ამბები

11:32 | 6.02.2013 | ნანახია 2100 - ჯერ

გიორგი ჩხაიძე: “პორტუგალიასთან მაჩხანელი გვიკაპიტნებს”

საქართველოს ეროვნული ნაკრების მეორეხაზელმა გიორგი ჩხაიძემ ბელგიასთან 17:13 მოგებულ მატჩში “ბორჯღალოსანთა” კვართი მესამოცედ მოირგო და გუნდს პირველად უკაპიტნა.
როგორც აღმოჩნდა, “ბინგოს” კაპიტნობა დროებითი მოვლენა იყო და 9 თებერვალს, “მიხეილ მესხზე” პორტუგალიასთან ჯახში გუნდის კაპიტანი ირაკლი მაჩხანელი იქნება, რომელმაც ბრიუსელში ტრავმის გამო ვერ ითამაშა. საგულისხმოა, რომ ჩხაიძის არ იყოს, 31 წლის მაჩხანელი პორტუგალიასთან საიუბილეო, მე-60 კეპს მოიხვეჭს და კაპიტნის რანგში გუნდს პირველად გაუძღვება. განვლილ მატჩებში ირაკლიმ 22 ლელო გაიტანა და გუნდს 110 ქულა შესძინა, რითაც მოცემული მომენტისთვის “ბორჯღალოსანთა” საუკეთესო მელელოვეა.
ჩხაიძესთან საუბარი პორტუგალიასთან მოსალოდნელი მატჩით დავიწყეთ.
გიორგი ჩხაიძე: - პორტუგალიელებთან მუდამ გვიჭირს თამაში. ისინი აგრესიულები არიან ბოჭვაში, არაფერს არ იშურებენ, მაქსიმალურად იხარჯებიან და ბოლომდე იბრძვიან. მოდი, წინასწარ მოგებაზე ნუ ვისაუბრებთ. ეს იმაზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ მოვემზადებით და როგორ წარიმართება შეხვედრა. ჩვენ ჩვენი პლიუსები უნდა გამოვიყენით და ის დავალებები ზედმიწევნით ზუსტად შევასრულოთ, რასაც მწვრთნელისგან მივიღებთ.
-    ბელგიასთან მატჩზე რას გვეტყვით?
-    ბელგიასთან თამაში იმათ დაიწყო, რომ პირველ წუთებზე პატარა უაზრობას დიდი ჩხუბი მოყვა. როგორც ჩანს, მათ მწვრთნელმა დაავალა, რომ “წამოვეკიდებინეთ”. გაუმართლათ, ოღონდ ჩვენსავით ისინიც თოთხმეტნი დარჩნენ.
მთლიანობაში, იქ ძირითადი პრობლემა იმან შექმნა, რომ ასი პროცენტით ვერ მოვემზადეთ. მასპინძლებიც მაქსიმალურად მობილიზებულები დაგვხდნენ. მათ გამოცდილი მწვრთნელი ჰყავთ და შეეცადნენ, ჩვენი თამაში ჩაეშალათ და ამაში მსაჯმაც ხელი შეუწყო. ბოლო დროს წლის პირველ თამაშში თითქმის სულ ასე გვემართება. გემახსოვრებათ, შარშან ესპანეთთან წავაგეთ და ახლაც გაგვიჭირდა. პირადად მე მიმაჩნია, რომ ბელგიასთან დავმარცხდით და გამარჯვება მასპინძლებმა მოიპოვეს.
-    ბრიუსელში თქვენ გუნდის კაპიტანი უიყავით...
-    კაპიტნობა რთული მისიაა, თანაც ამას არც ველოდებოდი. ირაკლი მაჩხანელმა ტრავმა რომ მიიღო და მაშინ გადაწყდა, რომ გუნდს მე გავუძღვებოდი. ვფიქრობ, მოვალობას თავი ნორმალურად გავართვი, ერთი ეგაა, მაინცდამაინც ის თამაში ჩაგვივარდა, სადაც მე ვიკაპიტნე (იცინის). პორტუგალიასთან კაპიტანი მე აღარ ვიქნები. ამ ფუნქციას ირაკლი მაჩხანელი შეასრულებს.

ზურა ქსოვრელი


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.137451