ამბები

17:56 | 22.02.2013 | ნანახია 874 - ჯერ

საიუბილეო მატჩის მოლოდინში

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების თამაშების ისტორია სათავეს 1989 წელს იღებს და განვლილ 24 წელიწადში “ბორჯღალოსნებმა” უკვე 149 მატჩის გამართვა მოასწრეს. ამრიგად, 23 თებერვალს საქართველოს ნაკრები 150-ედ გავა მოედანზე და 90-ე გამარჯვების მოპოვებას შეეცდება (დღემდე 89 გამარჯვება, 5 ფრე და 55 მარცხი).
განგებამ ასე ინება, რომ საიუბილეო თამაში ჩვენთვის ავადსახსენებელ საბჭოთა არმიის დღეს დაემთხვა და მეტოქე იმავე საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე რუსეთის ნაკრებია, რომელსაც სოჭში, სახელგანთქმული ქართველი ფეხბურთელის სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე დავუპირისპირდებით. “დათვებთან” ურთიერთშეხვედრების სტატისტიკაზე ბევრჯერ ითქვა, მაგრამ ის იმდენად სასიამოვნოა, რომ მოკლედ კიდევ ერთხელ ვთქვათ - აქამდე ჩატარებული 16 თამაშიდან 14 ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, ერთ მატჩში ფრე დაფიქსირდა, ხოლო ერთ შემთხვევაში, შორეულ 1993 წელს (პირველ დაპირისპირებაში) გამარჯვება რუსებს დარჩათ. რუსეთთან წაუგებელ 15-მატჩიან სერიას, მასთან ზედიზედ მოგებული 11-მატჩიანი სერია ალამაზებს და ყველა ველით, რომ ეს სერია შაბათს კიდევ უფრო გაიზრდება.
რუსებს გამარჯვების იმედი არ აქვთ, თორემ სურვილი იმდენად დიდია, უკვე ფანტაზიას მისცეს ფართო გასაქანი. ისინი ამბობენ - “ქართველები დაგვცინიან, დედამიწაზე მეტეორიტების წვიმა უფრო მოვა, ვიდრე რუსეთის ნაკრები საქართველოსას დაამარცხებსო. იქნებ ეს სწორედ ის წვიმა იყო, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩელიაბინსკს დაატყდა თავს?”. მოკლედ, ოღონდ ჩვენ მოგვიგონ და ალბათ, მოსკოვში წარღვნაზეც არ იტყვიან უარს, მაგრამ ქართველმა მორაგბეებმა იციან, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ჩვენი ერისთვის, ზოგადად ქართული რაგბისთვის ამ თამაშის მოგებას და მიზნის მისაღწევად ძალღონეს არ დაიშურებენ, ეს ცხადზე ცხადია.
ამ თამაშისა და ქართული რაგბის მნიშვნელობა ვახსენეთ და მოდით განვმარტოთ: სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, ვინც არ უნდა ამტკიცოს საპირისპირო, საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების დაპირისპირება მუდამ განიხილება პოლიტიკურ ჭრილში და თანაც ორივე მხარისთვის. მტკიცებით ფორმაში შეიძლება იმაზე საუბარი, რომ რუსეთი თუ არ იქნებოდა ჩვენი მეტოქე და გამარჯვება მუდამ “ბორჯღალოსნებს” არ დარჩებოდათ, დიდი ალბათობით არ იარსებებდა ასე სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე რაგბის განვითარების სახელმწიფო პროგრამა და შესაბამისად, დაფინანსება. შესაბამისად, თუ არ იქნებოდა ფული, ვერ გვეყოლებოდა ასეთი საამაყო ნაკრები, თორემ წმინდა სპორტული თვალსაზრისით, ეს ერთი რიგითი მატჩია ერთა თასისა, სადაც ჩვენი კონკურენტი რუმინეთის ნაკრები უფროა, ვიდრე რუსეთისა.
მოკლედ, ხვალ, თბილისის დროით 15 საათზე, სოჭში დაიწყება თამაში, რომლის შედეგმაც “ბორჯღალოსნები” კიდევ ერთი ნაბიჯით უნდა მიუახლოვოს წლევანდელ ერთა თასს და 2015 წლის მსოფლიო თასს, რომლის საგზურსაც ერთა თასის ორი წლის შედეგების ჯამით (2013/2014 წლების) ორი საუკეთესო გუნდი მიიღებს. ინგლისში გამგზავრების შანსს დაიტოვებს მესამე გუნდიც, ოღონდ, მას მიზნის მისაღწევად გრძელი გზის გავლა მოუწევს რეპეშაჟში აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის გუნდების წინააღმდეგობა ექნება დასაძლევი.
“ბორჯღალოსნები” სოჭში ჩარტერული რეისით გაემგზავრნენ. შემადგენლობაზე და წინა მატჩისგან განსხვავებით მასში განხორციელებულ ერთადერთ ცვლილებაზე (სასტარტო შემადგენლობაში) უკვე ვწერდით, ახლა კი, მხოლოდ იმას დავამატებთ, რომ ამ ეტაპზე ნაკრებში მყოფი მორაგბეებიდან ყველაზე მეტი კეპი (66) მერაბ კვირიკაშვილს აქვს, რომელიც ამავდროულად საქართველოს ნაკრების არსებობის ისტორიაში 394 ქულით საუკეთესო ბომბარდირია. მას აქვს შანსი, რომ სანაკრებო მონაგარი 400 ქულამდე გაზარდეს. გუნდში არიან “ბორჯღალოსანთა” ისტორიაში საუკეთესო მელელოვეები - ირაკლი მაჩხანელი და მამუკა გორგოძე, რომელთა ანგარიშზეც 22-22 ლელოა. გუნდს პორტუგალიასთან მატჩის მსგავსად მაჩხანელი უკაპიტნებს.
უკვე გეცოდინებათ, რომ მატჩის პირდაპირი ტელეტრანსლიაცია არ იგეგმება და თამაშის ხილვა მხოლოდ ინტერნეტმომხმარებლებს შეეძლებათ. ქართული მხარე საკუთარი სტრიმის მოწყობას გეგმავს. უკვე ცნობილია, რომ მატჩის ინტერნეტრანსლაცია http://www.sochiinfocom.ru/-ზეც იგეგმება. თამაშს ფრანგი მსაჯები მოემსახურებიან. 23 თებერვალს სოჭში 10 გრადუსი სითბო და წვიმაა გამოცხადებული.

2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
23 თებერვალი
რუსეთი. სოჭი. 15:00 (თბილისის დროით)
რუსეთი - საქართველო
რუსეთი: 15. იგორ კლუჩნიკოვი (ვვა-პოდმოსკოვიე), 14. ვასილი არტემიევი (ნორთჰემპტონი, ინგლისი), 13. დიმიტრი გერასიმოვი (ენისეი-სტმ), 12. ალექსეი მაკოვეცკი (კრასნი იარი), 11. მიხაილ ბაბაევი (ვვა-პოდმოსკოვიე), 10. სერგეი იანუშკინი (აგროუნივერსიტეტი), 9. ალექსანდრ იანუშკინი (ვვა-პოდმოსკოვიე); 1. ალექსეი ვოლკოვი (ვვა-პოდმოსკოვიე), 2. მაქსიმ ტიმოშუკი (კრასნი იარი), 3. ანდრეი იგრეცოვი (ფილი), 4. ალექსანდრ ვოიტოვი (ვვა-პოდმოსკოვიე - კაპ.), 5. კირილ კულემინი (“ლონდონ ველში”, ინგლისი), 6. ანდრეი ტემნოვი (ენისეი-სტმ), 7. პაველ ბუტენკო (ენისეი-სტმ), 8. ვიქტორ გრესევი (კრასნი იარი).
სათადარიგოები: 16. ანდრეაი პოლივალოვი (აგროუნივერსიტეტი), 17. ევგენი პრონენკო (ენისეი-სტმ), 18. ინოკენტი ზიკოვი (ენისეი-სტმ), 19. პაველ კვერნაძე (სპარტაკი), 20. არტიომ ფათახოვი (აგროუნივერსიტეტი), 21. ალექსეი შერბანი (ენისეი-სტმ), 22. სერგეი სუგრობოვი (სლავა), 23. სერგეი ტრიშინი (ვვა-პოდმოსკოვიე).
მთავარი მწვრთნელი: კინგსლი ჯონსი (უელსი)
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 18 კეპი, 10 ქულა), 14. თამაზ მჭედლიძე (“მონ დე მარსანი”, საფრანგეთი, 2, 0), 13. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 65, 85), 12. მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი, 10, 15), 11. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი - კაპ., 60, 110), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი, 66, 394), 9. გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”, ბათუმი, 9, 0); 1. მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი, 10, 5), 2. იური ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 36, 20), 3. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 37, 35), 4. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 61, 35), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 7, 0), 6. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 30, 5), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 48, 110), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 25, 15).
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი, 11, 5), 17. ვასილ კაკოვინი (“ტულუზა”, საფრანგეთი, 20, 0), 18. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 26, 5), 19. ლაშა ლომიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 0, 0), 20. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 17, 5), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 0, 0), 22. დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი, 58, 65), 23. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 4, 0).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

ესპანეთი - რუმინეთი
პორტუგალია - ბელგია

1.    რუმინეთი            2    2    0    0    48-27    8
2.    საქართველო        2    2    0    0    42-25    8
3.    რუსეთი                2    1    0    1    27-38    4
4.    ბელგია                  2    0    1    1    34-38    3
5.    ესპანეთი               2    0    1    1    30-34    3
6.    პორტუგალია       2    0    0    2    25-44    1

9 მარტი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი
16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია


 


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.142232