ამბები

20:10 | 8.02.2013 | ნანახია 7994 - ჯერ

ისტორიულ მეტოქესთან ღირსეული თამაშით 5 ქულისთვის

საქართველოსა და პორტუგალიის ეროვნული ნაკრებები აგერ უკვე მეჩვიდმეტედ ხვდებიან ერთმანეთს. “ლობუში” “ბორჯღალოსნებისთვის” უხერხული მეტოქეა და ამაზე ისიც მეტყველებს, რომ მათთან 10 მოგება, 4 მარცხის წილ 2 ფრე გვაქვს.
უხერხულობაზე საუბრისას ისიც უნდა ვთქვათ, რომ 2012 წლის ნოემბრამდე (იაპონია-ფიჯისთან მარცხამდე), თბილისში ბოლოს სწორედ პორტუგალიასთან წავაგეთ 2004 წლის თებერვალში (14:19) და მას მერეც, თბილისში ვერმოგებული მატჩი სწორედ “ლობუშზე” მოდის 2009 წლის თებერვალში, როდესაც მერაბ კვირიკაშვილმა ურთულესი გარდასახვით ანგარიში 20:20 გახადა.
მაშასადამე, პორტუგალია არის ჩვენთვის პრინციპულად რთული მეტოქე, რომელიც სახიფათოა ყველა ასპექტში და რომლის მიმართაც მაქსიმალური ყურადღება გვმართებს.
ამ ციკლის პირველ მატჩში, პორტუგალია ლისაბონში რუმინეთთან 13:19 დამარცხდა და ახლა დაკარგულის ანაზღაურებას ეცდება. ასე რომ, საქართველოს ნაკრებს, რომელიც განახლების გზაზე დგას, წარმატების მისაღწევად გვარიანი ოფლის ღვრა მოუწევს.


პრესკონფერენცია
ეროლ ბრეინი (პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი):
“რაღა თქმა უნდა, მომავალ მატჩში ფავორიტი საქართველოა, რომელიც მაღალ დონეზე მოთამაშე ლეგიონერებითაა დაკომპლექტებული. ურთულესი თამაში გველის, მაგრამ აქ წასაგებად არ ჩამოვსულვართ და ჩვენი ამოცანის შესრულებას ვეცდებით. საქართველოს ძალიან კარგი გუნდი ბოლო დროს პორტუგალიას ამარცხებდა, თუმცა, ვფიქრობ, ახლა უკეთესი სელექცია ჩავატარეთ, უეკეთესი მოსამზადებელი პერიოდი გავიარეთ და უკეთესი გუნდი გვყავს.
ჩვენებს ჟოაუ კორეია უკაპიტნებს, რომელმაც არა მხოლოდ გუნდში, არამედ ქვეყანაში აამაღლა რაგბის დონე. ის მაგალითია ყველა ახალგაზრდა მორაგბისთვის და კაპიტნის სამკლავური დაიმსახურა. ჩვენ აქ მხოლოდ გამარჯვებისთვის ჩამოვედით. ბიჭებს მხოლოდ ის ვუთხარი, რომ იყვნენ მამაცები და არ დაელოდონ იმას, თუ როდის დაჩაგრავენ ქართველები. ანუ, ჩვენს შანსს დაველოდებით შეტევაში და მათ რეალიზებას ვეცდებით”.
ჟოაუ კორეა (პორტუგალიის ნაკრების კაპიტანი): “რუმინეთთან მატჩში იმ ტემპისთვის არ აღმოვჩნდით მზად, რაც მათ პირველ ტაიმში შემოგვთავაზეს. საწყის 40 წუთში ბურთის გარეშე აღმოვჩნდით. მეორე ტაიმში გამოვფხიზლდით და წინაც გავედით, მაგრამ ჩვენი ძალისხმევა დაგვიანებული აღმოჩნდა. ვეცდებით, რომ მომავალ მატჩებში ბურთი მეტად ვაკონტროლოთ. წლეულს რუმინეთი უკეთესი გუნდია ვიდრე შარშან იყო და ზოგადად, ყველა გუნდს სხვა ამოცანა აქვს, ვიდრე შარშან ჰქონდა”.
მილტონ ჰეიგი (საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი): “ხვალინდელ თამაშში უნდა გამოჩნდეს, რეალურად როგორ მოვემზადეთ. მიმდინარე წელს საქართველოში პირველ თამაშს ვატარებთ და შინ დაბრუნებით ყველა გახარებული ვართ. პორტუგალიის ნაკრები ის გუნდია, ვისთანაც ბოლომდე თუ არ იბრძოლე, წარმატებას ვერ მიაღწევ. ვეცდებით, გაშლილი თამაში ვაჩვენოთ და წარმატებას მივაღწიოთ.
რაც შეეხება კაპიტნის თემას, ირაკლი აბუსერიძე რჩება ჩვენი გუნდის, მისი მენეჯმენტის წევრად. უბრალოდ, ჩვენ ახლა ახალგაზრდების გუნდთან შერწყმის შანსი გვეძლევა და ამ საშუალებას ვიყენებთ. ჩვენთვის იოლი იყო, აბუსერიძის შემადგენლობაში დაყენება და ამით ამ ეტაპზე შედეგის მიღება, მაგრამ მომავლისკენ ვიყურებით. აბუსერიძეს ამ ეტაპზე იმიტომ არ დავუძახეთ, რომ სხვებს მივცეთ თავის გამოჩენის შესაძლებლობა და ამან გამოიწვია მოცემულ მომენტში კაპიტნის ცვლილება...
მაჩხანელი გუნდის ლიდერია, თანაც, ის მუდამ საქართველოშია და მასთან მუდამ შემიძლია მიმდინარე მოვლენების განხილვა...
ბელგიასთან მატჩისგან განსხვებით, შემადგენლობაში რამდენიმე ცვლილებაა. ალექსანდრე თოდუას მრავლად ჰქონდა თამაშში ნაკლი და ჩავარდნა. მან ნოემბრის ტესტებშიც დაუშვა რამდენიმე კრიტიკული შეცდომა და ამიტომ ჩავანცვლეთ ის მაჩხანელით. ამავდროულად, ახალგაზრდა მჭედლიძემ კარგად იმუშავა და დაიმსახურა ადგილი ძირითადში. საერთო ჯამში მოხარული ვარ, მაჩხანელს პორტუგალიასთან თამაში რომ შეუძლია...
წიკლაურს შანსი მივეცით, კარგად მოემზადა და ბელგიასთან ითამაშა კიდეც. მას მომავალშიც ექნება შანსი, მაგრამ ამ ეტაპზე ცვლილების განხორციელება გადავწყვიტეთ. რაც შეეხება კოლელიშვილს, მან ყვრიმალი დაიზიანა და აღარ გავრისკეთ”.
ირაკლი მაჩხანელი: “აბუსერიძე რუსეთთან მატჩისთვის აუცილებლად ჩამოვა და განმარტებასაც გააკეთებს. ვფიქრობ, პორტუგალიის ნაკრები შარშანდელთან შედარებით გაძლიერდა. ბელგიასთან მატჩმა დაგვანახა, რომ ყველა მეტოქე შესაბამისად უნდა დააფასო და ამას აუცილებლად გავითვალისწინებთ. მოხარული ვარ, რომ ჩემი კაპიტნობა მრგვალ, მე-60 თამაშს დაემთხვა”.

2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
9 თებერვალი. თბილისი. მიხეილ მესხი. 15 საათი
საქართველო - პორტუგალია
საქართველო:
15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი (კაპ.), 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. რევაზ ბელქანია, 17. დავით ხინჩაგიშვილი, 18. ირაკლი მირცხულავა, 19. ვახტანგ მაისურაძე, 20. ბექა ბიწაძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. დავით კაჭარავა, 23. ირაკლი ყიასაშვილი.
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
მწვრთნელები: ილია მაისურაძე, ილია ზედგინიძე
პორტუგალია: 15. ნუნუ პენია-კოშტა, 14. ადერიტუ ეშტევეში, 13. ფრედერიკუ ოლივეირა, 12. კარლ მარი, 11. გონსალუ ფორუ, 10. პედრუ ლეალი, 9. ფრანსისკო მეგელიანში; 1. ენტონი ალვეში, 2. ჟოაუ კორეა (კაპ.), 3. ჟუან მურე, 4. დევიდ დუშ-რეიში, 5. გონსალო უვა, 6. ვაშკუ უვა, 7. ჟულიან ბარდი, 8. ჟუან სევერიანუ.
სათადარიგოები: 16. მიგელ ვილასი, 17. ჟორჟ სეგურადუ, 18. ტონი მერტინში, 19. ტიაგუ ჟირაუ, 20. რაფაელ სიმოეში, 21. ლორან ბალანგი, 22. ფრანსიშკუ აპლტონი, 23. ჟოზე ლიმა.
მთავარი მწვრთნელი: ეროლ ბრეინო (ახალი ზელანდია)


რუმინეთი - რუსეთი
ბელგია - ესპანეთი

 

1 რუმინეთი 1 1 0 0 19-13 4
2 საქართველო 1 1 0 0 17-13 4
3 რუსეთი 1 1 0 0 13-9 4
4 ესპანეთი 1 0 0 1 9-13 1
5 ბელგია 1 0 0 1 13-17 1
6 პორტუგალია 1 0 0 1 13-19  1



23 თებერვალი
რუსეთი - საქართველო
ესპანეთი - რუმინეთი
პორტუგალია - ბელგია


9 მარტი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი


16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია

ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.202011