ცოტა ხნის წინ საქართველოს “ლონდონ უოსპსის” აკადემიის 18-წლამდელთა გუნდი სტუმრობდა, რომელიც ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ეტაპზე მყოფმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა 48:12 გაანადგურა.
მიუხედავად შემარცხვენელი მარცხისა, ინგლისელებმა სარაგბო ტრადიციას არ უღალატეს, შინ დაბრუნებულებმა ქართველებზე თბილი მოგონება გაიყოლეს და ადგილობრივ პრესაში საქართველოში ვიზიტის შესახებ სტატიაც გამოაქვეყნეს, რომელსაც “საერთაშორისო რაგბი საქართველოში” დაარქვეს:
“მცირეოდენი ხნის წინ, “უოსფსის” აკადემიისა და ჰენლი კოლეჯის გუნდი საქართველოში იმყოფებოდა, სადაც ადგილობრივ 18-წლამდელთა ნაკრებთან ამხანაგური შეხვედრა გამართა. აღსანიშნავია, რომ ქართველი თანატოლები წარმოადგენდენ პირველ საერთაშორისო გუნდს, რომელსაც სტუმრები თავიანთ ასაკობრივ ჯუფში ეთამაშნენ. მასპინძლებმა ჩვენთან თამაში იმიტომ გადაწყვიტეს, რომ ჩვენი აკადემია განთქმულია ისეთი მოთამაშეების აღზრდით, რომლებიც შემდგომში ინგლისის ნაკრებში და ინგლისის პირველობის საუკეთესო გუნდებში ხვდებიან.
ქართველთათვის გასული თამაში ასაკობრივ ევროპის ჩემპიონატის მეოთხედფინალში, ირლანდიასთან მომავალი დაპირისპირებისათვის მოსამზადებელ მატჩს წარმოადგენდა.
მოთამაშეები და მწვრთნელები საქართველოს დედაქალაქ თბილისში ჩაფრინდნენ, სადაც მათ საქართველოს ეროვნული სარაგბო აკადემიის მენეჯერ დონ კასკისთან ერთად, ქართული ტელევიზიაც დახვდათ. აღსანიშნავია, რომ ბაზები, რომლებიც ქართველებმა ვარჯიშებისთვის დაგვითმეს, უმაღლესი დონისა იყო და ბევრად უკეთესიც კი, ვიდრე ინგლისის პირველობის რიგი კლუბების ბაზებია. ჩვენდა გასაოცრად, ადგილობრივები საკმაოდ კარგად გათვითცნობიერებულნი იყვნენ ზოგადად რაგბში და საკმაოდ ბევრი რამ იცოდნენ “უოსფსის” შესახებ.
თამაშს დიდი ყურადღება დაეთმო ქართულ მედიაში. მატჩის დღის მოახლოებასთან ერთად, იზრდებოდა ადგილობრივ გულშემატკივართა მღელვარებაც, ვინაიდან მათ აინტერესებდათ, თუ რამდენად კარგი გუნდი ჰყავდათ და როგორც მოგვიანებით გაირკვა, მართლაც საუკეთესო გუნდი ჰყავთ.
თამაში ცოცხლად დაიწყო. მასპინძლების ფიზიკური სიძლიერე, სტუმრებისთვის სიურპრიზს არ წარმოადგენდა, ვინაიდან ქართველები საქვეყნოდ ცნობილი არიან ძლიერი წინახაზელებით, რაც რიგ შემთხვევებში მოწინააღმდეგეს შიშის ზარს სცემს, მაგრამ ჩვენ უფრო უკანახაზელების უმწიკლო თამაშმა გაგვაოცა. სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ მთლიანობაში, ქართველთა გუნდმა თამაშის ძირითადი უნარების უმაღლეს დონოზე ცოდნა გამოავლინა.
პირველი ტაიმის ბოლომდე, მატჩი თანაბარ ბრძოლაში მიმდინარეობდა, მერე კი, მათ იდეალურად შესრულებული ლელო დადეს ბრწყინვალე 10-მა ნომერმა რევაზ ჯინჭველაშვილმა გარდასახვაც გამოიყენა. კარგად დაიხსომეთ ეს სახელი! იგი მაღალი კლასის მოთამაშეა დიდწილად განაპირობა საკუთარი გუნდის წარმატება. თამაშის განახლების შემდეგ, ქართელებმა კიდევ ერთი ლელოს შეტანა მოახერხეს. ეს უკვე წაგებული თამაშის დასასრული იყო, მაგრამ ჩვენი ბიჭები ამ სიტუაციაშიც არ გატყდნენ და მოედნის თითოეული ნაგლეჯისთვის ისე იბრძოდნენ, თითქოს ამაზე იყო მათი სიცოცხლე დამოკიდებული; მსაჯის ფინალურ სასტვენამდე ისინი არ ერიდებოდნენ კონტაქტებს, ბოჭავდნენ მოწინააღმდეგეს და ბოლომდე თავდადებით ირჯებოდნენ. ბიჭები ნამდვილად უნდა ამაყობდნენ თავიანთი დაუზოგავი ძალისხმევის გამო! როგორც თამაშის შემდგომ “უოსფსის” შერკინების ლიდერმა, 8 ნომერმა ჯორჯ ჰეისმა განაცხადა - “ჩემი აზრით, ორივე გუნდს საკმაოდ ძლიერი შერკინება გვყავდა. ჩვენი მორკინალები ბოლომდე უწევდნენ წინააღმდეგობას ქართველთა შესანიშნავ შერკინებას”.
ქართველთა გუნდის ბრწყინვალე თამაში, მათი მთავარი მწვრთნელის - ილია მაისურაძის, მწვრთნელების - ზურაბ ამონაშვილისა და ირაკლი ჭყონიას დამსახურებაა, რომლებმაც გასაოცარი ჯაფა გასწიეს და ასე კარგად მოამზადეს ბიჭები. მთელი გუნდი, 30-ზე მეტი მოთამაშე იდეალურ სათამაშო ფორმაშია. მატჩის შემდეგ ორივე გუნდის საპატივცემულოდ საუცხოო ბანკეტი გაიმართა, სადაც საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა გიორგი ნიჟარაძემ და საერთაშორისო ურთიერთობათა კომიტეტის ხელმძღვანელმა ლაშა ხურციძემ გვიმასპინძლეს. როგორც ბანკეტის შემდგომ, “უოსფსის” კაპიტანმა ჯეიკ ელიასმა განაცხადა - ეს იყო ყველაზე მეგობრული პოსტსამატჩო ატმოსფერო, რომელიც კი მას ოდესმე უნახავს.
“ლონდონ უოსფსის” აკადემიის გუნდის მენეჯერმა მართინ ანსვოთმა და მწვრთნელმა დენი ბეთიმ, საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობასთან ისაუბრეს მათ აკადემიისა და საქართველოს ეროვნული სარაგბო აკადემიას შორის უფრო მჭიდრო კავშირების ჩამოყალიბების პერსპექტივაზე”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია