ამბები

13:05 | 17.02.2013 | ნანახია 944 - ჯერ

18-წლამდელებმა ინგლისელები გაანადგურეს

საქართველოს 18 წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა, რომელიც ევროპის ელიტარული ჩემპიონატისთვის ემზადება, “შევარდენზე” ინგლისის პრემიერშიპის გუნდ “ლონდონ უოსპსის” აკადემიის 18-წლამდელთა გუნდთან ამხანაგური თამაში გამართა და მეტოქე 48:12 გაანადგურა.

არავინ ელოდა, რომ “უმცროსი ბოჯღალოსნები” რაგბის სამშობლოს წარმომადგენლებს ასე დაჯაბნიდნენ, მაგრამ სტადიონზე მისულმა 1500-მა მაყურებელმა ქართველთა შესრულებით საოცარი თამაში იხილა. განსაკუთრებით სასიამოვნო იყო იმის ხილვა, თუ როგორ ჯაბნიდნენ მასპინძლები მეტოქეს გაშლილ, ხელდახელ თამაშში. საქართველოს ნაკრები თამაშობდა სწრაფად, ორგანიზებულად და თითქმის უშეცდომოდ, რასაც ინგლისელებმა ბევრი ვერაფერი დაუპირისპირეს.

საქართველოს ნაკრებმა პირველივე წუთებიდან კარგად დაიწყო თამაში და ლელოთი ანგარიში გახსნა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.

ინგლისელებმა მალევე ლელოთი გვიპასუხეს, როცა ხაზი გაჭრეს და ბურთი ძელებსშუა დაამიწეს - 7:7.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრები მაინც საგრძნობ უპირატესობას ფლობდა, 9-ს სწრაფად გამოჰქონდა ბურთი რაქიდან, ხშირად იცვლებოდა შეტევის მიმართულება და ამან შედეგიც მოიტანა. “ბორჯღალოსნები” ჯერ არეკნით დაწინაურდნენ, მერე კი, მეორე ლელო გაიტანეს და 17:7 დაწინაურდნენ.

ამას საქართველოს ნაკრების შეცდომა მოყვა. მეტოქემ ფეხით მოგერიებული ბურთი დააფარა და ლელო გაიტანა, მაგრამ გარდასახვა ვერ გამოიყენა და სხვაობა 5 ქულა დარჩა.

საპასუხოდ საქართველოს ნაკრებმა ბურთი კარგად გადაიტანა აუტში, იქიდან კარგი მოლი აგორდა და მესამე ლელო გავიდა, რასაც ისევ ზუსტი გარდასახვა მოყვა - 24:12.

მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები კიდევ უფრო კარგად ათამაშდა და ლამაზი კომბინაციის შედეგად გატანილი ლელოთი ანგარიში კიდევ 7 ქულით გაზარდა. “ბორჯღალოსნები” ძალიან კარგად მოქმედებდნენ, როგორც რაქებში, ასევე გაშლილ თამაშში და ზედმეტი მონდომებისთვის სინბინითაც დავისაჯეთ, მაგრამ მეტოქეს ლელო არ გაატანინეს მერე ხელდახელ შეტევით მორიგი ლელოც გაიტანეს.

მატჩის ბოლოს საქართველოს ნაკრებმა კიდევ 2 ლელო მიითვალა და საბოლოო ანგარიში - 48:12 დაფიქსირდა.

საქართველოს ნაკრების 7 გატანილი ლელოდან 3 დევი დევსურაშვილის ანგარიშზეა. თითო-თითო ლელო მიითვალეს ბადრი ლიპარტელიანმა, გიორგი ხვისტანმა, ბესო ბარბაქაძემ და ლევან გიკაშვილმა. 4 გარდასახვა რევაზ ჯინჭველაშვილის ანგარიშზეა, ბოლო გარდასახვა კი, დავით გულიტაშვილმა შეასრულა.

10 მარტს საქართველოს ნაკრები ინგლისში მიემგზავრება, სადაც ჰართლპულის კოლეჯის გუნდთან და ინგლისის 18-წლამდელთა ნაკრებთან ორ საკონტროლო თამაშს გამართავს, მერე კი, საფრანგეთის ქალაქ გრენობლში გადაინაცვლებს და ევროპის ჩემპიონატში ჩაებმება, სადაც მეოთხედფინალში მისი მეტოქე ირლანდიის ნაკრებია.

მატჩის შემდეგ

ილია მაისურაძე (18-წლამდელთა მთავარი მწვრთნელი): “ევროპის ჩემპიონატისთვის ვემზადებით, სადაც მეტოქეები გაცილებით ძლიერი გუნდები იქნებიან და უფრო დიდი იქნება ზეწოლა. “უოსფსი” ბრიტანეთში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია და ჩვენთვის მათთან თამაში ძალიან დიდი გამოცდა იყო. სამი თვეა ამ დაცვისა და შეტევის სისტემაზე ვმუშაობთ და დღეს მან რაღაც დონეზე იმუშავა. აქვე დავინახეთ ჩვენი სუსტი და ძლიერი მხარეები. ამჟამად მზადების შუა ეტაპზე ვართ და არის იმის დრო, რომ ეს სუსტი მხარეები აღმოვფხვრათ და უფრო დამაჯერებელი გავხადოთ ჩვენი თამაში.

ინგლისში 10 მარტს ჩავალთ და 13-ში ვეთამაშებით ჰართლპულის აკადემიის გუნდს, საბოლოო გამოცდა კი, ინგლისის ნაკრებთან გვექნება. 19 მარტს უკვე გრენობლში ჩავალთ და მოვემზადებით უშუალოდ ტურნირისთვის.

ბევრს ვმუშაობთ მორაგბეების ინდივიდუალურ ტექნიკაზე, მაქსიმალურ სიჩქარეებზე სწორი პასების გაკეთებაზე, რადგან რაგბი სირბილი და ზუსტი პასია. ვმუშაობთ ბაზურ ტექნიკაზე კონტაქტის და რაქში შესვლის. ვცდილობთ ნაკრების ტაქტიკაზე ვითამაშოთ და ავითვისოთ მთელი მოედანი, მაქსიმალურად გავშალოთ იერიში და მოწინააღმდეგის დაცვაში ბზარები გავაჩინოთ. დღეს დავინახეთ, რომ ამ კუთხით გარკვეული შედეგები გვაქვს. პირველი ტაიმის მეორე ნახევრიდან ბიჭებმა დაიწყეს ამ დავალების შესრულება და ანგარიშმაც არ დააყოვნა.

პარალელურად ეროვნული ნაკრების მწვრთნელიც ვარ, მაგრამ ეს მუშაობაში ხელს არ მიშლის. უბრალოდ, მე ვიღებ მეტ დატვირთვას და ხანდახან დღეში 4 ვარჯიშის ჩატარება მიწევს. ცოტა ვიღლები, მაგრამ მთავარია საქმე გაკეთდეს და რაგბი განვითარდეს. წინასწარ ვერ ვიტყვი, რა შედეგით დავბრუნდებით საფრანგეთიდან, მაქსიმალურად ვეცდებით, რომ სამშობლოში თავაწეულები ჩამოვიდეთ”.

ზურა ამონაშვილი (18-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელი): “თამამად შემიძლია ვთქვა, რომ ბევრი სანაკრებო თამაში მიხილავს, მაგრამ დღევანდელი ნანახით მოხიბლული და სასიამოვნოდ გაოცებული ვარ. კარგი ისაა, რომ გუნდმა აჩვენა ტაქტიკურად და ტექნიკურად გამართული თამაში. ამასთან, ყველაფერი მაქსიმალურ სიჩქარეებზე კეთდებოდა და არ გავდა იმ ტიპის რაგბის, რომელსაც მიჩვეულია ქართველი მაყურებელი. მეორე ტაიმში სიჩქარეებმა კიდევ უფრო იმატა და ბიჭებმა არამარტო ტაქტიკური, არამედ ინდივიდუალური ოსტატობაც გამოავლინეს. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო 18-წლამდელთა ნაკრებს. იმ მაყურებლისთვის, ვინც ტრიბუნაზე იჯდა, ბიჭებმა დღეს პატარა სარაგბო დღესასწაული მოაწყვეს. დარწმუნებული ვარ, ევროპის ჩემპიონატზე ბიჭები ღირსეულად ითამაშებენ”.

დევი დევსურაშვილი: “მიუხედავად იმისა, რომ დიდი ანგარიშით გავიმარჯვეთ, დღევანდელმა თამაშმა ის შეცდომები დაგვანახა, რომლის აღმოფხვრაზეც აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ. პრობლემების დანახვასთან ერთად, თავდაჯერებულობა შეგვემატა. მომავალში უფრო ძლიერ გუნდებთან გვიწევს თამაში და იმედია იქაც მოვახერხებთ გამარჯვებას. ინგლისურ შეკრებაზე კიდევ ორი თამაში გვექნება და ეს ჩვენი თამაშის დახვეწაში დაგვეხმარება. დღეს მე ჩემი საქმე გავაკეთე და ლელოები გავიტანე, მაგრამ ეს არ იყო მხოლოდ ჩემი ლელოები. ეს მთელი გუნდის დამსახურებაა და ლელოები მთელ საქართველოს ეკუთვნის”.

ირაკლი სვანიძე: “თავიდან ნერვიულობის ფაქტორი იყო და ამიტომ დასაწყისი მაინცდამაინც კარგი არ გამოგვივიდა, მაგრამ მერე თავდაჯერებულობა შეგვემატა, მოვუმატეთ სისწრაფეებს, თითქმის ყოველთვის ვკვეთავდით უპირატესობის ხაზს და ამან განაპირობა დიდი ანგარიშით მოგება. ამ დონის გუნდის წინააღმდეგ პირველად ვითამაშე და მიხარია, რომ გავიმარჯვეთ. ევროპის ჩემპიონატზე კიდევ უფრო სერიოზული მეტოქეები გვეყოლება. თუ ყველაფერი კარგად გამოვა, დარწმუნებული ვარ, ირლანდიასთან მოგების შანსი გვექნება”.

ვასილ ლობჟანიძე: “დღეს შეიძლება კარგად ვითამაშე, მაგრამ ვფიქრობ, მეტის გაკეთებაც შემეძლო. დავინახეთ, რომ ძლიერი გუნდების წინააღმდეგ თანაბრად თამაში შეგვიძლია. დღეს დავძლიეთ ის შიშის ფაქტორი, რომელიც სახელოვან მეტოქეებთან თამაშისას გვქონდა. ვფიქრობ, საფრანგეთში მინიმუმ მე-5 ადგილის დაკავება შეგვიძლია. ჯერ გამოცდილება გვაკლია და ალბათ, ჩვენი მაქსიმუმი მე-3 ადგილი იქნება”.

დენ ბეთი (“უოსპსის” მთავარი მწვრთნელი): “არ გვეგონა საქართველოს ნაკრები ასეთ კარგ თამაშს თუ შემოგვთავაზებდა. ველოდით, რომ უმეტესად პრობლემებს შერკინება და მოლი შეგვიქმნიდა (როგორც ერთ-ერთი ლელო გაგვიტანეთ), მაგრამ ასეთ გაშლილი თამაში მართლაც მოულოდნელი იყო. საქართველოში სტუმრობამ დიდი გამოცდილება შეგვძინა. ესაა შესაძლებლობა თითოეული მორაგბისთვის, რათა უფრო მაღალ დონეზე ავიდეს. დღეს ბევრი შეცდომა დავუშვით და მარცხიც ამან განაპირობა. ნამდვილად არ გვეგონა ასეთი ძლიერი გუნდი თუ გყავდათ და თბილისს გამარჯვების იმედით ვეწვიეთ, მაგრამ საპირისპირო მდგომარეობაში აღმოვჩნდით. ვფიქრობ, საქართველოს ეროვნულ ნაკრები ძალიან ახლოსაა ისეთი გუნდების თამაშთან, როგორებიც შოტლანდია და იტალიის ნაკრებები არიან”.

 

 



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.124292