ამბები

17:39 | 18.02.2013 | ნანახია 768 - ჯერ

გორგოძეს სინბინი გაახსენეს

საფრანგეთის მორაგბეთა ელიტურ დივიზიონ Top 14-ის XVIII რაუნდის ცენტრალურ მატჩში ლიდერმა “ტულონმა” “მონპელიე” გაანადგურა, ეროვნული გუნდის ლიდერი მამუკა გორგოძე კი, 2013 წელს პირველად დაისაჯა სინბინით.
გორგოძის, გიორგი ჟღენტისა და მიხეილ ნარიაშვილის “მონპელიე” დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავას და კოტე მიქაუტაძის “ტულონს” ეწვია და 6:51 შერცხვა. მასპინძელთა განაცხადში მხოლოდ ჩილაჩავა იყო და შეცვლაზე 56-ე წუთიდან ითამაშა. სტუმართა შემადგენლობაში მხოლოდ გორგოძე იყო, რომელმაც გუნდს უკაპიტნა და მესამე ხაზში შეუცვლელად იბურთავა, მაგრამ 30-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო და 10 წუთი დასჯილთათვის განკუთვნილ სკამზე გაატარა.
მასპინძლები ორი ჯარიმით დაწინაურდნენ, მერე მეტოქე კონტრშეტევაზე გამოიჭირეს და ლელო გაიტანეს. მერე გუნდებმა ჯარიმები გაცვალეს, მამუკა კი, ყვითლით განზრახ ჩაჭრისთვის დაისაჯა. მეტობაში მყოფმა “ტულონმა” კიდევ ორი ჯარიმა გამოიყენა და ერთხელ “მონპელიემაც” იხეირა, მაგრამ ტაიმის ბოლოს მასპინძლებმა მეორე ლელოც მიითვალეს და 29:6 დაწინაურდნენ. მეორე ტაიმში ქულები მხოლოდ “ტულონმა” აგროვა, 51:6 იმარჯვა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ახლა მას 66 ქულა აქვს და პირველ ადფილზეა, “მონპელიე” კი, 49 ქულით მე-5 საფეხურზე რჩება.
60 ქულით მეორე ადგილზე მყოფმა, დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონმა”, თამაზ მჭედლიძის “მონ დე მარსანი” 56:3 გაანადგურა, 7 უპასუხო ლელო გაუტანა და პრემიალური ქულაც მიითვალა. მატჩში ქართველ ლეგიონერებს მონაწილეობა არ მიუღიათ. “მონ დე მარსანი” 14 ქულით ბოლო ადგილზე რჩება.
ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზა” “პერპინიანს” დაუხვდა და მოულოდნელად მარცხი განიცადა. კაკოვინი შეცვლაზე 79-ე წუთზე შევიდა და ორ წუთში მატჩის ბედის შემოტრიალება ვეღარ მოახერხა. ტულუზელები ქულებს ჯარიმებით აგროვებდნენ და სულ წინ იყვნენ, მაგრამ 70-ე წუთზე გაშვებულ ლელოს ზუსტი გარდასახვა რომ მოყვა, მინიმალური სხვაობით ჩამორჩნენ და 18:19 დამარცხდნენ. “ტულუზა” 55 ქულით მე-3 ადგილზე რჩება.
ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” “ბიარიცს” ეწვია და ისიც მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა - 9:15. ქართველმა პირველხაზელმა შეცვლაზე 56-ე წუთიდან ითამაშა. “კასტრი” პირველ ტაიმში ხშირად ჯარიმდებოდა და 28-ე წუთზე 0:12 ჩამორჩა, რის შემდეგაც მისი აღმოფხვრა ვეღარ მოახერხა. ის 50 ქულით მე-4 ადგილზეა.
ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” ზაზა ნავროზაშვილის “ბორდოს” უმასპინძლა და 30:14 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ. “სტად ფრანსე” 41 ქულით მე-9 ადგილზეა, ხოლო “ბორდო” 24 ქულით მე-12 ადგილს იკავებს. მიუხედავად სანაკრებო მატჩებისა, თოპ 14-ის მორიგი ტურის თამაშები 22-23 თებერვალს გაიმართება.



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.081561