საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა მერაბ კვირიკაშვილმა (384 ქულა) ბელგიასთან მოგებულ მატჩში დაშვებულ რამდენიმე შეცდომაზე (მისი დარტყმული ბურთი მოედანს გასცდა ჩვენსავე ნახევარზე, მივიღეთ შერკინება) პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აიღო და მოედნის პარამეტრებით თავის მართლება არ დაუწყია.
“მეკომ” ბრიუსელში არცთუ კარგად ჩატარებული თამაშის მიზეზებზე ისაუბრა და იმედი გამოთქვა, რომ 9 თებერვალს, პორტუგალიასთან გუნდი ბევრად უკეთ იბურთავებს.
მერაბ კვირიკაშვილი: - ბელგიასთან ნაჩვენები ცუდი თამაში რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა. ჩვენი ყველაზე დიდი მინუსი ის იყო, რომ მოწინააღმდეგე სათანადოდ ვერ დავაფასეთ; მეორე - ისეთი სპეციფიკური სისტემით უნდა გვეთამაშა, კაცი რომ გაგვიგდეს, ავირიეთ და დასალაგებლად დრო დაგვჭირდა; და მესამე - პირველივე წუთებზე ამტყდარმა ჩხუბმა ისეთი გარემო შექმნა, რომ ჩვენი თამაშის ჩვენებაში ხელი შეგვეშალა. აგრესიულები გავხდით და შეტევაში ყველამ ინდივიდუალურად დავიწყეთ თამაში, რამაც თავისი გავლენა მოახდინა. მეორე ტაიმში შედარებით დავლაგდით, მაგრამ ხარვეზები მაინც მრავლად იყო.
- ისე ჩანდა, თითქოს, მოედანი ჩვეულებრივზე მოკლე იყო...
- ჩემს გაფუჭებულ რამდენიმე დარტყმას მოედნის სიმოკლეს ვერ დავაბრალებ, ვერ გავთვალე, თუმცა, პატარ-პატარა ფაქტორებს რაღაც გავლენა მაინც ჰქონდა. თუ მოედანზე ვისაუბრებთ, მთავარი პრობლემა მისი უსწორმასწორო ზედაპირი იყო.
- პორტუგალიასთან მატჩში რას უნდა ველოდოთ?
- მოგებას. მაქსიმალურად ვეცდებით, რომ ჩვენი სისტემა დავალაგოთ და დანარჩენი მოედანზე გამოჩნდება.
შალვა მამუკაშვილი: - ვერ ვიტყვი, რომ ბელგია სუსტი მეტოქე იყო. მართალია, ახლა ამოვიდა ჩვენს დივიზიონში, მაგრამ შინ თამაშობდა და რამდენიმე ფაქტორმა განაპირობა ასეთი შედეგი. 2013 წელს პირველ თამაშს ვატარებდით, გუნდი ახალი შეკრებილი იყო და იმედი მაქვს, პორტუგალიასთან ყველაფერს გამოვასწორებთ.
ზურა ქსოვრელი
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია