ამბები

21:15 | 10.02.2013 | ნანახია 2134 - ჯერ

ევროპას ინგლისი ლიდერობს

ინგლისის მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა წლევანდელი ექვსი ერის მეორე რაუნდში ირლანდია სტუმრად 12:6 დაამარცხა, ტურნირის ერთადერთ დაუმარცხებელ გუნდად დარჩა და სატურნირო ცხრილის სათავეში განმარტოვდა.
პირველი რაუნდის და მეორე რაუნდის პირველი სათამაშო დღის შემდეგ გაირკვა, რომ გათამაშების ორადორი დაუმარცხებელი გუნდი ერთპიროვნული ლიდერობისთვის ურთიერთ ჯახში იბრძოლებდა. ამ თამაშამდე ინგლისელებს ირლანდიაში 10 წელი არ ჰქონდათ გამარჯვება მოპოვებული, მაგრამ მეტოქეზე უფრო ორგანიზებულად ითამაშეს და ჯარიმების ხარჯზე 12:6 იმარჯვეს.
ინგლისი ოუემ ფარელის ორი ჯარიმით დაწინაურდა და მიუხედავად იმისა, რომ მასპინძლები ტერიტორიულ უპირატესობას ფლობდნენ, ეს უპირატესობა ტაიმის ბოლომდე შეინარჩუნეს - 6:0. მეორე ტაიმი კვლავ მასპინძელთა აქტიურობით დაიწყო და რონან ოგარამ 44-ე და 57-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით წონასწორობა აღადგინეს. ამასთან, მეორე ჯარიმისას ინგლისელები სინბინით დაისაჯნენ და ათი წუთით მოედანზე კაცნაკლულები დარჩნენ, მაგრამ სწორედ ამ დროს მიეცათ ლელოს გატანის საუკეთესო შესაძლებლობა.
ფეხით გადაკიდებულ ბურთს მანუ ტუილაგი შეყვა და ხელსაც არავინ უშლიდან, მაგრამ ის ცუდად ახტა და ინგლისელმაც მისი დამორჩილება ვეღარ მოახერხა. სამაგიეროდ, ინგლისმა ჯარიმის უპირატესობა დაიბრუნა და ფარელიმ 63-ე წუთზე სტუმრები კვლავ დააწინაურა, ხოლო 65-ე წუთზე კაცნაკლულმა გუნდმა მეორე შანსიც გამოიყენა და ანგარიში 12:6 გახდა. ამის შემდეგ ანგარიშის შეცვლა ორივე გუნდს შეეძლო, თუმცა, ამჯერად დარტყმები არაზუსტი იყო და ირლანდიელთა დიდი მცდელობის მიუხედავად მატჩიც ასე დასრულდა.
უელსის ნაკრებმა ფრანგთა წინააღმდეგობა დასკვნით 10 წუთში გატეხა და პარიზში რვამატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა. შეხვედრის ერთადერთი, გადამწყვეტი ლელო ჯორჯ ნორტმა 72-ე წუთზე გაიტანა და პარიზში შეკრებილი გულშემატკივრის უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა, ეს უფრო თავად ფრანგებისკენ მიმართული გულისწყრომა იყო, რომელთაც იტალიაში განცდილი მარცხის შემდეგ საკუთარი მოედნის ფაქტორით ვერ ისარგებლეს და 6:16 დამარცხდნენ.
პირველ ტურში განცდილი მარცხების შემდეგ, პირველ ტაიმში ორივე გუნდმა მაქსიმალურად ფრთხილი რაგბი ითამაშა. ლელოს გატანა მე-20 წუთისთვის მასპინძლებს შეეძლოთ, როდესაც ერთი შეტევისას ორჯერ გაჭრეს კარგად ხაზი და ჩათვლის მოედნამდეც ორიოდე მეტრი რჩებოდა, მაგრამ არასწორმა გადაწყვეტილებამ შანსი გამოუყენებელი დატოვა. მანამდე ფრანგები ფრედერიკ მიშალაკის ჯარიმით დაწინაურდნენ, რაზეც სტუმრებმა ლეიგ ჰალფპენის ზუსტი დარტყმით სამ წუთში უპასუხეს და ტაიმი 3:3 დასრულდა.
ჰალფპენიმ “დრაკონები” ჯარიმით მეორე ნახევრის დასაწყისში დააწინაურა და მიშალაკმა წონასწორობა ათ წუთში აღადგინა, მაგრამ დასკვნით მეოთხედში ფრანგებმა ინტენსივობა დაკარგეს და მხოლოდ შერკინების იმედად იყვნენ. შერკინებამ მათ ვეღარ უშველა, როდესაც 72-ე წუთზე ფეხით გადაკიდებული ბურთი ჯორჯ ნორტმა აიღო და მცველის მცდელობის მიუხედავად ბურთი ალამთან ისე დაამიწა, გვერდით ხაზს არ შეეხო. ჰალფპენიმ რთულ გარდასახვას ორიოდე წუთში შორეული ჯარიმა შემატა და უელსმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა - 16:6.
შოტლანდიამ და იტალიამ ურთიერთშეხვედრაში პირველი რაუნდისგან განსხვავებით საპირისპირო თამაში აჩვენეს. თუ ერთი კვირის შოტლანდიას ინგლისთან არაფერი გამოუვიდა, ხოლო იტალიამ ფრანგებს ლამაზ სტილში აჯობა, ამჯერად მასპინძლებმა “სკუადრა აძურა” ყველა კომპონენტში დაჯაბნა. საწყის 25 წუთში კრეიგ ლეიდლოუს გატანილი ჯარიმის შემდეგ, ტიმ ვიზერმა მარცხენა ფლანგზე ორი მცველი მოძრაობაში ჩამოიცილა და სქოთთა მონაგარი ლელოთი გაამდიდრა, ხოლო ლეიდლოუმ გარდასახვით ანგარიში 13:0 გახადა.
ზედ შესვენების წინ, იტალიამ ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ განახლდა თუ არა მატჩში მეტიუ სკოტმა ხაზი გაჭრა და მასპინძელთა მეორე ლელო მიითვალა. 47-ე წუთზე იტალიას უნდა გაეტანა საპასუხო ლელო და მატჩისთვის ინტრიზგა შეენარჩუნებინა, მაგრამ ლუჩანო ორკერას ბოლო პასი სტიუარტ ჰოგმა ჩაჭრა, იტალიელთა ჩათვლის მოედნამდე 90 მეტრზე მეტი ირბინა და რადგან ლეიდლოუს ორივე გარდასახვა ზუსტი იყო, ანგარიში 27:3 გახდა. 68-ე წუთზე სტუმართა მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა, რადგან სეან ლემონტმა ისინი კიდევ ერთხელ დაიჭირა კონტრშეტევაზე ბურთი ძელებსშუა დაამიწა. სულ ბოლოს ალესანდრო ძანიმ შერკინებიდან ერთი საპასუხო ლელოს გატანა მოახერხა, მაგრამ ამით მხოლოდ საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 34:10.

2013 წლის ექვსი ერი. II რაუნდი
შოტლანდია - იტალია 34:10
საფრანგეთი - უელსი 6:16
ირლანდია - ინგლისი 6:12

1.    ინგლისი              2    2    0    0    50-24    4
2.    შოტლანდია        2    1    0    1    52-48    2
3.    უელსი                  2    1    0    1    38-36    2
4.    ირლანდია           2    1    0    1    36-34    2
5.    იტალია                 2    1    0    1    33-52    2
6.    საფრანგეთი         2    0    0    2    24-39    0

III რაუნდი. 23-24 თებერვალი
იტალია - უელსი; ინგლისი - საფრანგეთი; შოტლანდია - ირლანდია

ზურა ქსოვრელი
 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.417011