საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების უკანახაზელმა მერაბ შარიქაძემ, ბელგიასთან გამართული მძიმე ბრძოლა, გუნდის არასათანადო თამაშთან ერთად, მატჩის იტალიელ რეფერის და მოედნის ცუდ საფარს დააბრალა.
19 წლის ახალგაზრდა, რომელმაც ნაკრების კვართი უკვე 9 შეხვედრაში მოირგო და 3 ლელოც გაიტანა, იმედოვნებს, რომ პორტუგალიასთან გუნდი უფრო სწრაფ თამაშს აჩვენებს და ნამატჩევს გულშემატკივარიც ნასიამოვნები იქნება.
მერაბ შარიქაძე: ამ სეზონში ეს ჩვენი პირველი თამაში იყო, სპორტში და გნსაკუთრებით რაგბში კი, პირველ მატჩს თან შეცდომებიც ახლავს. ამით თავს არ ვიმართლებთ, რაზეა საუბარი, უბრალოდ, ჩვენ ვერ ვაჩვენეთ ის თამაში, რასაც ვგეგმავდით. გაცვეთილი თემაა, მაგრამ რეალობაა და მაინც უნდა ვთქვა - მსაჯმა ძალიან შეგვაწუხა, ფაქტობრივად თამაშს არ გვაცლიდა. მიუხედავად ამისა, ეს ჩვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს არ ამართლებს. უბრალოდ, საუკეთესო თამაში ვერ ვაჩვენეთ.
- რას იტყვით ბელგიის ნაკრებზე?
- ქვედა დივიზიონიდან ამოსული გუნდებიდან, აქამდე მხოლოდ უკრაინის წინააღმდეგ ვითამაშე შარშან და მინდა აღვნიშნო, რომ ბელგია მასზე ორჯერ ძლიერია. კარგი ბიჭებით დაკომპლექტებული გუნდია, რომელთა უმრავლესობაც ფრანგულ კლუბებში თამაშობს, ნაწილი ესპანურებშია, რამდენიმე მოთამაშე კი, ელიტარულ კლუბშია. თუ ბელგიის გეოგრაფიულ ადგილმდებარეობას გავითვალისწინებთ, ვფიქრობ, სამომავლოდ კიდევ უფრო გაძლიერდებიან. ეს გუნდი ჩვენს ჯგუფში ბევრს გაამწარებს და იმედია, გამწარებული ჩვენ არ ვიქნებით.
- მომავალ შეხვედრას როგორი განწყობით ხვდებით?
- ახლა პორტუგალიასთან გველის თამაში და ბევრს ვმუშაობთ, რომ გულშემატკივარი გავახაროთ. 9 თებერვალს იმაზე სწრაფად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ბელგიაში და შეცდომებიც მინიმუმამდე დავიყვანოთ, რათა გულშემატკივარს სიხარული მივანიჭოთ. გამარჯვების მისაღწევად ძალებს არ დავზოგავთ. სხვათა შორის, ბელგიასთან მატჩში სწრაფი თამაშის ჩვენება მოედნის გამოც ვერ მოვახერხეთ. ფაქტობრივად, ტალახში ვითამაშეთ და დავალებების შესრულებაში ამანაც შეგვიშალა ხელი.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია