ირლანდიის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა წლევანდელი ექვსი ერის სადებიუტო მატჩის პირველ ნახევარში ბრწყინვალედ ითამაშა, 2012 წლის გათამაშების გამარჯვებულ უელსთან სოლიდური უპირატესობა მოიპოვა და მასპინძელთა დიდი მცდელობის მიუხედავად, ეს უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვა.
კარდიფში გამართული მატჩის საწყისი 45 წუთი “დრაკონებმა” საშინლად ჩაატარეს და 3:30 ჩამორჩნენ, მაგრამ დარჩენილ დროში მაქსიმუმი გაიღეს და მართალია შეხვედრის გადარჩენა ვეღარ შეძლეს, მაგრამ ანგარიში მნიშვნელოვნად შეალამაზეს - 22:30. როგორც ჩანს, 27-ქულიანი უპირატესობის მოპოვების შემდეგ, ირლანდიელებმა საქმე მოთავებულად ჩათვალეს და მოეშვნენ. სტუმრები დროდადრო საუცხოო დაცვას თამაშობდნენ, მაგრამ მთელი 35 წუთის განმავლობაში საკუთარ ნახევარს თავი ვერ დააღწიეს და დასკვნითი წუთები დაძაბულობაში გაატარეს.
ვეტერანი ბრაიან ოდრისკოლის ბრწყინვალე თამაშმა და ბრილიანტის გადაცემამ საიმონ ძებოს მატჩის პირველი ლელოს გატანის საშუალება მე-10 წუთზე მისცა და ჯონათან სექსტონის გარდასახვაც უნაკლო იყო. სტუმართა უნაკლო ბოჭვებმა და სექსტონის საუცხოო ტაქტიკურმა თამაშმა, უელსელებს ტერიტორიული უპირატესობის მოპოვების საშუალება არ მისცა, მერე მასპინძლები დაჯარიმდნენ და სექსტონის დარტყმა კვლავ ზუსტი აღმოჩნდა.
24-ე წუთზე ირლანდიელებმა კონტრშეტევაზე მეორე ლელო გაიტანეს, სექსტონმა კი ზუსტი გარდასახვა დაურთო და ნახევარი საათის თავზე სტუმრები 20:0 დაწინაურდნენ.
უელსი გამოცოცხლდა და ლელოს გატანასთან ძალიან ახლოს იყო, მაგრამ ირლანდიელებმა თავი საუცხოოდ დაიცვეს და მხოლოდ ლეიგ ჰალფპენის მისცეს ჯარიმით სხვაობის შემცირების საშუალება, რაზეც ზედ შესვენების წინ სექსტონმა ასევე ჯარიმით უპასუხა და ტაიმი 23:3 დასრულდა.
სტუმრებმა მეორე ტაიმიც პირველი მსგავსად დაიწყეს და მიუხედავად იმისა, რომ ლელოს გატანის პირველი მცდელობა მასპინძლებმა ჩათვლის მოედნიდან რამდენიმე სანტიმეტრში შეაჩერეს, ბრაიან ოდრისკოლის ჭკვიანურ გარჯას ვეღარაფერი მოუხერხეს და მე-3 ლელო გავიდა, სექსტონმა კი, ტაბლოზე კატასტროფული ანგარიში დააფიქსირა - 30:3 ირლანდიის ნაკრების სასარგებლოდ.
მხოლოდ ამის შემდეგ დაიქოქა მასპინძელთა გუნდი და საოცარი სანახაობა გაჩაღდა, მაგრამ, როგორც მოგვიანებით გაირკვა, გამოფხიზლება დაგვიანებული აღმოჩნდა. უელსელი მორკინალების გეგმიურ წინსვლას ბურთის ხაზზე გატანა მოყვა, ალექს კატბერტიმ მცვლები მოძრაობაზე გაიტანა და პირველი საპასუხო ლელო გავიდა, ხოლო ჰალფპენიმ გარდასახვა გამოიყენა. ამან მასპინძლებს ფრთები შეასხა და ისინი სტუმართა ჩათვლის მოედანს მეორე ლელოს გასატანად მიეძალნენ, მაგრამ ირლანდიელებმა საოცარი სიმამაცე გამოიჩინეს და კრეიგ გილროიმ ისეთი ბოჭვა გააკეთა ჰალფპენიზე, ამ უკანასკნელს რამდენიმე წუთი დასჭირდა გონს მოსასვლელად.
მასპინძლებმა იერიშები არ შეწყვიტეს და 58-ე წუთზე რორი ბესტი რაქში გვერდიდან შესვლისთვის სინბინით დაისაჯა. “დრაკონებმა” დამატებითი სივრცე გამოიყენეს და ჰალფპენიმ კუთხეში ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვის გამოყენება რომ ვერ მოახერხა, ჩამორჩენა ორ გარდასახულ ლელოზე მეტი დარჩა - 15:30.
“აფეთქებული” უელსი დომინირებდა და უკანმოუხედავად მიიწევდა მორიგი ლელოს გასატანად, მაგრამ ირლანდიელები ჭკვიანურად იცავდნენ თავს და კონორ მიურეის სინბინამდე (69-ე წუთი), ორი-სამი გარდაუვალი სალელოვე შეტევა გააუვნებელყვეს.
რაც უფრო ცოტა დრო რჩებოდა, მასპინძლებს მატჩის გადარჩენის იმედი მით უფრო უმცირდებოდათ და კრეიგ მიჩელის ლელომ, რომელიც ვიდეორეფერიმ დაადასტურა, მათ ოცნებებს არსებობის უფლება დაუტოვა, მით უმეტეს, რომ გარდასახვაც ზუსტი იყო, მაგრამ დარჩენილ ოთხ წუთში 2 შედეგიანი შეტევის განხორციელება, აქედან ერთი აუცილებლად სალელოვესი, მაინც წარმოუდგენლად ჩანდა. მით უმეტეს, რომ დარჩენილ წუთებში ირლანდიელებმაც შეძლეს თამაშის საკუთარი 22-იდან მეტოქის ნახევარზე გადატანა და მათ სრულიად დამსახურებულად იმარჯვეს - 30:22, თუმცა, დასკვნითი 35 წუთის შემხედვარე უელსიც შეგეცოდებოდა.
პირველი ტურის პირველი დღის მეორე მატჩში, მასპინძელმა ინგლისმა შოტლანდიასთან დიდი სიამოვნება მიიღო და მომხვდური 38:18 გაანადგურა. ინგლისელები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ და ეშტონმა, ტველვტრიზმა, პერლინგმა და კერიმ 4 ლელო მიითვალეს. გულხელდაკრეფილი არც სქოთები ისხდნენ და შეხვედრის პირველი ლელო სტიუარტ ჰოგის ბრწყინვალე გარღვევის შემდეგ მეტლენდმა გაიტანა, რითაც სტუმრებმა იუენ ფარელის ჯარიმას უპასუხეს. გარელიმ ჯარიმიდან კიდევ 2 ზუსტი დარტყმა შეასრულა, კრეიგ ლეიდლუომ ერთით უპასუხა და 30-ე წუთამდე ანგარიში 9:8 იყო.
ლეიდლომ ზედ შესვენების წინ კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანა, მაგრამ მანამდე ინგლისელებმა ლელო, გარდასახვა და ჯარიმა მიითვალეს.
მეორე ნახევარი ახალი დაწყებული იყო, როდესაც იმ დღის გმირის და საერთოდ, საუკეთესო სანაკრებო მატჩის ჩამტარებელმა ფარელმა ბრწყინვალე გარღვევა წამოიწყო და ლელოთი დასრულდა, ხოლო 55-ე წუთზე მასპინძლებმა მესამედ შეაღწიეს მეტოქის ჩათვლის მოედანში და 31:11 დაწინაურდნენ.
შოტლანდიამ თავისი მეორე ლელო 70-ე წუთზე მიითვალა და ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ მასპინძლებმა ეს არ აპატიეს, ბოლოში მეოთხე ლელო მიითვალეს და 38:18 იმარჯვეს.
პირველი რაუნდის დასკვნითი მატჩი დღეს რომში გაიმართება და იტალია საფრანგეთს უმასპინძლებს. შეხვედრა თბილისის დროით 19.00 საათზე დაიწყება. შეგახსენებთ, რომ 2011 წელს რომში იტალიელებმა ფრანგებთან ისტორიაში პირველი გამარჯვება მოიპოვეს (22:21) და ახლა იგივეს გამეორებას ეცდებიან.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია