ამბები

11:35 | 10.02.2013 | ნანახია 6480 - ჯერ

კონკურენტი ბუქარესტში გამოიკვეთა

სანამ საქართველოს ნაკრები თბილისში პორტუგალიას ამარცხებდა, ბუქარესტსა და ბრიუსელში ერთა თასის მეორე რაუნდის კიდევ ორი თამაში გაიმართა. ჩვენს განსაკუთრებულ ყურადღებას რუმინეთში გამართული თამაში იწვევდა, სადაც ქართველთა ორი უმთავრესი კონკურენტი თამაშობდა - რუმინეთი და რუსეთი.
ამავდროულად, რუსეთის ნაკრები “ბორჯღალოსანთა” უახლოესი მეტოქეცაა და მას წითელი არმიის დღეს, 23 თებერვალს სოჭში დავუპირისპირდებით. “დათვები” მომავალ თამაშს მაქსიმალურად მობილიზებულები შეხვდებიან, რადგან რუმინეთში 14:29 დამარცხდნენ და კიდევ ერთი წაგება მათ პირველ-მეორე ადგილს მკვეთრად დააშორებს.
თამაშის დღეს ბუქარესტში ძლიერი ქარი ქროდა და საგრძნობლად ციოდა. მატჩი სტუმართა აქტიურობით დაიწყო, მაგრამ რუმინელები კარგად იცავდნენ თავს და კონტრშეტევების იმედად იყვნენ. ერთ-ერთი კონტრშეტევისას მათ ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვეს და ფლორიან ვლაიკუმ მე-7 წუთზე ანგარიში გახსნა, რაზეც ექვს წუთში იგორ კლუჩნიკოვმა ასევე ზუსტი დარტყმით უპასუხა. განახლდა თუ არა თამაში, რუსებმა მორკინალებით შეუტიეს და წინ წაიწიეს, მერე ბურთი ხაზზე, საპირისპირო კიდემდე ჩაათამაშეს, სადაც დმიტრი გერასიმოვი გაიჭრა და ორი რუმინელი მცველის მცდელობის მიუხედავად, ალამთან ლელო გაიტანა. კლუჩნიკოვს რთული გარდასახვა გაუცუდდა - 3:8.
ამან მასპინძლები გამოაფხილზა და უშუალოდ ჩათვლის მოედნის სიახლოვეს შეცდომები რომ არ დაეშვათ, ლელოც აუცილებლად გავიდოდა. ტაიმის მიწურულს ვლაიკუმ ჯარიმით ჩამორჩენა ორ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ უკვე დამატებულ დროში რუსებმა ჯარიმითვე 5-ქულიანი უპირატესობა დაიბრუნეს (11:6). აღსამიშნავია, რომ მანამდე კლუჩნიკოვმა ერთი ჯარიმა ვერ გამოიყენა. მეორე ტაიმის დასაწყისი რუსებს ცუდს არაფერს უქადდა. მართალია, მის დებიუტში ვლაიკუმ ჯარიმით ჩამორჩენა კვლავ 2 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ორიოდე წუთში მასპინძელთა შერკინების შემკვრელი დანიელ კარპო სინბინით დაისაჯა, ხოლო კლუჩნიკოვმა 5-ქულიანი სტატუს ქვო აღადგინა.
როგორც შემდგმში გაირკვა, ეს “დათვების” ბოლო წარმატება იყო. მათ რიცხობრივი მეტობის გამოყენება ვერ მოახერხეს, მერე მასპინძელთა შემადგენლობა შეივსო, რუმინული მანქანა ამუშავდა და დასკვნით მეოთხედში სრულ უპირატესობას მიაღწია. მასპინძლებმა რუსები საკუთარ ჩათვლის მოედანში გამოკეტეს, ფორვარდების დარტყმებით მეტოქე დაამუშავეს, მერე ბურთი ხაზზე გავიდა და რობერტ დასკალუმ ლელოთი წონასწორობა აღადგინა, ხოლო ვლაიკუმ მასპინძლები გარდასახვით 58-ე წუთზე 16:14 დააწინაურა.
ამის შემდეგ “მუხის ფოთლები” სრულად დომინირებდნენ და დასკვნით 10 წუთში უპირატესობა ჯერ ვლაიკუს ჯარიმით გაზარდეს, ხოლო ზედ საფინალო სასტვენის წინ იმავე ვლაიკუმ გადაცემა ჩაჭრა, ლელო ძელებსშუა გაიტანა და რეალიზაციის გამოყენებაც აღარ გასჭირვებია - 29:14. რუსეთის ნაკრების სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ქართველი პირველხაზელები, ძმები გრიგოლ და ვალერი ცნობილაძეები.
საინტერესო და დაძაბული ბრძოლა შედგა ბრიუსელში, სადაც ერთა თასის დებიუტანტმა ბელგიამ ესპანეთს გამარჯვება არ დაანება - 21:21. მასპინძლებმა ანგარიში პირველივე წუთზე ჯარიმით გახსნეს, მალევე ლელო მიიღეს, თუმცა, მე-7 წუთზე ჯარიმითვე 6:5 დაწინაურდნენ. ტაიმის შუაში ბელგიელებმა საპასუხო ლელო გაიტანეს და გარდასახვაც გამოიყენეს, რაზეც ესპანელებმა შესვენებამდე ერთი ჯარიმით უპასუხეს. მეორე ტაიმის მე-10 წუთზე მასპინძლებმა მეორე ლელო გაიტანეს, მაგრამ გარდასახვა არაზუსტი იყო და უპირატესობამ 10 ქულა შეადგინა - 18:8.
ამან ესპანელები შეაფუცხუნა და 57-ე და 64-ე წუთებზე, მათ ჩამორჩენა ჯარიმებით 4 ქულამდე დაიყვანეს, ხოლო 71-ე წუთზე ლელოთი დაწინაურდნენ და გარდასახვით უპირატესობა 3 ქულამდე გაზარდეს. ახლა ბელგიამ გაიბრძოლა, 75-ე წუთზე ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და ანგარიში გაათანაბრა. აღსანიშნავია, რომ მასპინძლებს ორი ჯარიმა გაუცუდდათ და ეს რომ არა, ამ დონეზე პირველ გამარჯვებასაც იზეიმებდნენ. ნებისმიერ შემთხვევაში, პირველმა ორმა რაუნდმა აჩვენა, რომ ბელგიის სახით ერთა თასს ძლიერი გუნდი დაემატა და ის იოლად არავის დანებდება.

2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
9 თებერვალი. თბილისი. მიხეილ მესხი. 6000 მაყურებელი
საქართველო - პორტუგალია 25:12 (7:3)
რუმინეთი - რუსეთი 29:14
ბელგია - ესპანეთი 21:21

1.    რუმინეთი          2    2    0    0    48:27    8
2.    საქართველო      2    2    0    0    42:25    8
3.    რუსეთი              2    1    0    1    27:38    4
4.    ბელგია                2    0    1    1    34:38    3
5.    ესპანეთი            2    0    1    1    30:34    3
6.    პორტუგალია    2    0    0    2    25:44    1

23 თებერვალი
რუსეთი - საქართველო
ესპანეთი - რუმინეთი
პორტუგალია - ბელგია
9 მარტი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი
16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.110299