საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “ტულუზას” პირველხაზელმა ჯაბა ბრეგვაძემ ტრავმა მოიშუშა და მოედანს დაუბრუნდა. 25 წლის კვაჭი ფრანგულ გრანდში შარშან იანვარში, ტრავმირებული აქვსენტი გიორგაძის შემცვლელად გადავიდა, მაგრამ მარტის მიწურულს კისრის მალები დაიზიანა და მას შემდეგ აღარ უთამაშია.
მიუხედავად იმისა, რომ ევროპაში გაქანებული სანაკრებო თამაშების პერიოდია და წამყვან მორაგბეთა უმრავლესობა საკუთარი ქვეყნის სახელით იბრძვის, საფრანგეთის პირველ ელიტურ დივიზიონ Top 14-ში XVII რაუნდის თამაშები გაიმართა. ქართველ ლეგიონერთა უმრავლესობა ბორჯღალოიანი მაისურით თბილისში პორტუგალიას ამარცხებდა, მაგრამ ტურში რამდენიმე ქართველი მაინც გამოჩნდა და ყველაზე სასიხარულო მოედანზე ბრეგვაძის დაბრუნება იყო.
მისი და ვასილ კაკოვინის “ტულუზა” “აჟენს” ესტუმრა და 9:22 დამარცხდა, ბრეგვაძე შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა, კაკოვინი კი, ტრავმირებულია. სტუმრებმა პირველ ტაიმში მხოლოდ ორი ჯარიმა გაიტანეს, თავად ჯარიმა, ლელო და არეკნი გაუშვეს და 6:11 ჩამორჩნენ. მეორე ტაიმში “აჟენმა” ჯარიმით და ლელოთი უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, “ტულუზამ” ჯარიმით ჩამორჩენა 10 ქულამდე დაიყვანა, მაგრამ ბოლოს კიდევ ერთი ჯარიმა მიიღო. მიუხედავად მარცხისა, საფრანგეთის ჩემპიონი 54 ქულით მე-3 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის კარგ შანსს ინარჩუნებს.
ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსეს” უმასპინძლა და 44:13 გაანადგურა. ჟვანია სანაკრებო შეკრებაზე იყო, ფეიქრიშვილი თამაშში 50-ე წუთზე ჩაერთო, მაგრამ 20 წუთში ტრავმა მიიღო და შესაცვლელი გახდა. სტუმრებმა მხოლოდ საწყისი 20 წუთი გაძლეს, როდესაც ჯარიმას ჯარიმით უპასუხეს. მასპინძლები ჯარიმითვე 21-ე წუთზე დაწინაურდნენ, მერე კი, შესვენებამდე ორი ლელო გაიტანეს, ორივე გარდასახვა გამოიყენეს, შუალედში ერთი ჯარიმა გაუშვეს და შესვენებაზე 14-ქულიანი უპირატესობით გავიდნენ (20:6).
მეორე ტაიმის დასაწყისში პარიზელებმა ერთხელაც გაიბრძოლეს და ლელო-გარდასახვით ჩამორჩენა შეამცირეს, მაგრამ დასკვნით ნახევარ საათში ქულები მხოლოდ მასპინძლებმა აგროვეს, რომელთაც ჯერ არეკნი გაიტანეს, მომდევნო 10 წუთში კი, ორი ლელო მიითვალეს და გარდასახვები კვლავ ზუსტად შეასრულეს - 37:13. აქ თამაში პრაქტიკულად დასრულდა და 77-ე წუთზე გატანილმა ლელო-გარდასახვამ “კასტრის” გამარჯვება უფრო მეტად შთამბეჭდავი გახადა. “კასტრი”, რომელმაც პრემიალური ქულაც ჩაიწერა, 49 ქულით მე-5 ადგილზეა, ხოლო “სტად ფრანსე” 37 ქულით მე-9 პოზიციაზეა.
გათამაშების ლიდერი “ტულონი” “ბორდოსთან” მოულოდნელად 0:41 განადგურდა. ბორდოელთა განაცხადში არ იყო ზაზა ნავროზაშვილი. სტუმართა განაცხადში არ იყვნენ დავით ქუბრიაშვილი და კოტე მიქაუტაძე - პირველი ათდღიან დისკვალიფიკაციას იხდის, ხოლო მეორე ნაკრებთან ერთად პორტუგალიის ნაკრების წინააღმდეგ თამაშობდა. სამაგიეროდ, ძირითად შემადგენლობაში იყო ლევან ჩილაჩავა, რომელმაც შერკინების პირველ ხაზში 49 წუთი ითამაშა. მასპინძლებმა ტაიმი 20:0 მოიგეს, სულ ხუთი ლელო გაიტანეს და პრემიალური ქულაც მიიღეს. მიუხედავად გამანადგურებელი მარცხისა, “ტულონი” 61 ქულით ლიდერობას ინარჩუნებს და უახლოეს მდევარს 6 ქულით უსწრებს, “ბორდო” კი, 24 ქულით მე-12 საფეხურზეა.
“ტულონის” უახლოესი მდევარი დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონია”, რომელიც “რასინგ მეტროსთან” 6:12 დამარცხდა და მხოლოდ 1 პრემიალურ ქულას დასჯერდა. ქართველი ლეგიონერები საქართველოს ნაკრებში იყვნენ გამოძახებულნი. მასპინძლებმა გადამწყვეტი ორი ჯარიმა დასკვნით 12 წუთში გაიტანეს. “კლერმონს” 55 ქულა აქვს.
მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის “მონპელიემ” “ბიარიცი” ქართველი ლეგიონერების გარეშე 33:10 დაამარცხა. გორგოძე და ნარიაშვილი საქართველოს ნაკრებში თამაშობდნენ, ჟღენტი ტრავმირებულია. “ბიარიცი” ტაიმის ბოლოსთვის 10:6 იგებდა, მაგრამ დამატებულ წუთებზე ლელო გაიტანა, გარდასახვა გამოიყენა და 13:10 დაწინაურდა. მეორე ნახევრის დასაწყისში მასპინძლებმა უპირატესობა ორი ჯარიმით გაზარდეს, მერე კიდევ ორი ლელო გაიტანეს და საბოლოო ანგარიში დააფიქსირეს, მაგრამ პრემიალური ქულის აღება ვერ მოახერხეს (ლელოებით - 3:1). “მონპელიეს” 49 ქულა აქვს და “კასტრთან” მეოთხე-მეხუთე ადგილებს ინაწილებს.
ლიგის აუტსაიდერმა “მონ დე მარსანმა” “გრენობლს” თამაზ მჭედლიძის გარეშე უმასპინძლა და 32:14 იმარჯვა. ქართველი უაკანახაზელი საქართველოს ნაკრების მაისურით თამაშობდა. მისმა თანაგუნდელებმა სტუმრებს პირველ ტაიმში ერთის საპასუხოდ სამი ლელო გაუტანეს და 22:8 დაწინაურდნენ. “გრენობლმა” ჯარიმებით შეამცირა ჩამორჩენა, მერე ჯარიმა მასპინძლებმაც გაიტანეს, სულ ბოლოს მეოთხე ლელო მიითვალეს და რადგან მეტოქეს სამით მეტი ლელო გაუტანეს (4:1) პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. მიუხედავად ამისა, “მონ დე მარსანი” 14 ქულით კვლავაც ბოლო ადგილზეა და მთელი 10 ქულით ჩამორჩება Top 14-ში დასარჩენ ზონას.
საფრანგეთის ელიტური დივიზიონის მომდევნო ტურის თამაშები 15-16 თებერვალს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია