სანაკრებო თამაშების პარალელურად, გასულ შაბათ-კვირას საფრანგეთის პირველი და მეორე ელიტარული დივიზიონის თამაშებიც გაიმართა. Top 14-ის შეხვედრებზე უკვე ვიუწყებოდით და ახლა Pro D2-ის რეგულარული პირველობის XX რაუნდის მატჩების დრო დადგა.
შეგახსენებთ, რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, გამარჯვებული გუნდი პირველი ელიტარული დივიზიონის საგზურს ავტომატურად იღებს, მეორე საგზურისთვის კი, მეორე-მეხუთეადგილოსნები გუნდები ერთმატჩიან პლეი ოფებში განაგრძობენ ბრძოლას. ამასთან, 16 გუნდის 2 ნაბოლარა ახალ სეზონს ფედერალ 1 დივიზიონში იწყებს.
განვლილ ტურში ქართველი ლეგიონერების 8 გუნდიდან გამარჯვება მხოლოდ ორმა მოიპოვა, მაგრამ უქულოდ არც დანარჩენი 6 დარჩენილა.
ქართველი ლეგიონერის გუნდებიდან პლეი ოფში გასვლის საუკეთესო შანსი ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკს” აქვს, რომელმაც ზედიზედ 2 თამაში კი წააგო, მაგრამ 59 ქულით მე-4 ადგილზეა.
გასულ ტურში “ორიაკი” ასევე პლეი ოფის საგზურისთვის მებრძოლ ირაკლი ნატრიაშვილის, გოდერძი შველიძისა და დავით ხინჩაგიშვილის “ბრივს” ეწვია და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა - 9:13.
არადა, სტუმრებისთვის ყველაფერი კარგად დაიწყო. პირველ ტაიმში გატანილ ორ შორეულ ჯარიმას მე-2 ნახევრის დასაწყისში მათ მესამე შემატეს და 9:0 დაწინაურდნენ.
“ბრივმა” საკუთარი ანგარიში ჯარიმითვე 50-ე წუთზე გახსნა. სტუმრები მეტოქის ჩათვლის მოედნიდან ხუთ მეტრში, შერკინებაში დაჯარიმდნენ. ეს კარლენ ასეიშვილი ჩავარდა, რომელიც შეცვლაზე 5 წუთის შესული იყო და სინბინით დაისაჯა. მასპინძლებმა მეტობით ვერ ისარგებლეს, მაგრამ დასკვნით წუთებში უპირატესობა მოიპოვეს და საფინალო სასტვენამდე 10 წუთით ადრე შეხვედრის ერთადერთი ლელო გაიტანეს.
გამეორებაზე გამოჩნდა, რომ ალამთან ბურთის დამიწებამდე შემტევს მცველმა ფეხი გვერდით ხაზს იქით გადაატანინა, მაგრამ რეფერიმ ლელო ჩათვალა და რადგან გარდასახვაც ზუსტი იყო “ბრივი” ერთი ქულით დაწინაურდა.
ორიოდე წუთში სტუმრები თამაშგარესთვის დაჯარიმდნენ, მასპინძლებმა ეს შანსიც გამოიყენეს და 13:9 იმარჯვეს.
“ბრივს” 55 ქულა დაუგროვდა, “კარკასონთან” მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს.
განვლილ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია “ბრივის” პირველხაზელ დავით ხინჩაგიშვილს, რომელიც ნაკრებში იყო გამოძახებული. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63 წუთი ითამაშა გოდერძი შველიძემ, ხოლო ირაკლი ნატრიაშვილი ბრძოლაში სწორედ 63-ე წუთიდან ჩაერთო.
“ორიაკის” შემადგენლობაში სრულად გაისარჯა ლევან დათუნაშვილი, მოედანზე 57 წუთი გაატარა გიორგი ნაცარაშვილმა, ხოლო ასეიშვილი შეცვლაზე 51-ე წუთზე შევიდა და 20 წუთი ითამაშა, რადგან 10 წუთი სინბინში გაატარა.
უშუალო კონკურენტ “კარკასონთან” სტუმრად ერთ ქულას დასჯერდა გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბი” (9:14) და 52 ქულით მე-7 ადგილზეა.
ჩხაიძე და მირცხულავა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში პორტუგალიის წინააღმდეგ თამაშობდა. კლუბის სასტარტო შემადგენლობაში იყო და მოედანზე 52 წუთი გაატარა პირველხაზელმა დადუნაშვილმა, ხოლო მეორეხაზელი ნემსაძე თამაშში 58-ე წუთიდან ჩაერთო.
სტუმრებმა პირველი ტაიმი აქაც კარგად ჩაატარეს და 3 ჯარიმით 9:0 დაწინაურდნენ, მაგრამ ზედ შესვენების წინ ერთი ჯარიმა თავადაც მიიღეს. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ჯარიმებით წონასწორობა აღადგინეს, საფინალო სასტვენამდე 4 წუთით ადრე კი, გამარჯვების ლელო გაიტანეს - 14:9. მიუხედავად ამისა, “ტარბს” საპლეიოფო ხუთეულში მოხვედრის კარგი შანსი აქვს.
ერთ-ერთ ლიდერ “ლა როშელთან” სტუმრად მცირედით დამარცხდა გურამ კავთიძის “ლიონი”, რომელიც 49 ქულით მე-8 ადგილზეა. ქართველი პირველხაზელი განაცხადში არ იყო, მისმა გუნდმა მე-4 წუთზე გატანილი ჯარიმით ტაიმი 3:0 მოიგო, მაგრამ დასკვნით 17 წუთში 3 ჯარიმა მიიღო და 3:9 დამარცხდა.
ქართველების გარეშე ჩაიარა ქართველთა გუნდების დერბიმ “ალბისა” და “მასის” შორის. ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბი” შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას “მასის” დაუხვდა და 26:19 იმარჯვა. მაისურაძე, თოდუა და სუთიაშვილი “ბორჯღალოსნების” მაისურით ირჯებოდნენ, სხვა ქართველი ლეგიონერები კი, განაცხადში არ იყვნენ.
სტუმრები დებიუტში 13:5 დაწინაურდნენ, ტაიმი 16:13 მოიგეს, მაგრამ მეორე ტაიმში გატყდნენ და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. “ალბიმ” 3 ლელო კი გაიტანა, მაგრამ თავად ერთი მიიღო და პრემიალური ქულა ვერ აიღო. შედეგად, “ალბი”, რომელსაც პლეი ოფში გასვლის პრაქტიკული შანსი უკვე დაკარგული აქვს, 43 ქულით “კოლომიესთან” მე-10-მე-11 ადგილებს იყოფს, ხოლო “მასი” 23 ქულით კვლავაც ბოლო, მე-16 საფეხურზეა.
ტარიელ რატიანიძის “დაქსმა” “ნარბონს” ქართველი პირველხაზელის გარეშე უმასპინძლა და 12:15 დამარცხდა. მასპინძელთა 4 ჯარიმის წილ, სტუმრებმა 5 გაიტანეს, აქედან ორი 54-ე და 57-ე წუთებზე და “დაქსი” მხოლოდ პრემიალურ ქულას დააჯერეს. ის 30 ქულით მე-14 ადგილზეა და ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვის.
ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” ლიგაში შენარჩუნებისთვის მებრძოლ ერთ-ერთ კონკურენტ “ექს-ან-პროვანსს” ეწვია და დაძაბულ ბრძოლაში მინიმალური სხვაობით - 14:15 დამარცხდა.
ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო, 23-ე წუთზე დაშავდა და შესაცვლელი გახდა, თუმცა, საფრანგეთის რაგბის კავშირის ინფორმაციით, ის მოედანზე 68-ე წუთზე დაბრუნდა.
სტუმრებმა ტაიმი 11:9 მოიგეს, მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში 2 ჯარიმა გაუშვეს, თავად 68-ე წუთზე ერთით უპასუხეს და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ. “ბეზიე” 26 ქულით ბოლოსწინა - მე-15 ადგილზეა.
Pro D2-ის მომდევნო ტურის მატჩები 15-17 თებერვალს გაიმართება.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია