ბრიუსელში მოპოვებული მძიმე გამარჯვების შემდეგ, სამშობლოში დაბრუნებულმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა სამშაბათს “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე პირველი სრულფასოვანი ვარჯიში გამართა.
ვარჯიშის შემდეგ, გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ბელგიასთან განვლილი მატჩი შეაფასა და მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ვარჯიშიდანაც ჩანდა და მწვრთნელმაც დაადასტურა, რომ “ბორჯღალოსნები” აღებულ გეზს არ გადაუხვევენ, თამაშს გაშლიან და გამარჯვების მოპოვებას სწორედ ასე შეეცდებიან.
მილტონ ჰეიგი: “შესაძლოა, საკუთარი თავისგან მეტს მოველოდით, მაგრამ არა მგონია, მიზეზი შეუფასებლობა იყოს. ჩასვლისას ბიჭები გაკვირვებული დარჩნენ, როცა ბელგიელებში კარგ ფრანგულ გუნდებში მოთამაშე არაერთი მორაგბე აღმოაჩინეს. ამას დაემატა ცუდი ამინდი და უვარგისი მოედანი. შედეგად, თამაში გაგვიჭირდა და მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ მაინც გავიმარჯვეთ.
რაც შეეხება პორტუგალიის ნაკრებთან მატჩს, მას ახალზელანდიელი მწვრთნელი ყავს, რომელიც კარგად აზროვნებს. ამიტომ, მეტოქისგან ყველაფერს უნდა ველოდოთ და თავის დასაცავად მოვემზადოთ. შეტევაში ახალს არაფერს გავაკეთებთ. კვლავაც ვეცდებით, თამაში გავშალოთ. მთავარია, ამინდმა და პირობებმა ხელი შეგვიწყოს”.
პორტუგალიასთან რთულ მატჩს ელიან საქართველოს ნაკრების უკანახაზელი დავით კაჭარავა და შერკინების მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილი.
დავით კაჭარავა: “პორტუგალია ჩვენთვის ტრადიციულად რთული მეტოქე იყო და მით უმეტეს ახლა უფრო ძნელი მატჩი გველის, რადგან ეს შეხვედრა მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის ეგიდით ტარდება. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ პორტუგალიამ შინ რუმინეთთან წააგო, ორმაგად მოტივირებული დაგვიპირისპირდება, ამიტომ მაქსიმალურად კონცენტრირებულებმა უნდა ვითამაშოთ და მორიგი გამარჯვება მოვიპოვოთ”.
ვიქტორ კოლელიშვილი: “ორი დღეა, რაც თბილისში ჩამოვედით. ორშაბათი აღდგენით პროცედურებს დაეთმო, ახლა კი, სრული დატვირთვით ვივარჯიშეთ. ბელგიასთან თამაში არ გამოგვივიდა, იმედია, პორტუგალიასთან შეცდომებს შევამცირებთ და გამარჯვებას მოვიპოვებთ. ძალიან გვინდა, რომ სტადიონზე გულშემატკივარი მოვიდეს და აქტიურად გვიქომაგოს”.
ზურა ქსოვრელი
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია