იტალიის ეროვნულმა ნაკრებმა 2013 წლის ექვსი ერის პირველი რაუნდის დასკვნით მატჩში, ტურნირის ფავორიტი საფრანგეთი ლამაზ სტილში 23:18 დაამარცხა და დიდი სენსაციის ავტორი გახდა.
ეს, ბოლო 2 წლის განმავლობაში, იტალიელთა მეორე გამარჯვებაა ფრანგებთან. 2011 წელს “სკუადრა აძურამ” რომში “მამლებს” 22:21 აჯობა, ამჯერად კი, 23:18 იმარჯვა.
ეს იყო საყურებლად ძალიან ლამაზი და დრამატული შეხვედრა. პირველიდან ბოლო წუთამდე ორივე გუნდი უმაღლეს ტემპში მოქმედებდა და მსაჯის საფინალო სასტვენამდე გაურკვეველი იყო, თუ ვის დარჩებოდა გამარჯვება.
შეხვედრა მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და ანგარიში მე-4 წუთზევე გაიხსნა. იტალიელებმა ფეხით გადაკიდებული ბურთი საკუთარ 22-თან, მარჯვენა ფლანგზე აიღეს, რთულ მდგომარეობაში მისი შენარჩუნება შეძლეს, ნელ-ნელა მოკლე დარტყმებით წინ წაიწიეს, ხაზი გაჭრეს, იერიში მარცხენა ფლანგზე გაშალეს და სერხიო პარისემ ლელო მიითვალა, ხოლო ლუჩანო ორკერამ გარდასახვა შეასრულა.
ფრანგებმა კარგად ორგანიზებული, მრავალფაზიანი შეტევით უპასუხეს და მე-11 წუთზე პიკამოლმა საპასუხო ლელო გაიტანა, მაგრამ მიშალაკმა რეალიზაცია ააცილა - 7:5.
ამის შემდეგ მთელი 15 წუთის განმავლობაში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, რომლებიც დიდებულად იცავდნენ თავს და ტაქტიკური დარტყმებით ფრანგებს საკუთარ ნახევარზე აბრუნებდნენ. ამან შედეგი მალე გამოიღო და მე-15 წუთზე ორკერამ დიდებული არეკნი, ხოლო კიდევ სამ წუთში ჯარიმა მიითვალა და უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა.
25-ე წუთის შემდეგ სტუმრები ამოქმედდნენ და სალელოვედაც შეუტიეს, მათ ჩათვლის მოედანიც გადალახეს, მაგრამ ბურთის დამიწება ვერ მოახერხეს. 5-მეტრა შერკინებას კვლავ სალელოვე შეტევა მოყვა, რომელიც მასპინძლებმა ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს და ამჯერად მიშალაკმა 3 ქულის აღება გადაწყვიტა - 13:8.
ტაიმის ბოლოს ფრანგული მანქანა დაიქოქა და ბენჯამინ ფალიმ სწრაფი იერიში ლელოთი ძელებსშუა დაასრულა. გარდასახვაც ზუსტი იყო და სტუმრები 15:13 დაწინაურდნენ.
“მამლებს” უპირატესობის გაზრდის შანსი ტაიმის ბოლოს მიეცათ, როდესაც კიდევ ერთხელ გაუჭრეს მასპინძლებს ხაზი, მაგრამ ვესლი ფოფანამ სიჩქარეში ხეირიანი გადაცემა ვერ გააკეთა და სალელოვე იერიში გამოუყენებელი დარჩა, რაც სამომავლოდ ფრანგებს ძვირი დაუჯდათ.
მე-2 ტაიმის დასაწყისი ფრანგებს ცუდს არაფერს უქადდა, მათ ბრწყინვალე დაცვა დააყენეს და 10 წუთის განმავლობაში მასპინძლებს გასაქანი არ მისცეს. 50-ე წუთზე იტალია შერკინებაში დაჯარიმდა და მიშალაკმა 45 მეტრიდან გაიტანა - 13:18. ორ წუთში იტალიელები უბურთო ფრანგს ეთამაშნენ და მიშალაკს თითქმის იმავე პოზიციიდან, საიდანაც წინა ჯარიმა გაიტანა, სხვაობის გაზრდის შანსი მიეცა, მაგრამ მის დარტყმულს ამჯერად ძალა დააკლდა.
ჩარხი უკუღმა 57-ე წუთზე დატრიალდა, როდესაც ფრანგების სწრაფი იერიში იტალიელთა 22-ში ისე შეჩერდა, რომ ბურთი წინ დავარდა და მასპინძლებმა კონტრიერიში წამოიწყეს. მათ სწრაფად, მოკლე დარტყმებით დაფარეს მანძილი, უკვე ფრანგთა ჩათვლის მოედნიდან 5-მეტრში წარმოქმნილი რაქიდან გამოტანილი ბურთი ლეანდრო კასტროჯოვანის მიუვიდა და მანაც ხაზი საბოლოოდ გაარღვია. ორკერას გარდასახვიდან მიზანმა არ უმტყუნა და იტალიელებმა ლიდერობა დაიბრუნეს, რამაც ფრანგები გაახელა, მაგრამ ახლა იტალიელთა დაცვა დადგა მაგრად.
68-ე წუთზე შეცვლაზე შესულ კრისტოფ ბარტონს არეკნის დარტყმის შესაძლებლობა მიეცა, მან ეს ილეთი უნაკლოდ შეასრულა და საკუთარი გუნდის უპირატესობა ხუთ ქულამდე გაზარდა.
დასკვნით წუთებში ტემპი კიდევ უფრო თავბრუდამხვევი გახდა და ამან ორივე მხრიდან შეცდომები გამოიწვია. არეული თამაშით ფრანგებმა იხეირეს და ბოლო წუთზე მეტოქის ჩათვლის მოედნიდან 14-15 მეტრში ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს. კარში დარტყმას აზრი რომ არ ჰქონდა, სტუმრებმა შერკინება ირჩიეს, წინ წაიწიეს, იტალიელები დაჯარიმდნენ და სინბინით დაისაჯნენ. “მამლებმა” კვლავ შერკინება ირჩიეს და თუ ამ შეტევაში კაცნაკლულ მეტოქეს ლელოს გაუტანდნენ წონასწორობას აღადგენდნენ, ხოლო გარდასახვის გამოყენებით მოგების შანსი ჰქონდათ, მაგრამ იტალიელებმა თავდადებით დაიცვეს თავი, ფლანგზე გადაწყობა მოასწრეს, მოიერიშე გვერდით ხაზს იქით გადაიყვანეს და სახელოვანი გამარჯვებით გაიხარეს.
9 თებერვალს ფრანგები უელსს უმასპინძლებენ, რომელიც ირლანდიასთან ასევე დრამატულ მატჩში 22:30 დამარცხდა და ახლა ტიტულის მოგების შანსის შესანარჩუნებლად ორივე მოგებისთვის იბრძოლებს, რაც მაყურებელს საინტერესო ბრძოლის ხილვის წინაპირობას უქმნის.
რაც შეეხება იტალიელებს, ისინი შოტლანდიას კარგ ხასიათზე ეწვევიან და თუკი გამარჯვებაც მოახერხეს, მერე ეგებ პირველად ექვს ერში მონაწილეობის ისტორიაში მე-5-ზე ზედა ადგილებისთვისაც იბრძოლონ.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია