ამბები

17:11 | 15.02.2013 | ნანახია 1378 - ჯერ

ჰეიგმა რუსეთისთვის 25 შეარჩია

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, 2013 წლის ერთა თასისა და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის მესამე მატჩისთვის მოსამზადებლად 25 მორაგბე გამოიძახა.

საბჭოთა არმიის დღეს, 23 თებერვალს, შავი ზღვისპირა ქალაქ სოჭში, “სლავა მეტრეველის” სახელობის სტადიონზე “ბორჯღალოსნები” პრინციპულ მეტოქე რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან და გამარჯვების შემთხვევაში მიზნისკენ კიდევ ერთ მძლავრ ნაბიჯს გადადგამენ. მიზანი ყველასთვის ნათელია - ერთა თასის შენარჩუნება და მსოფლიო თასზე ზედიზედ მეოთხედ მოხვედრა. შეგახსენებთ, ინგლისის საგზურს ერთა თასის ორი წლის ჯამით (2013 და 2014 წლების) ორი საუკეთესო გუნდი პირდაპირ იღებს, მესამე საგზურისთვის ბრძოლას რეპეშაჟში აგრძელებს, მაგრამ ქართველთა მიზანი შესარჩევ ეტაპზე პირველი ადგილის დაკავებაა.

წინა შეკრებისგან განსხვავებით (ბელგიასა და პორტუგალიის ნაკრებთან მატჩისთვის), ამჯერად ახალზელანდიელმა სპეციალისტმა გაფართოებული შემადგენლობა 25 კაცამდე დაიყვანა, სადაც 14 მორკინალია, ხოლო 11 უკანახაზელი და მათგან 23 სამატჩო განაცხადში მოხვდება, ანუ ორი დარჩება თამაშგარე. განვლილ ორ თამაშთან შედარებით ორი ახალი სახეა და ორივე პირველხაზელია. “ტულუზელი” ვასილ კაკოვინი მაშინ გამოძახებული კი იყო, მაგრამ გუნდს ტრავმის გამო დააკლდა, “ბრივის” კვაჭი იური ნატრიაშვილს კი, წლეულს ჰეიგმა პირველად უხმო.

უფრო დიდია იმ მორაგბეების რიცხვი, რომლებიც ნაკრებს სხვადასხვა მიზეზთა გამო ვერ დაეხმარებიან. ჯაბა ბრეგვაძემ ტრავმა ახლახანს მოიშუშა, “ტულუზას” შემადგენლობაში უკვე ითამაშა, მაგრამ მწვრთნელმა ამ ეტაპზე მისი გამოძახება მიზანშეუწონლად ჩათვალა. ტრავმირებულია გიორგი ჟღენტიც, თუმცა, მისი ნაკრებში თამაშის საკითხი კვლავაც ღიად რჩება. წინა შეკრებებისგან განსხვავებით, გამოძახებული არ არიან მესამეხაზელი ვიტო კოლელიშვილი და გარემარბი ალექსანდრე თოდუა. კვლავ ვერ მოხვდნენ შემადგენლობაში მეორეხაზელები ლევან დათუნაშვილი და გიორგი ნემსაძე.

30-კაციანი გაფართოებული შემადგენლობა დაასახელა რუსეთის ნაკრების უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა კინგსლი ჯონსმა. როგორც მოსალოდნელი იყო, “ბორჯღალოსნების” წინააღმდეგ არ ითამაშებენ პირველხაზელი ქართველი ძმები გრიგოლ და ვალერი ცნობილაძეები, რომლებიც “დათვების” მაისურით თამაშს მხოლოდ იმ პირობით დათანხმდნენ, რომ საქართველოს წინააღმდეგ მოედანზე არასდროს გავიდოდნენ. რუსებს ტრავმის გამო დააკლდებათ უკანახაზელი დენის სიმპლიკევიჩიც.

სამწუხაროდ, რაგბის ქართველი გულშემატკივარი ორი წლის წინანდელის მსგავსად სოჭიდა პირდაპირ ტელერეპორტაჟს ვერ იხილავს. შარშანწინდელისგან განსხვავებით წელს ვიდეოსტიმი იგეგმება, რაც სიტუაციას ოდნავ გაართულებს და ტელეფონით გადმოცემულ რადიორეპორტაჟს თავიდან ავიცილებთ. მთავარია სიგნალი ხარისხიანი იყოს.

 საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა

შერკინება: ვასილ კაკოვინი (“ტულუზა”, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), დავით ხინჩაგიშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), იური ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), ლაშა ლომიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი);

უკანა ხაზი: გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”, ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი), დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), თამაზ მჭედლიძე (“მონ დე მარსანი”, საფრანგეთი), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).

რუსეთის ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა: ვასილი არტემიევი (“ნორთჰემპტონი”, ინგლისი), მიხაილ ბაბაევი, ალექსანდრ ვოიტოვი, ალექსეი ვოლკოვი, იგორ კლუჩნიკოვი, სერგეი ტრიშინი, ალექსანდრ იანუშკინი (ყველა - ვვა-პოდმოსკოვიე), პაველ ბუტენკო, დიმიტრი გერასიმოვი, ინოკენტი ზიკოვი, იგორ კურაშოვი, ევგენი პრონენკო, ანდრეი ტემნოვი, ალექსეი შერბანი (ყველა – ენისეი-სტმ), ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, მაქსიმ კისილიოვი, ალექსეი მაკოვეცკი, ანდრეი ოტროკოვი, ანტონ რიაბოვი, მაქსიმ სტურზა, მაქსიმ ტიმოშუკი (ყველა - კრასნი იარი), ანდრეი იგრეცოვი (ფილი), პაველ კვერნაძე (სპარტაკი), კირილ კულემინი (“ლონდონ ველში”, ინგლისი), იური კუშნარიოვი (ყუბანი), ანდრეი პოლოვალოვი, არტიომ ფათახოვი, სერგეი იანუშკინი (სამივე - აგროუნივერსიტეტი), სერგეი სუგრობოვი (სლავა).

 

2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი

23 თებერვალი

რუსეთი - საქართველო

ესპანეთი - რუმინეთი

პორტუგალია - ბელგია

 

  1. რუმინეთი           2       2       0       0       48-27  8
  2. საქართველო       2       2       0       0       42-25  8
  3. რუსეთი               2       1       0       1       27-38  4
  4. ბელგია                2       0       1       1       34-38  3
  5. ესპანეთი             2       0       1       1       30-34  3
  6. პორტუგალია       2       0       0       2       25-44  1

 

9 მარტი

საქართველო - ესპანეთი

პორტუგალია - რუსეთი

ბელგია - რუმინეთი

16 მარტი

რუმინეთი - საქართველო

ესპანეთი - პორტუგალია

რუსეთი - ბელგია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.410452