ამბები

11:39 | 16.02.2013 | ნანახია 855 - ჯერ

18-წლამდელებს ინგლისელები გამოცდიან

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრები, რომელიც ევროპის ელიტური ჩემპიონატისთვის ემზადება, დღეს 6 საათზე საკონტროლო მატჩს ინგლისურ კლუბ “ლონდონ უოსფსის” აკადემიის თანატოლებთან "შევარდენის" სანაკრებო ბაზაზე გამართავს.

ინგლისელები თბილისს 12 თებერვალს ეწვივნენ და სრულფასოვანი მზადება გაიარეს. ამავდროულად, საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, რომელმაც ელიტურ გუნდებთან თამაშის უფლება შარშან, პორტუგალიაში მიღწეული წარმატების შედეგად მოიპოვა, გაფართოებული შემადგენლობით თვეზე მეტია ემზადება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ, რომელიც ეროვნული გუნდის ერთ-ერთი მწვრთნელიცაა, 50-მდე კანდიდატიდან 32 შეარჩია და საფრანგეთში, მთავარ ტურნირზე მათგან 26 მოთამაშეს იახლებს.

აღსანიშნავია, რომ “ლონდონ უოსფსის” გარდა, “უმცროსი ბორჯღალოსნები” ინგლისურ გუნდებთან კიდევ ორ საკონტროლო თამაშს გამართავენ, ოღონდ, ამჯერად - მეტოქის მოედანზე. საქართველოს ნაკრები 10 მარტს შეკრებაზე სწორედ ინგლისში მიემგზავრება და იქ ძალებს ჰართლპულის კოლეჯის გუნდთან და ინგლისის 17-წლამდელთა ნაკრებთან მოსინჯავს.

ახლა რაც შეეხება ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატს. ის საფრანგეთის ქალაქ გრენობლში 22 მარტს დაიწყება და პლეი ოფის სისტემით გაიმართება. მეოთხედფინალში ქართველთა მეტოქე ირლანდიის ნაკრებია და გამარჯვების შემთხვევაში, “ბორჯღალოსნები” ნახევარფინალში საფრანგეთისა და იტალიის წყვილში გამარჯვებულს დაუპირისპირდებიან. კელტებთან მარცხის შემთხვევაში, V-VIII ადგილების ნახევარფინალში ქართველთა მეტოქე ზემოთმახსენებ წყვილში დამარცხებული იქნება. დანარჩენი ორი წყვილი ინგლის-პორტუგალიამ და უელს-შოტლანდიამ შეადგინეს.

აღსანიშნავია, რომ ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი ამ ფორმატით პირველად შარშან გაიმართა. მაშინ საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ინგლისთან დიდი ანგარიშით დამარცხდა, მერე იტალია კაცნაკლულმაც გატეხა და დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა, დასკვნით ჯახში კი, ასევე დაძაბულ მატჩში შოტლანდიასთან დამარცხდა და 8 გუნდში მე-6 ადგილი დაიკავა. შარშან ევროპის ჩემპიონი ინგლისის ნაკრები გახდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086899