა შერკინება დაინიშნა. იქიდან ბურთი მამუკა გორგოძემ აიტაცა და შეუტია, მას მხარი მიხეილ ნარიაშვილმა აუბა, ისიც შეაჩერეს, მაგრამ გორგოძემ ჩვეულ სტილში, რაქიდან აიტაცა ბურთი და 47-ე წუთზე უმნიშვნელოვანესი ლელო გაიტანა, რასაც კვირიკაშვილმა ასევე ზუსტი გარდასახვა მიაყოლა.
უნდა ითქვას, რომ გაჭირვების ჟამს, გორგოძემ სრულად წარმოაჩინა ლიდერის თვისებები და გუნდს ისე გაუძღვა, როგორც სჩვევია. თამაშის განახლებისთანავე, ბელგიელებმა კიდევ ერთხელ სცადეს პროვოკაცია და მათი პირველხაზელი უბურთო მერაბ შარიქაძეს ეუხეშა, მაგრამ თავშეკავებამ შედეგი გამოიღო და სინბინით ბელგიელი დაისაჯა. ამას, ქართველთა მოლით მიძალება მოჰყვა, მაგრამ რეფერიმ, ზედახორაში ლელო ამჯერადაც ვერ დავაფიქსირეო.
საქართველოს ნაკრებმა მეორე ნახევრის შუაწელს ერთხელაც შეიქმნა პრობლემები, როდესაც შეცდომების გამო, მეტოქეს ჩვენს 22-ში თამაშის და ხიფათის შექმნის საშუალება მისცა. საბედნიეროდ, ამჯერად ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა და საქართველოს ნაკრების ლამაზი, ხელდახელ იერიში ლელოთიც უნდა დასრულებულიყო, მაგრამ შალვა სუთიაშვილი გვერდით ხაზს იქით გადაიყვანეს. ბელგიელებმა ბურთის გატანა ვერ მოახერხეს, 5-მეტრა დერეფანში ამჯერად ბურთი ქართველმა მორაგბეებმა ააგდეს, ლევან ჩილაჩავამ იქვე შეუტია და ლელო გაიტანა, კვირიკაშვილმა კი, ეს გარდასახვაც გამოიყენა.
დასკვნით წუთებში გაჩნდა იმის რეალური შანსი, რომ “ბორჯღალოსნებს” მეტოქე საბოლოოდ გაეტეხათ, კიდევ ორი ლელო გაეტანათ და ბრიუსელიდან პრემიალური ქულა წამოეღოთ. ერთ-ერთ ეპიზოდში კარგად გაიშალა იერიში, ბექა წიკლაურმა დავით კაჭარავას ბურთი კარგად აუგდო, მაგრამ ის, ჩათვლის მოედნიდან ორიოდე მეტრში შეაჩერეს. მერე სქართველოს ნაკრები მეტოქეს შერკინებით მიეძალა, რომლის დროსაც, ბელგიელები რამდენჯერმე დაჯარიმდნენ. რეფერიმ მეტოქე გაასინბინა, თუმცა, საჯარიმო ლელოს ჩათვლა ვერ გადაწყვიტა და თამაშიც 17:13 დასრულდა - გამარჯვება, რომელმაც მრავალი კითხვა და უკეთესი თამაშის სურვილი დაბადა.
საქართველოს ნაკრების მომავალმა მეტოქემ პორტუგალიამ, რუმინეთს უმასპინძლა და 13:19 დამარცხდა. რუმინელთა ადრეულ ჯარიმას, მასპინძლებმა 24-ე წუთზე უპასუხეს, მაგრამ შესვენებამდე კიდევ ორი მიიღეს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი, ანგარიში 3:12 გახდა. მასპინძლებმა 63-ე წუთზე ლელო გაიტანეს, გარდასახვა გამოიყენეს, ხოლო 69-ე წუთზე ჯარიმით დაწინაურდნენ - 13:12. სტუმრებმა დასკვნითი წუთები შეტევებში გაატარეს, 75-ე წუთზე ლელო გაიტანეს, მათი გარდასახვაც ზუსტი იყო და რუმინეთმა 19:13 იმარჯვა, პორტუგალია კი, მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა.
იგებდა, მაგრამ მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა ესპანეთიც. ტაიმის 3:7 დათმობის შემდეგ, სტუმრები 9:7 დაწინაურდნენ. ესპანელებმა, ლელო-გარადასხვის წილ, ერთი ჯარიმა და ორი არეკნი გაიტანეს, მაგრამ უპირატესობა ვერ შეინარჩუნეს, დასკვნით წუთებში ორი ჯარიმა მიიღეს და 9:13 დამარცხდნენ.  

2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
2 თებერვალი. ბრიუსელი (ბელგია). “ეიზელი” (სათადარიგო)
ბელგია - საქართველო 13:17 (10:3)
ბელგია:
15. ალამ ვილიამსი, 14. ელიოტ ფან-ტრაპენი, 13. ტიბო ანდრე, 12. გიომ ბრებანი, 11. გიომ პირონი, 10. კარლოს ფიერო, 9. ჟიულიან ბერჟე; 1. ჟიულიან მასიმი, 2. ნორმან ვენდე, 3. მაქსიმ ჟადო, 4. მატიო ფერსხელდენი, 5. სირილ ნანა, 6. ტომას დე-მოლდერი, 7. ენდრიუ ნილი (კაპ.), 8. ჟულიან მორელი.
სათადარიგოები: 16. ალენ მირიალაკისი, 17. ალექსის კუფოლო, 18. რაფაელ ოლივი, 19. ბერტრან ბილი, 20. მიკა დე-მოლდერი, 21. ჩარლი ფურნო, 22. სებასტიან ჰუნსი, 23. კევინ დამსი.
მწვრთნელი: რიშარ მაკქლინთოქი (საფრანგეთი)
საქართველო: 15. ბექა წიკლაური (22. ლაშა ხმალაძე 77), 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. დავით ხინჩაგიშვილი 58), 2. შალვა მამუკაშვილი (16. რევაზ ბელქანია 58), 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (19. შალვა სუთიაშვილი 58), 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია (18. ლევან ჩილაჩავა 9).
სათადარიგოები: 20. ბექა ბიწაძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 23. გიორგი ფრუიძე.
2 ლელო: გორგოძე (47), ჩილაჩავა (65)
2 გარდასახვა: კვირიკაშვილი
1 ჯარიმა: კვირიკაშვილი
1 გაძევება: ქუბრიაშვილი
1 სინბინი: კოლელიშვილი
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
რეფერი: მატეო ლიპერინი (იტალია)
ასისტენტები: ფილიპო ბერტელი, ენრიკო ძუკი (ორივე იტალია)

რუსეთი - ესპანეთი 13:9 (7:3)
პორტუგალია - რუმინეთი 13:19 (3:9)

1.    რუმინეთი              1    1    0    0    19-13    4
2.    საქართველო          1    1    0    0    17-13    4
3.    რუსეთი                  1    1    0    0    13-9     4
4.    ესპანეთი                1    0    0    1    9-13     1
5.    ბელგია                   1    0    0    1    13-17    1
6.    პორტუგალია         1    0    0    1    13-19    1

9 თებერვალი
საქართველო - პორტუგალია
რუმინეთი - რუსეთი
ბელგია - ესპანეთი

23 თებერვალი
რუსეთი - საქართველო
ესპანეთი - რუმინეთი
პორტუგალია - ბელგია

9 მარტი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი

16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია

ზურა ქსოვრელი

ვიდეო


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.193896