საქართველოსა და რუსეთის მორაგბეთა ეროვნული ნაკრებების მთავარმა მწვრთნელებმა იმ მორაგბეთა გვარები დაასახელეს, რომლებსაც 23 თებერვალს გასამართ ერთა თასის მატჩში დაეყრდნობიან.
შეგახსენებთ, საბჭოთა არმიის დღეს, რუსეთის შავიზღვისპირა ქალაქ სოჭში “დათვები” “ბორჯღალოსნებს” უმასპინძლებენ და ეს ჯახი ერთა თასის გარდა 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპისაცაა. ამრიგად, მის შედეგს ორმაგი ფასი აქვს და წმინდა სპორტული თვალსაზრისიც რომ არ იყოს, რუსეთ-საქართველოს დაპირისპირება ხომ მიზეზთა გამო მუდამ განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ ექცევა.
როდესაც საქმე სარაგბო დაპირისპირებას ეხება, მაშინ ქართველი გულშემატკივარი შედარებით მშვიდადაა და ამის საბაბი “ბორჯღალოსანთა” მთელმა პლეადამ გაგვიჩინა. აგერ უკვე 17 წელია, რუსებისთვის საქართველო სპორტის იმ სახეობაში, რომელსაც “ომის იდეალურ განსახიერებას” ეძახიან დაუძლეველ ბარიერად რჩებიან. თუკი თავიდან ეს გამარჯვება დიდი ბრძოლის და ძალისხმევის ხარჯზე მოდიოდა, ბოლო პერიოდში სიტუაცია შეიცვალა და არარუსულ მიწაზე ქართველთა უპირატესობა უფრო და უფრო თვალსაჩინო ხდება.
1993 წელს განცდილი ერთადერთი მარცხის შემდეგ, ეს გუნდები კიდევ 15-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და 14 შემთხვევაში გამარჯვება “ბორჯღალოსნებს” დარჩათ, ხოლო ერთი ჯახი ფრედ დასრულდა (2002 წელს). ამასთან, 2010 წელს ტრაბზონში დაფიქსირებული სარეკორდო სხვაობა (36:8), შარშან კიდევ თბილისში კიდევ უფრო გაიზარდა (46:0), მაგრამ ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ 23 თებერვალს იოლი გასეირნება გველის. როგორც წესი, საკუთარ მიწაზე რუსები თავიანთთვის უსიამოვნო ტრადიციის დასარღვევად ძალ-ღონეს არ იშურებენ და შარშანწინ იმავე სოჭში მათი გატეხა ბოლოსღა მოხერხდა - 15:9.
ყველა დარწმუნებულია, რომ იოლი თამაში არც ახლა იქნება, მით უმეტეს, რომ წელს რუსები ესპანეთთან მძიმე გამარჯვების (სოჭში 13:9) შემდეგ, ორი კვირის წინ რუმინეთთან შერცხვნენ (14:29) და სატურნირო თვალსაზრისით ახლა მომავალ დაპირისპირებას მათთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. “დათვებმა” 2011 წელს უკვე დააჭაშნიკეს მსოფლიო თასზე გამოსვლის გემო და ახლა იგივეს გამეორება სურთ, ამისათვის კი, სწორედ რუმინეთთან და საქართველოსთან მართებთ სრული მობილიზება და შედეგის ჩვენება.
ამასთან, მათ იმედი აქვთ, რომ 17 წლიანი უსიამოვნო ტრადიცია ოდესმე დასრულდება და შანსის გამოყენებას უწინარესად საკუთარ (მითვისებულ) მიწაზე ეცდებიან, მაგრამ მაინც ფრთხილობენ და შარშანწინდელის მსგავსად ტელერეპორტაჟზე და საქვეყნოდ თავის მოჭრაზე უარს არიან. სამაგიეროდ, სარაგბო თემი უკან არ იხევს და როგორც რუსული, ასევე ქართული მხარე, საკუთარი სტრიმის მოწყობას გეგმავს, რომელთა ხილვაც იმ ადამიანებს, ვისაც ინტერნეტთან ხელი მიუწვდება შემდეგ მისამართზე შეუძლია - http://www.sochiinfocom.ru/. სავარაუდოდ, მოგვიანებით გახდება ცნობილი ქართული სთრიმის ინტერნეტ-მისამართიც.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, იმ შემადგენლობაში, რომელმაც ორი კვირის წინ პორტუგალია 25:12 დაამარცხა რამდენიმე ცვლილება განახორციელა. შერკინების პირველ ხაზში გამოჩნდა კვაჭი იური ნატრიაშვილი, რომელსაც ზელანდიელმა ნაკრებში წლეულს პირველად უხმო. შესაბამისად, შალვა მამუკაშვილმა სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა. სათადარიგოთა შორის გამოჩნდნენ “ტულუზას” პირველხაზელი ვასილ კაკოვინი, რომელმაც წინა ორი მატჩი ტრავმის გამო გამოტოვა და “ტულონელი” დავით ქუბრიაშვილი, რომელსაც ბელგიელი შემოელახა და დისკვალიფიკაცია მოიხადა. შეგახსენებთ, შარშან რუსეთის ნაკრების უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა კინგსლი ჯონსმა ქუბრიაშვილზე თქვა - ის ხუთი საუკეთესო 3 ნომრიდან ერთ-ერთიაო.
მეორე-მესამე ხაზი ისეთივე იქნება, როგორიც პორტუგალიასთან მატჩში იყო. აქ სიახლეები მხოლოდ სათადარიგოთა შორისაა, სადაც ვახტანგ მაისურაძისა და ბექა ბიწაძის ნაცვლად ახალგაზრდა ლაშა ლომიძე და ვიტო კოლელიშვილი გამოჩნდნენ. ვიტოს ყვრიმალი აქვს გაბზარული და პორტუგალიასთან ამის გამო ვერ ითამაშა. წესით, ის განაცხადში კვლავაც არ უნდა ყოფილიყო, მაგრამ კოლელიშვილმა პრინციპული მეტოქის წინააღმდეგ თამაში მაინც გადაწყვიტა. ცვლილებები არაა უკანა ხაზშიც. ახლაც 10 ნომრიანი კვართით მერაბ კვირიკაშვილი, ხოლო 15-ით ლაშა ხმალაძე ითამაშებენ, მაგრამ, ორი კვირის წინანდელის მსგავსად რეალურად პოზიციებს გაცვლიან. სათადარიგოთა შორის ირაკლი ყიასაშვილის ნაცვლად ამჯერად ბექა წიკლაური მოხვდა.
საქართველოს ნაკრები სოჭში ჩარტერული რეისით ხვალ მიემგზავრება. მათ რუსეთის ნაკრები მნიშვნელოვნად სახეცვლილი დახვდება. ქართველმა ძმებმა ვალერი და გრიგოლ ცნობილაძეებმა საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ თამაში იუარეს. სხვათა შორის, პაველ კვერნაძე ერთადერთია წარმოშობით იმ ქართველთა შორის, რომელმაც “ბორჯღალოსანთა” წინააღმდეგ უკვე ითამაშა და ახლაც განაცხადშია.
2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
23 თებერვალი
რუსეთი. სოჭი. 15:00 (თბილისის დროით)
რუსეთი - საქართველო
რუსეთი: 15. იგორ კლუჩნიკოვი (ვვა-პოდმოსკოვიე), 14. ვასილი არტემიევი (ნორთჰემპტონი, ინგლისი), 13. დიმიტრი გერასიმოვი (ენისეი-სტმ), 12. ალექსეი მაკოვეცკი (კრასნი იარი), 11. მიხაილ ბაბაევი (ვვა-პოდმოსკოვიე), 10. სერგეი იანუშკინი (აგროუნივერსიტეტი), 9. ალექსანდრ იანუშკინი (ვვა-პოდმოსკოვიე); 1. ალექსეი ვოლკოვი (ვვა-პოდმოსკოვიე), 2. მაქსიმ ტიმოშუკი (კრასნი იარი), 3. ანდრეი იგრეცოვი (ფილი), 4. ალექსანდრ ვოიტოვი (ვვა-პოდმოსკოვიე - კაპ.), 5. კირილ კულემინი (“ლონდონ ველში”, ინგლისი), 6. ანდრეი ტემნოვი (ენისეი-სტმ), 7. პაველ ბუტენკო (ენისეი-სტმ), 8. ვიქტორ გრესევი (კრასნი იარი).
სათადარიგოები: 16. ანდრეი პოლივალოვი (აგროუნივერსიტეტი), 17. ევგენი პრონენკო (ენისეი-სტმ), 18. ინოკენტი ზიკოვი (ენისეი-სტმ), 19. პაველ კვერნაძე (სპარტაკი), 20. არტიომ ფათახოვი (აგროუნივერსიტეტი), 21. ალექსეი შერბანი (ენისეი-სტმ), 22. სერგეი სუგრობოვი (სლავა), 23. სერგეი ტრიშინი (ვვა-პოდმოსკოვიე).
მთავარი მწვრთნელი: კინგსლი ჯონსი (უელსი)
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), 14. თამაზ მჭედლიძე (“მონ დე მარსანი”, საფრანგეთი), 13. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), 12. მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი), 11. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი - კაპ.), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი), 9. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”, ბათუმი); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი), 2. იური ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 4. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), 6. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), 17. ვასილ კაკოვინი (“ტულუზა”, საფრანგეთი), 18. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), 19. ლაშა ლომიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 20. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), 22. დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი), 23. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ესპანეთი - რუმინეთი
პორტუგალია - ბელგია
1. რუმინეთი 2 2 0 0 48-27 8
2. საქართველო 2 2 0 0 42-25 8
3. რუსეთი 2 1 0 1 27-38 4
4. ბელგია 2 0 1 1 34-38 3
5. ესპანეთი 2 0 1 1 30-34 3
6. პორტუგალია 2 0 0 2 25-44 1
9 მარტი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი
16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია