საქართველოს რაგბის კავშირის ხელმძღვანელობამ, საერთაშორისო კალენდართან დაახლოების მიზნით, ეროვნული ჩემპიონატის შემოდგომა-გაზაფხულის სისტემაზე გადაყვანის შემდეგ, ევროპელთა კიდევ ერთი გამოცდილება გაიზიარა და მიუხედავად იმისა, რომ შაბათს სანაკრებო მატჩია რუსეთის გუნდთან, კვირას ეროვნული პირველობის ტური დანიშნა.
ტურიცაა და ტურიც! XIV რაუნდში გუნდები ისე დაწყვილდნენ, რომ ერთმანეთთან ურთიერთობას საჩემპიონო ექვსეულის გუნდები ცალკე, ქვედა ოთხეულისა კი, ცალკე გაარკვევენ. თუმცა, აქვე უნდა ითქვას, ერთი თამაში მარტისთვის გადაიდო. ბათუმში ადგილობრივი გუნდი რუსთავის “ხარებს” უნდა დახვედროდა, მაგრამ გრიპის ვირუსმა მისი ჩატარება სამომავლოდ გადადო.
შეიძლება ითქვას, რომ კვირას გასამართი ყველა თამაში, თუნდაც იმავე აუტსაიდერების დაპირისპირება, ცენტრალურია. 24 თებერვალს, 14 საათზე, “შევარდენზე” დედაქალაქურ დერბიში “აკადემია” “ყოჩებს” დაუპირისპირდება. ეს გუნდები მოცემული მომენტისთვის სატურნირო ცხრილში ბოლო და ბოლოსწინა ადგილებს იკავებენ. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონატის დებულების თანახმად, რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, საგაისოდ უძლიერესთა შორის თამაშის უფლებისთვის უმაღლესი ლიგის მე-9-ადგილოსანი პირველი ლიგის მე-2-ადგილოსანთან, ხოლო მე-10-ადგილოსანი - პირველი ლიგის გამარჯვებულთან ორრაუნდიან ბრძოლას გამართავს.
რაღა თქმა უნდა, “აკადემიასაც” და “ყოჩებსაც” სურთ, რომ ამ გადათამაშებას თავი აარიდონ, თუმცა, თუ მაინცდამაინც, ურჩევნიათ, რომ შედარებით სუსტ მეორეადგილსანს ეთამაშონ. ამასთან, “ყოჩებისთვის”, რომელიც ამჟამად სატურნირო ცხრილის ფსკერზეა და უშუალო კონკურენტს და მომავალ მეტოქეს 7 ქულით ჩამორჩება, ეს ბოლო შანსია იმისა, რომ რეგულარული პირველობის შემდეგ, შედარებით უკეთესი ადგილი ეკავოს. ამასთან, “აკადემიას” ახლავე შეუძლია, რომ ბოლო ადგილისთვის თავის არიდება დაიბევოს და დარჩენილ შეხვედრებში უკვე უფრო მაღალი პოზიციისთვის გააგრძელოს ბრძოლა. ამრიგად, მომავალ ჯახს ორივე გუნდისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს და უკიდურესად დაძაბული იქნება. ხარისხისა რა გითხრათ, მაგრამ დაძაბულობა არც პირველ წრეში ამ გუნდებს შორის გამართულ თამაშს აკლდა და მაშინ გამარჯვება “აკადემიას” დარჩა - 6:3.
14 საათზე, ოღონდ “ავჭალაზე” იწყება კიდევ ერთი დედაქალაქური დერბი. “ილიაუნის ჯიქს” და “ლოკომოტივს”, რომლებიც მეხუთე-მეექვსე ადგილებს იკავებენ, მდევრებთან სოლიდური უპირატესობა აქვთ, მაგრამ ყოველგვარი მოულოდნელობის თავიდან ასაცილებლად კიდევ რამდენიმე ქულა ჭირდებათ. მათი შანსები იმისა, რომ თუნდაც მე-4 საფეხურზე აინაცვლონ და ამით პლეი ოფის პირველ ეტაპზე მასპინძლობის უფლება მოიპოვონ, ძალიან მცირეა. თუმცა, ამ შემთხვევაში ერთადერთი მეტოქე, რომელთანაც შინ და გარეთ თამაშს მნიშვნელობა აქვს ქუთაისის “აიაა”, რომელიც მესამე ადგილს დაიკავებს თუ მეოთხეს, ჯერ არავინ იცის და გათვლის გაკეთება ძალიან რთულია.
და მაინც, იმ ამოცანის გადასაჭრელად, რომ გუნდებმა ექვსეულში ადგილი ნაადრევად დაიბევონ, “ჯიქებიც” და “ლოკომოტივიც” ბოლომდე იბრძოლებენ. თანაც ეს რაგბია, სადაც სატურნირო გათვლები და შედეგზე ამის მიხედვით ზრუნვა მიუღებელია და მაყურებელი ნებისმიერ შემთხვევაში საინტერესო ბრძოლას იხილავს. “ჯიქებისა” და “ლოკომოტივის” ბრძოლა პირველ წრეშიც უშეღავათო იყო და უფრო გამოცდილმა, ყველაზე ტიტულოვანმა “ლოკომოტივმა” ახალგაზრდულ “ჯიქებს” 29:22 აჯობა. სეზონის განახლების შემდეგ, “ჯიქებმა” “აკადემიასთან” წაივარჯა (32:0), ხოლო “ლოკომოტივმა” ქუთაისის “აიასთან” დიდი ბრძოლა გადაიტანა და მხოლოდ 2 ქულას დასჯერდა (13:13). “ლოკომოტივს” ნაკრებში გამოძახებული ბექა წიკლაური დააკლდება.
ამ მატჩის დასრულების შემდეგ, 16 საათზე მოედანზე უკვე “არმია” და “არმაზი” გავლენ. ამ გუნდებს უკვე დაბევებული აქვთ პლეი ოფის საგზური და ახლა მხოლოდ უკეთესი პოზიციისთვის იბრძვიან. საქართველოს ჩემპიონს რეგულარული პირველობის მოგებაც სურს და ყველა დარჩენილი თამაშის მოგება მართებს, მაგრამ პოზიციების დათმობას არც “არმაზი” აპირებს, რომელიც წელს ბრწყინვალე სეზონს ატარებს.
ორივე გუნდს დააკლდება თითი-თითო მორაგბე, რომლებიც საქართველოს ნაკრებში არიან გამოძახებული (“არმაზს” ირაკლი მაჩხანელი, “არმიას” შალვა მამუკაშვილი). პირველ წრეში არმაზელებმა მოქმედ ჩემპიონს დიდი ბრძოლა გაუმართეს და 17:23 დამარცხდნენ. მომავალ მატჩს “არმაზი” კარგ ხასიათზე ხვდება, რადგან ერთი კვირის წინ “ბათუმს” აჯობა, “არმია” კი, ლიდერმა “ლელომ” მეორე ტაიმში 13:16 გატეხა.
ტურის სუპერმატჩს ქუთაისელი გულშემატკივარი იხილავს, სადაც “აიას” ლიდერი “ლელო” ლაშა ხმალაძისა და ირაკლი ყიასაშვილის გარეშე ეწვევა. მიუხედავად ასეთი დანაკლისისა, თბილისელები წარმატების მისაღწევად და ლიდერობის შესანარჩუნებლად მაინც ბოლომდე იბრძოლებენ. ქუთაისელებს პირველ წრეში განცდილი მარცხისთვის რევანში აქვთ ასაღები. მართალია მაშინ მათ “ლელოს” დიდი წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს და პირწმინდად დამარცხდნენ, მაგრამ ახლა გუნდი უკეთეს ფორმაშია და გულშემატკივრის სრული მხარდაჭერაც ექნება.
ავჭალაში ის მატჩი “ლელომ” 29:14 მოიგო. ერთი კვირის წინ ორივე გუნდმა დიდი ბრძოლა გადაიტანა. “აია” თბილისში “ლოკომოტივთან” ფრეს დასჯერდა, “ლელომ” კი, უახლოეს მდევარ “არმიას” 16:13 სძლია.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XIV რაუნდი
24 თებერვალი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”. 14 საათი
აკადემია (თბილისი) - ყოჩები (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 14 საათი
ჯიქები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
ქუთაისი. “დინამო”. 15 საათი
აია (ქუთაისი) - ლელო (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 16 საათი
არმია (თბილისი) - არმაზი (თბილისი)
ბათუმი (ბათუმი) - ხარები (რუსთავი) გადაიდო
1 | ლელო | 13 | 12 | 0 | 1 | 372-162 | 56 |
2 | არმია | 13 | 11 | 0 | 2 | 328-195 | 51 |
3 | აია | 13 | 8 | 2 | 3 | 356-198 | 42 |
4 | არმაზი | 13 | 10 | 0 | 3 | 262-207 | 42 |
5 | ჯიქები | 13 | 6 | 0 | 7 | 242-222 | 31 |
6 | ლოკომოტივი | 13 | 5 | 2 | 6 | 265-243 | 29 |
7 | ხარები | 13 | 4 | 0 | 9 | 191-287 | 20 |
8 | ბათუმი | 13 | 3 | 0 | 10 | 207-320 | 15 |
9 | აკადემია | 13 | 3 | 0 | 10 | 111-352 | 14 |
10 | ყოჩები | 13 | 1 | 0 | 12 | 194-342 | 7 |
მომდევნო ტური. 2-3 მარტი
ლელო - ლოკომოტივი, ყოჩები - ჯიქები, არმაზი - აია, აკადემია - ბათუმი, ხარები - არმია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია