ამბები

22:29 | 15.02.2013 | ნანახია 885 - ჯერ

ჩემპიონატი ორი ცენტრალურით განახლდება

 ამ შაბათ-კვირას ევროპის სტადიონებზე სანაკრებო შეხვედრები არ გაიმართება და არც “ბორჯღალოსნებს” უწევს ერთა თასის მორიგი მატჩის გამართვა, მაგრამ რაგბის ქართველ გულშემატკივრებს მოსაწყენად არ ეცლებათ. 16-17 თებერვალს საქართველოს XXIII ეროვნული ჩემპიონატის რეგულარული პირველობა განახლდება და ორი ცენტრალური, მეტად საინტერესო თამაში გაიმართება.

ორთვიანი საახალწლო შესვენების შემდეგ, XIII რაუნდის პირველი მატჩი 14.00 საათზე “შევარდენის” სანაკრებო ბაზაზე გაიმართება და მასში თბილისის “არმაზი” ბათუმის “ბათუმს” უმასპინძლებს. მიუხედავად იმისა, რომ ზღვისპირელები ჩემპიონატის წინ მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ, მათ პირველ წრეში სათანადო თამაში ვერ აჩვენეს, რაც შესაძლოა, შეუთამაშებლობის ბრალი იყო და წესით, ახლა უკეთესი გუნდით უნდა წარსდგნენ.

“არმაზმა” ყველა მოსაგები თამაში რომ მოიგო და შიგადაშიგ ძლიერი მეტოქეებიც წამოაქცია, პირველი წრე მე-4 საფეხურზე სრულიად დამსახურებულად დაასრულა და პლეი ოფში მოხვედრაც პრაქტიკულად გარანტირებული აქვს. თბილისელებმა სატურნირო ცხრილში მათ ქვევით მყოფი ყველა მეტოქე დაამრცხეს, ზოგიერთი უკვე ორჯერ. პირველ წრეში “არმაზმა” ბათუმში მომავალ მეტოქეს 18:13 სძლია და მომავალ მატჩშიც ფავორიტია.

მომდევნო მატჩი თბილისშივე, ოღონდ “ავჭალაზე” და 15.00 საათზე დაიწყება. ტურის ერთ-ერთ ცენტრალურ შეხვედრაში, საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი კლუბი “ლოკომოტივი” ბოლო წლებში საქართველოში ფლაგმანის პოზიციაზე დაბრუნებულ ქუთაისის “აიას” უმასპინძლებს.

“ლოკომოტივმა” მიმდინარე სეზონი არასტაბილურად დაიწყო, რაც მორაგბეთა ტრავმებით უნდა იყოს გამოწვეული. ამრიგად, ორთვიანი შესვენება მათთვის ერთგვარი გადაჯგუფების საშუალება უნდა ყოფილიყო და ეს უახლოეს თამაშებში გამოჩნდება.

არასტაბილურად დაიწყო წლევანდელი სეზონი “აიამაც”, მაგრამ მერე გუნდი ფორმაში შევიდა და მესამე ადგილსაც სამართლიანად იკავებს. მიუხედავად იმისა, რომ თბილისელები მომავალ მეტოქეს ორი ადგილით და 13 ქულით ჩამორჩებიან, ამ თამაშში ფავორიტად მაინც “ლოკომოტივი” უნდა მივიჩნიოთ.

პირველ წრეში, ქუთაისში გამართული ამ გუნდების დაპირისპირება უშეღავათო გამოდგა და განვლილ 60 მატჩში ერთადერთი ფრე დაფიქსირდა - 25:25.

განახლებულ ჩემპიონატს დიდი სიახლით ხვდება რუსთავი. 15.00 საათზე “ხარები” ახალ სტადიონზე პირველ თამაშს გამართავს და აუტსაიდერ თბილისის “ყოჩებს” დაუხვდება. ეს გუნდები ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად იბრძვიან, მაგრამ რუსთაველები ბევრად უკეთეს მდგომარეობაში არიან და ადგილობრივ გულშემატკივარსაც ახალი არენის გახსნის გამარჯვებით აღნიშვნის დიდი იმედი აქვს. ამის იმედს პირველ წრის შედეგიც იძლევა, სადაც რუსთაველებმა 27:24 იმარჯვეს. გამარჯვების შემთხვევაში “ხარებს” საპლეიოფო ექვსეულში მოხვედრის შანსი შერჩება, “ყოჩები” კი, ბოლოსწინა ადგილს ისე ჩამორჩება, რომ ფსკერიდან თავის დაღწევას ერთი მატჩის მოგება არ ეყოფა.

ტურის დანარჩენი ორი თამაში კვირას გაიმართება. “შევარდენზე” “ილიაუნი ჯიქი” “აკადემიას” ეთამაშება. დებიუტანტ “ჯიქებს” კარგი, მებრძოლი გუნდი ჰყავს, მაგრამ გამოცდილების ნაკლებობის გამო საპლეიოფო ექვსეულში ბოლო ადგილზეა და ქვედა ზონის გუნდებთან უცილობლად გამარჯვება ესაჭიროება. “აკადემიას” ბევრი პრობლემა აქვს, მაგრამ 3 გამარჯვება მაინც გაახერხა. პირველ წრეში ამ გუნდებმა სწორედ “შევარდენზე” ითამაშეს და “ჯიქებმა” დიდი ანგარიშით - 39:9 იმარჯვეს.

მეორე თამაში მართლაც რომ დიდ ინტერესს იწვევს. “ავჭალაზე”, 15.00 საათზე, ერთმანეთის პირისპირ მიმდინარე გათამაშების ორი უმთავრესი ლიდერი წარსდგება. თბილისის “ლელო” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “არმიას” მასპინძლის რანგში დაუხვდება და 12 მატჩში განცდილი ერთადერთი მარცხისთვის რევანშის აღებას ეცდება. დიახ, შემოდგომის სეზონზე ლევან მაისაშვილის შეგირდები მხოლოდ არმიელებთან დამარცხდნენ და იქაც პრემიალური ქულა აიღეს - 23:30. ერთადერთი მარცხი აქვს “არმიასაც”, მაგრამ მეტოქეზე ორით ნაკლები პრემიალური ქულა ჩაიწერა.

მომავალ ჯახს “არმია” ათმატჩიანი, ხოლო “ლელო” რვამატჩიანი მოგებათა სერიით ხვდება და რომელიღაცას (ფრის შემთხვევაში ორივეს) მისი შეწყვეტა მოუწევს. შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ სეზონის განახლებას არმიელები უფრო კარგად მომზადებული ხვდებიან. ამ გუნდმა ამჯერადაც მოახერხა წინასასეზონო შეკრების თურქეთში გავლა, რაც ქართული კლუბების უმრავლესობისთვის ჯერაც აუხდენელი ოცნებაა. იქ მათ სამი ამხანაგური თამაში გამართეს რუსულ კლუბებთან და ერთ მათგანში გამარჯვება მოიპოვეს, რუსეთის ჩემპიონ “ენისეისთან” კი, ორივე შემთხვევაში მცირედით დამარცხდნენ.

 

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XIII რაუნდი

16 თებერვალი. შაბათი

თბილისი. “შევარდენი”. 14:00

არმაზი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)

თბილისი. “ავჭალა”. 15:00

ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი)

რუსთავი. ახალი სტადიონი. 15:00

ხარები (რუსთავი) - ყოჩები (თბილისი)

17 თებერვალი. კვირა

თბილისი. “შევარდენი”. 15:00

ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - აკადემია (თბილისი)

თბილისი. “ავჭალა”. 15:00

ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი)

 

1 ლელო
12 11 0 1 353-146 52
2 არმია 12 11 0 1 312-176 50
3 აია 12 8 1 3 343-185 40
4 არმაზი 12 9 0 3 239-191 38
5 ლოკომოტივი 12 5 1 6 252-230 27
6 ჯიქები 12 5 0 7 210-222 26
7 ხარები 12 3 0 9 162-271
16
8 ბათუმი
12 3 0 9 191-297 14
9 აკადემია 12 3 0 9 111-320
14
10 ყოჩები 12 1 0 11 178-313 7

 

მომდევნო ტური. 24 თებერვალი

არმია - არმაზი, ჯიქები - ლოკომოტივი, აკადემია - ყოჩები, აია - ლელო, ბათუმი - ხარები

 

ზურა ქსოვრელი

 


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.119348