ამბები

16:36 | 4.02.2013 | ნანახია 3777 - ჯერ

ორი ცვლილება პორტუგალიისთვის

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში, 9 თებერვალს თბილისში პორტუგალიასთან გასამართი მატჩისთვის ორი ცვლილება განხორციელდა და ორივე პირველხაზელებს შეეხო.
ერთი ცვლილება იძულების წესით მოხდა. გემახსოვრებათ, წლევანდელი ერთა თასის და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველ მატჩში, ბრიუსელში 17:13 მოგებული მატჩის დებიუტში მასპინძლებმა ჩხუბი ატეხეს და საკადრისი პასუხი მიიღეს, მაგრამ ამის გამო დავით ქუბრიაშვილი პირდაპირ წითელი ბარათით მეორე წუთზევე დაისაჯა. როგორც ასეთ დროს ხდება ხოლმე, FIRA-AER-ის სადისციპლინო კომიტეტმა ქუბრიაშვილს ათდღიანი დისკვალიფიკაცია გამოუწერა და ბუნებრივია, ის 9 თებერვალს პორტუგალიელთა წინააღმდეგ ვერ ითამაშებს. 10-დღიანი დისკვალიფიკაცია მიიღო ბელგიელმა მაქსიმ ჟადომაც, რომელიც ქუბრიაშვილთან ერთად გააძევეს.
მილტონ ჰეიგმა ქუბრიაშვილის ნაცვლად ფრანგული “კლერმონის” პირველხაზელს, საქართველოს 2010 წლის საუკეთესო სპორტსმენ დავით ზირაქაშვილს უხმო, რომელიც პირვანდელ რაზმშიც იყო გამოძხებული, მაგრამ ბელგიასთან ტრავმის გამო დაგვაკლდა, ახლა კი, ყველაფერი რიგზეა. ზირაქაშვილს 36 კეპი აქვს, ერთხელ ნაკრენს უკაპიტნა და 7 ლელო გაიტანა.
მწვრთნელის გადაწყვეტილებით, პორტუგალიელთა წინააღმდეგ არ ითამაშებს “ტულონის” მეორე პირველხაზელი ლევან ჩილაჩავაც, რომლის მაგივრად “ბორჯღალოსანთა” შეკრებაზე საფრანგეთის მეორე ელიტურ დივიზიონში მოასპარეზე “ტარბის” პირველხაზელი ირაკლი მირცხულავა გამოცხადდება. Pro D2-ის მიმდინარე სეზონში 24 წლის ქართველმა 14 თამაშში მიიღო მონაწილეობა. მისი სანაკრებო დებიუტი 2012 წელს უკრაინასთან შედგა და მერე ჩრდილოამერიკულ ტურნეში აშშ-ს წინააღმდეგ ითამაშა.
ამრიგად, საქართველოს ნაკრები მეორე რაუნდის თამაშისთვის, რომელიც თბილისში, “მიხეილ მესხზე” 9 თებერვალს 15 საათზე დაიწყება, ასეთი შემადგენლობით მოემზადება:
 

შერკინება: დავით ზირაქაშვილი, ვიქტორ კოლელიშვილი (ორივე - “კლერმონი”, საფრანგეთი), ირაკლი მირცხულავა, გიორგი ჩხაიძე (ორივე - “ტარბი”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი, ლაშა ლომიძე, მამუკა გორგოძე (ყველა - “მონპელიე”, საფრანგეთი), რეზო ბელქანია (“ლელო”), შალვა მამუკაშვილი, ბექა ბიწაძე (ორივე - “არმია”), ვახტანგ მაისურაძე (“ალბი”, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი);
უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე, ირაკლი ყიასაშვილი (ორივე - “ლელო”), მერაბ შარიქაძე (“ჰართლპული”, ინგლისი), დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”), ალექსანდრე თოდუა (“ალბი”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“მონ დე მარსანი”, საფრანგეთი), გიორგი ფრუიძე (“აია”), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი.
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.117866