საქართველოს მორაგბეთა 7-კაცა ნაკრები, ამა წლის 22-24 მარტს მსოფლიო სერიის ჰონკონგის ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას და 2013/2014 წლების სერიებზე მუდმივი მონაწილის სტატუსის მიღებას ეცდება.
მოგეხსენებათ, მსოფლიოში ყოველწლიურად იმართება 7-კაცა რაგბში მსოფლიო სერიები, რომელშიც მონაწილეობას წამყვანი ნაკრებები იღებენ და ცხრა ეტაპად დაგროვილი ქულების მსგავსად გამარჯვებულს არკვევენ. იყო დრო, როდესაც ეტაპების რაოდენობა შეზღუდული იყო, მაგრამ 7-კაცას ოლიმპიურ სახეობად ქცევის შემდეგ მისდამი ინტერესი გაიზარდა და სამომავლოდ ეტაპების რაოდენობის ათამდე გაზრდაც იგეგმება. დროდადრო იცვლება მონაწილე გუნდების შერჩევის პრინციპიც. უფრო თუ დავკონკრეტდებით, ცნობილია იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც სერიებში მონაწილეობას მუდამ იღებენ და მათ შესარჩევი ტურნირიდან ემატება ის სამი გუნდი, რომელიც ერთი სეზონის განმავლობაში სერიებში მუდმივ ადგილს იკავებს.
შესარჩევი ტურნირი პირველად შარშან ჩატარდა. წელს მომავალი სეზონის შესარჩევ ეტაპს კვლავ ჰონკონგი უმასპინძლებს, საქართველოს ნაკრებს კი, ჯგუფში მეტოქეობას იაპონია, იამაიკა და სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გასული გუნდები იქნებიან (სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატი 23-24 თებერვალს გაიმართება). სხვა ჯგუფებში ტონგა, ტუნისი, ტაიპეი და რიო დე ჟანეიროში გასამართი სამხრეთ აფრიკის ჩემპიონატის გამარჯვებული, ასევე, რუსეთი, ზიმბაბვე, კუკის კუნძულები და მექსიკა ითამაშებენ.
ფორმატი რომ დავაზუსტოთ გეტყვით, რომ ჰონკონგში შესარჩევი ტურნირის პირველი ეტაპი გაიმართება და ოთხი საუკეთესო გუნდი მომდევნო ეტაპზე გავა. მათ დაემატება ჰონკონგის ნაკრები და 2012/2013 წლების მსოფლიო სერიის სამი უარესი გუნდი. ამა წლის მაისში, ეს რვა გუნდი მომავალი სერიის სამი საგზურისთვის დასკვნით ეტაპზე ლონდონში ითამაშებს.
ზურა ქსოვრელი
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია