ამბები

22:35 | 17.02.2013 | ნანახია 756 - ჯერ

“ლელომ” ჩემპიონთან ირევანშა

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატის ცენტრალურ მატჩში თბილისის “ლელომ” დაამტკიცა, რომ ლიდერად ტყუილად არ იწოდება და წლეულს მართლაც საუკეთესო გუნდია - პირველ წრეში განცდილი მარცხის საპასუხოდ არმიელებს მოუგო და სატურნირო ცხრილის სათავეში პოზიციები გაიმყარა. “ლელომ” მეტოქე დაჯაბნა ძალისმიერად და ეს უპირატესობა სათანადოდ რომ გამოეყენებინა, გამარჯვებულის გამოვლენას ბოლო წუთები აღარ დაჭირდებოდა.
თამაში ძლიერი ქარის ფონზე გაიმართა და სწორედ ამის ბრალი იყო ირაკლი ყიასაშვილმა მეტოქის ჯარიმას გასატანი პოზიციიდან რომ ვერ უპასუხა. იგივე ქარის ბრალი იყო ბახვა კობახიძის საპასუხო არეკნიც არაზუსტი რომ აღმოჩნდა, თუმცა მან 32 მეტრიდან ჯარიმა კიდევ ერთხელ შეასრულა და ტაიმი არმიელებმა 6:0 მოიგეს. შესვენებამდე არმიელებს ლელოს გატანა და მეტოქისთვის ბოლოს მოღებაც შეეძლოთ, მაგრამ გიორგი კალმახელიძეს, რომელმაც თავისუფალი ბურთი ცენტრის სიახლოვეს თავის ნახევარზე აიტაცა, სისწრაფე არ ეყო და სანდრო ნიჟარაძე დაეწია.
ტაიმის 0:6 წაგების შემდეგ “ლელო” მეორე ტაიმში გადამწყვეტ უპირატესობას დაეუფლა. გარდა შერკინებისა, სათამაშო უპირატესობაც მოიპოვა და ყიასაშვილმა ჯარიმით ჩამორჩენა შეამცირა - 3:6. ლელოელებმა კიდევ ერთი კარგი შეტევა განახორციელეს და გიორგი კაჭარავას კარგი გარღვევის შემდეგ რევაზ ბელქანიამ ხაზი გაჭრა, მაგრამ ბოჭვისას მას ირაკლი ყიასაშვილზე წინპასი გამოუვიდა და ლელო არ შედგა, თუმცა, ჯარიმის უპირატესობის რეალიზება მოხერხდა და ანგარიში გათანაბრდა - 6:6.
“ლელო” არც ამის შემდეგ მოეშვა და ტაიმის შუაში ცენტრიდან გატანილი ჯარიმით დაწინაურდა. მერე ამ გუნდმა უპირატესობა რომ იგრძნო ლელოს გატანაზე და მეტოქისთვის ბოლოს მოღებაზე იზრუნა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. საპასუხოდ “არმიამაც” ლელოზე ითამაშა და არც ეს გადაწყვეტილება აღმოჩნდა სწორი. ანგარიშის შეცვლა თამაშის დასრულებამდე 10 წუთით ადრე ყიასაშვილს შეეძლო და თითქმის ცენტრიდან ჯარიმა ააცილა, რომელსაც ორიოდე წუთში არეკნიც გაუცუდდა.
სამაგიეროდ, “ლელომ” მეტოქის შეცდომით ისარგებლა, როდესაც მას საკუთარ 22-ში ფეხით გადაკიდებული ბურთი დაუვარდა, იერიში ხელით ფლანგზე გაშალა და ცერცვაძემ ლელო გაიტანა, ხოლო ყიასაშვილმა გარდასახვა შეასრულა.
განახლდა თამაში და უკვე თხილაიშვილმა გაკვეთა მარჯვენა ფლანგზე დაცვის ხაზი და გარდასახვამ ჩამორჩენა კვლავ სამ ქულამდე დაიყვანა, მაგრამ დარჩენილი წამები სიტუაციის შესაცვლელად საკმარისი არ აღმოჩნდა და ლიდერმა “ლელომ” ჩემპიონ “არმიასთან” პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო, რითაც ლიდერობაც გაიმყარა.  

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XIII რაუნდი
16 თებერვალი. შაბათი
თბილისი. “ავჭალა”. 300 მაყურებელი

ლოკომოტივი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 13:13 (7:10)
თბილისი. “შევარდენი”.
არმაზი (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 23:16
რუსთავი. ახალი სტადიონი.
ხარები (რუსთავი) - ყოჩები (თბილისი) 29:16
17 თებერვალი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”.

ილიაუნი ჯიქი (თბილისი) - აკადემია (თბილისი) 32:0
თბილისი. “ავჭალა”. 15:00
ლელო (თბილისი) - არმია (თბილისი) 19:16 (0:6)
ლელო (ძირითადი შემადგენლობა):
 15. ყიასაშვილი, 14. გუგავა, 13. კოპაძე, 12. ცერცვაძე, 11. ნიჟარაძე, 10. ხმალაძე, 9. კაჭარავა; 1. გოგიშვილი, 2. ბელქანია, 3. პატარაია, 4. ჭეიშვილი, 5. ქოიავა, 6. დარასელია, 7.სურგულაძე, 8. ჭყოიძე,
არმია (ძირითადი შემადგენლობა): 15. კობახიძე, 14. გოგოლაშვილი, 13. ჯიმშელაძე, 12. ჩხიკვაძე, 11. გაბროშვილი, 10. ნინიძე, 9. ჯინაშვილი; 1. კაკოვინი, 2 მამუკაშვილი, 3. გურგენიძე, 4. ბიწაძე, 5. სურგულაძე, 6. თხილაიშვილი, 7. კალმახელიძე, 8. ბუჯიაშვილი.

 

1 ლელო 13 12 0 1 372-162 56
2 არმია 13 11 0 2 328-195 51
3 აია 13 8 2 3 356-198 42
4 არმაზი 13 10 0 3 262-207 42
5 ჯიქები 13 6 0 7 242-222 31
6 ლოკომოტივი 13 5 2 6 265-243 29
7 ხარები 13 4 0 9 191-287 20
8 ბათუმი 13 3 0 10 207-320 15
9 აკადემია 13 3 0 10 111-352 14
10 ყოჩები 13 1 0 12 194-342 7


მომდევნო ტური. 24 თებერვალი
არმია - არმაზი, ჯიქები - ლოკომოტივი, აკადემია - ყოჩები, აია - ლელო, ბათუმი - ხარები



ზურა ქსოვრელი


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.17018