ბრიუსელში ერთა თასის დებიუტანტ ბელგიასთან მოპოვებული მძიმე გამარჯვების (17:13) შემდეგ, საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, თბილისში, “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე შეიკრიბა და 9 თებერვალს პორტუგალიელების დასახვედრად მზადებას შეუდგა.
გუნდის მთავარ მწვრთნელ მილტონ ჰეიგის წინასწარ 29-კაციან რაზმში ორი ცვლილება რომაა, აქამდეც ვიუწყებოდით - დავით ზირაქაშვილმა დისკვალიფიცირებული დავით ქუბრიაშვილი, ხოლო ირაკლი მირცხულავამ გამარჯვების ლელოს ავტორი ლევან ჩილაჩავა შეცვალა. სამშაბათის ღია ვარჯიშიდან გამომდინარე, “ბორჯღალოსანთა” სასტარტო შემადგენლობაში ორი ცვლილება იქნება, ხოლო როგორც ბელგიაში გუნდის კაპიტანმა გიორგი ჩხაიძემ განაცხადა, მისი კაპიტნობა ერთჯერადი იყო და ამჯერად მოედანზე გუნდს ირაკლი მაჩხანელი გაიყვანეს, რომელსაც ბელგიელთა წინააღმდეგ ტრავმის გამო არ უთამაშია.
ვარჯიშიდან გამომდინარე, მაჩხანელი გარემარბის პოზიციაზე ალექსანდრე თოდუას შეცვლის, ხოლო შერკინების პირველ ხაზში ზირაქაშვილი ქუბრიაშვილის ნაცვლად დადგება. გამორიცხული არაა, რომ შაბათამდე გასამართმა ვარჯიშებმა გუნდში ცვლილებები კიდევ გამოიწვიოს, თუმცა, ამ ეტაპზე ასეთი სურათი გვაქვს: 15. ბექა წიკლაური, 14. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
ვარჯიშის დაწყებამდე საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი გიორგი ნიჟარაძე ნაკრების მორაგბეებს სათითაოდ მიესალმა და მიეფერა, რის შემდეგაც მილტონ ჰეიგმა გუნდი ორ ნაწილად გაყო და მორიგეობით ავარჯიშა დერეფნიდან ბურთის ხაზზე გაშლაში, შესაძლო წარმოქმნილი რაქიდან ბურთის ორ თვლაში გამოტანაზე და შედეგად, სწრაფ იერიშზე. ზემოთ ნახსენებ კომბინაციაზე რამდენიმე წუთის მუშაობის შემდეგ, მორაგბეები ფიზმომზადების მწვრთნელმა რექციაზე ამუშავა, რაც კრივის ელემენტებს შეიცავდა და ერთი შეხედვით ისე ჩანდა, ბიჭები საჩხუბრად ემზადებოდნენ.
ამას ორმხრივი თამაში მოყვა. მიუხედავად იმისა, რომ კონტაქტი მინიმუმამდე იყო დაყვანილი, ჰეიგი მაინც მკაცრი აღმოჩნდა და ერთ-ერთ ეპიზოდში კოტე მიქაუტაძე გაასინბინა. ორმხრივ თამაშში გუნდმა სწრაფი კონტრშეტევის წამოწყებასა თუ შეჩერებაზეც იმუშავა - სწორედ ბელგიელთა სწრაფი კონტრშეტევები გვიქმნიდა განსაკუთრებულ პრობლემას ბრიუსელში. ამას მოყვა რაქის სწრაფად და ორგანიზებულად გაწმენდაზე, მოლის დაყენებასა და მეტოქის მოლში ბურთის მოპოვებაზე ჩატარებული სავარჯიშოები, ბოლოს კი, კარში დარტყმებზე მერაბ კვირიკაშვილმა, ირაკლი ყიასაშვილმა და ბექა წიკლაურმა წაივარჯიშეს.
შეგახსენებთ, რომ 2013 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მეორე რაუნდში საქართველოს ნაკრები 9 თებერვალს პორტუგალიას დაუხვდება. თამაში “მიხეილ მესხზე” 15 საათზე დაიწყება, ბილეთის ფასი კი, 5 ლარია.
საქართველოს ნაკრები (გაფართოებული შემადგენლობა)
შერკინება: დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ირაკლი მირცხულავა (“ტარბი”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი), რეზო ბელქანია (“ლელო”, თბილისი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), ვახტანგ მაისურაძე (“ალბი”, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), ლაშა ლომიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), ვიქტორ კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი).
უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”, ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი), დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), ალექსანდრე თოდუა (“ალბი”, საფრანგეთი), თამაზ მჭედლიძე (“მონ დე მარსანი”, საფრანგეთი), გიორგი ფრუიძე (“აია”, ქუთაისი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია