ამბები

21:56 | 23.02.2013 | ნანახია 775 - ჯერ

რუსებს მეტეორიტმაც არ უშველა

რუსები იმედოვნებდნენ, ქართველები რომ დაგვცინიან - სანამ თქვენი მორაგბეთა ნაკრები ჩვენსას მოუგებს, დედამიწას მეტეორიტი დაეცემაო, აგერ, რამდენიმე დღის წინ, სწორედ მაგ მეტეორიტის ნაწილებმა ჩელიაბინსკი დაბომბაო და საბჭოთა არმიის დღეს, გამარჯვება ჩვენ დაგვრჩებაო. მაგრამ ამჯერადაც არაფერი გამოუვიდათ.
სოჭში გამართული ერთა თასის და 2015 წლის მსოფლიო თასის მესამე რაუნდის მატჩმა, კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ “ბორჯღალოსნები” მეტოქეზე ერთი თავით მაღლა დგანან და თუნდაც ცუდი თამაშის ფონზე, “დათვებს” ქართველებთან შანსი არ აქვთ. ჩვენებმა მეტოქეს აჯობეს კლასით, მეტი განსწავლულობით და მონდომებით. რაგბი ინტელექტუალური თამაშია და რაც არ უნდა ამტკიცონ რუსებმა, ქართველები მხოლოდ ჯანით გვჯობნიანო, თავი და თავი, მაინც ისაა, რომ 15 ქართველის ტვინი უკეთ მუშაობს, ვიდრე 15 რუსისა.
ახლა ზუსტად ვიცით, რუსები მთელი წელი ილაპარაკებენ იმ ექვს გაფუჭებულ ჯარიმაზე, რომლითაც 18 ქულის აღების შანსი ჰქონდათ, მაგრამ ეს არაფერს ცვლის. ერთი ისაა, რომ იგორ კლუჩნიკოვს და სერგეი იანუშკინს ძელებს უკან საქართველოს ხუთჯვრიანი დროშა ელანდებოდათ და მისი შიში მიზანს ურევდა. ეს დაახლოებით ისეთივე მომენტია, როგორითაც მერაბ კვირიკაშვილს ინგლისელთა კარში გაუფუჭდა დარტყმები და მეორე, უფრო მნიშვნელოვანი, “დათვებს” თუნდაც ყველა დარტყმა რომ გამოეყენებინათ, დარწმუნებული ვარ, “ბორჯღალოსნები” ყოველი მიღებული 3 ქულის შემდეგ ისე მოუმატებდნენ, რომ ლელოების დათვლა გაგვიჭირდებოდა. ამის თქმის საფუძველს, უშუალოდ მატჩის მსვლელობასთან ერთად, ის პოტენციალიც გვაძლევს, რაც საქართველოს მორაგბეთა ეროვნულ ნაკრებს გააჩნია და რა განწყობითაც ხვდებიან ისინი ყველა იმ თამაშს, რომელსაც ჩრდილოელი, აგრესიული მეზობლის წინააღმდეგ მართავენ.
მოკლედ რომ ვთქვათ, 23 თებერვალს სოჭიდან, გამარჯვების გარდა, სხვა შედეგს არც არავინ ელოდა და პირადად მე ის უფრო მაინტერესებდა, რამდენად ლამაზ სტილში შეძლებდა საქართველოს ნაკრები ერთა თასის ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტის დამარცხებას. დიახ, ერთ-ერთი უმთავრესი კონკურენტისა იმიტომ, რომ რუსეთი ჩვენთვისაა “სათამაშო ბუშტი”, თორემ ბოლო წლებში მან არაერთხელ შეარცხვინა რუმინეთი და 2011 წლის მსოფლიო თასზე თამაშის უფლებაც, სწორედ რუმინეთის თავზე გავლით მოიპოვა. ამრიგად, ის მეტად საპატივცემულო და ანგარიშგასაწევი მეტოქეა!
და რაც ჩვენთვისაა საინტერესო იქიდან დავინახეთ, რომ გუნდი ჯერაც ვერაა იმ დონეზე, რომელზეც გვსურს, რომ ვიხილოთ. ხშირი ტექნიკური წუნი, უდისციპლინობა, არასწორი გადაწყვეტილებები, წაგებული დერეფნები, არცთუ კარგად შესრულებული ტაქტიკური დარტყმები და მოდით, ამ ყველაფერს ისევ მსაჯს ნუ დავაბრალებთ. მოვიგეთ და გვიხარია, მაგრამ რომ არა რუსეთი, თუნდაც იგივე რუმინეთი, ანაც პორტუგალია, ესპანეთი და ბელგია, გვაპატიებდა კი იმ 18 ქულას, რომელიც რუსეთის ნაკრებმა მიზეზთა გამო ვერ გაგვიტანა? ნურც მოედნის საფარს დავაბრალებთ იმ დავალებების ვერშესრულებას, რომელიც მწვრთნელმა მოთამაშეებს მისცა და ვეძებოთ მიზეზი სხვაგან - სწორად და გასაგებად აძლევს მწვრთნელი მორაგბეებს დავალებებს? იქნებ, ჩვენი ბიჭები ჯერაც არ არიან მზად იმისათვის, რომ ხელდახელ გაშლილი რაგბი ითამაშონ? აი, ისეთი, როგორიც ქართველი ილია მაისურაძის მიერ გაწვრთნილმა 18-წლამდელთა ნაკრებმა “უოსფსთან” ითამაშა.
სანამ საქმე კარგად მიდის, ჩემს კრიტიკას ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდება. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ და იმ ბიჭებმა, რომლებიც ამდენი წლებია სიხარულს გვანიჭებენ და სიამაყით გვავსებენ (ოღონდ, არა მხოლოდ რუსეთის ნაკრებთან გამარჯვებით. ზოგს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მხოლოდ რუსეთთან თამაშის წინ ახსენდება, მაგრამ ამ გუნდმა უკვე 150-ე თამაში ჩაატარა და აქედან მხოლოდ 17 რუსეთთან!), უფრო მეტი დაიმსახურეს, მით უმეტეს მოგებული თამაშის შემდეგ, მაგრამ რადგან ჩვენ ბევრად მეტი გვსურს, ამიტომ, თუნდაც მოგებული მატჩების შემდეგ, შეცდომებზე ყურადღების გამახვილება მიზანშეწონილია.
საქართველოს ნაკრებისთვის საიუბილეო, 150-ე თამაში ქარსა და წვიმაში წარიმართა და ამან მის მსვლელობას თავისი კვალი დაატყო. საწყის 20 წუთში, ქართველები საგრძნობ უპირატესობას ფლობდნენ, ბურთს უფრო ხშირად აკონტროლებდნენ, მაგრამ შეცდომების გამო, ლელოს გატანას ვერ ახერხებდნენ. პირველივე წუთებიდან გამოიკვეთა ჩვენი წინა ხაზის საგრძნობი უპირატესობა, რაც მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ეს უპირატესობა, უმეტესად, გამოუყენებელი დარჩა. სამაგიეროდ, საწყის წუთებში ვერ ვივარგეთ ტექნიკაში და ასევე, დერეფანში. გადამწყვეტ მომენტებში ჩვენი პირველი ორი მოწოდება წავაგეთ და მეორე ნახევრის საწყის წუთებში, ამას მესამეც მივაყოლეთ, რამაც გარკვეული პრობლემები შეგვიქმნა.
დერეფნის პრობლემები პირველი და მეორე ტაიმის მეორე ნახევრებში გამოსწორდა, რაც ძალიან კარგია. მეორე ტაიმში გამოსწორდა დისციპლინაც და მეტოქემ ბევრად უფრო ნაკლები ჯარიმა აიღო, ვიდრე საწყის 40 წუთში. თამაშის დებიუტში, რუსთა დასახმარებლად მოედანზე ძაღლიც შევარდა, ცოტა ხანში რუსეთის ნაკრებმა ჯარიმის შესრულების უფლება მოიპოვა და იგორ კლუჩნიკოვმა მასპინძლები დააწინაურა, რამაც მეტეორიტების შემყურე რუსებს ძაღლის ფაქტორიც დაუმატა, მაგრამ მჩხიბავებმა კლუჩნიკოვის ფეხის გასწორება მაინც ვერ მოახერხეს.
გაშვებულ ჯარიმას “ბორჯღალოსნებმა” მძლავრი შეტევით უპასუხეს, მეტოქე მთელი 5 წუთით საკუთარ 22-ში გამოკეტეს და რადგან ლელოს გატანა ვერ მოახერხეს, მერაბ კვირიკაშვილმა გასატანი პოზიციიდან წონოსწორობის აღდგენა გადაწყვიტა - 3:3. საქართველოს ნაკრები კვლავ დაეუფლა სათამაშო უპირატესობას, მაგრამ ჯერ ჩვენი დერეფანი წავაგეთ, მერე მეკომ ჯარიმიდან ბურთი აუტში ხეირიანად ვერ გადაიტანა, ამას ტექნიკური წუნი დაემატა და რუსებმა კონტრშეტევებზე სამჯერ მიიღეს ანგარიშში დაწინაურების შესაძლებლობა. საბედნიეროდ, კლუჩნიკოვს ჯარიმები ერთი მეორეს მიყოლებით გაუცუდდა, აქედან მესამე, ყველაზე რეალური პოზიციიდან და მერე დარტყმის შანსი კვირიკაშვილმაც მიიღო. მას ახლო მანძილიდან ფეხი არ აუკანკალდა - 6:3. მიუხედავად ქართველთა უპირატესობისა, შესვენებამდე რამდენიმე წუთით ადრე, კლუჩნიკოვმა კიდევ ერთხელ მიიღო ჯარიმის შესრულების უფლება, ამჯერად თითქმის კარის გასწვრივ 20 მეტრიდან, მაგრამ ისევ “დაახაია”.
მეორე ტაიმის დასაწყისში, საქართველოს ნაკრები კიდევ ერთხელ რომ დაჯარიმდა, დარტყმა სერგეი იანუშკინმა ითავა, მაგრამ ოდნავ მარცხნივ 25 მეტრიდან, გასატანი პოზიციიდან მიზანს მანაც ვერ უწია. მალე, დისციპლინამ ერთხელაც დაგვაღალატა, ჯარიმას ისიც დაერთო, რომ მსაჯმა 10 მეტრით უკან დაგვხია და კლუჩნიკოვმა დარტყმა კიდევ ერთხელ გააფუჭა. ამასობაში, დასკვნითი ნახევარი საათის დრო დადგა და საქართველოს ნაკრებმაც გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა. ჯერ ვიტო კოლელიშვილმა მოიგო მეტოქის აუტი, რუსებმა იერიში ჯარიმის ხარჯზე შეაჩერეს და კვირიკაშვილმა გასატანი პოზიციიდან რუსთა გასახარად ჯარიმა ააცილა, მაგრამ ამან საერთო სურათი უკვე ვეღარ შეცვალა.
სანამ ქართული მანქანა სრულად ამუშავდებოდა, რუსებმა კონტრშეტევის შანსი ერთხელაც მიიღეს, თუმცა სიტუაციის გამწვევაბა ვერ მოახერხეს და მერე, მცირე მონაკვეთიანი არეული თამაშით, ქართველებმა იხეირეს. ეს ლაშა ხმალაძემ გაჭრა ხაზი კარგად, მას მხარი მამუკა გორგოძემ და თედო ზიბზიბაძემ აუბეს, ვიტო კოლელიშვილმა კი ლელო შეიტანა და “ბორჯღალოსანთა” უპირატესობა კვირიკაშვილმა გარდასახვით გაამყარა.
რუსებმა მატჩის განახლებისთანავე მიიღეს ჩამორჩენის შემსირების შანსი და იანუშკინს მიზანმა კიდევ ერთხელ უმტყუნა, თუმცა ორიოდე წუთში, როდესაც კოტე მიქაუტაძე დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა, იანუშკინს დარტყმა აღარ გაუცუდდა. “დათვებს” მეტობა ჰქონდათ და შანსის გამოყენებაზე დაფიქრდნენ, მაგრამ ქართველებმა მობილიზება მოახდინეს, კარგი შეტევა წამოიწყეს, მეტოქეს დაჯარიმება აიძულეს და კვირიკაშვილმაც ჯარიმით 10-ქულიანი უპირატესობა დაგვიბრუნა. აღსანიშნავია, რომ კაცნაკლული “ბორჯღალოსნები” სალელოვედ უტევდნენ და სავარაუდოდ, მიზანსაც უწევდნენ, მაგრამ ალექსეი ვოლკოვი განზრახ დაჯარიმდა და სინბინით დაისაჯა.
14-14-ზე თამაშისას, რუსებმა პირველად შეძლეს ქართველთა დაცვის ხაზის გაჭრა და ბოჭვაზე კვირიკაშვილს რომ არ ეყოჩაღა, ეგებ, ლელოც გასულიყო. მეორე მცდელობისას, უკვე მერაბ შარიქაძემ იყოჩაღა, მაგრამ მსაჯმა წესების დარღვევა დაინახა და შეცვლაზე შესულმა სერგეი სუგრუბოვმა, ჯარიმით მასპინძლები ფრეზე დააფიქრა, მაგრამ პასუხად, ქართველებმა საუცხოოდ ითამაშეს დერეფანში, მოლის დაყენების იმიტირებით მეტოქე დააბნიეს, მოკლე ფრთაზე შეუტიეს, კოლელიშვილი ჩათვლის მოედანს ორიოდე მეტრამდე მიუახლოვდა, იქ უკვე გორგოძემ ითამაშა ჩვეულ სტილში და “დათვებს” წირვა გამოუყვანა, კვირიკაშვილმა კი, გარდასახვით წერტილი დასვა.
და ბოლოს, რუსეთთან მოგებულ მატჩში, ნაკრების 150-ე საიუბილეო შეხვედრაში, “ბორჯღალოსანთა” მაისურით დებიუტი ჰქონდათ ლაშა ლომიძეს და ვაჟა ხუციშვილს. აცილებულ ჯარიმებზე რუსეთის ნაკრების უელსელმა მთავარმა მწვრთნელმა კინგსლი ჯონსმა განაცხადა: “ასეთი რამ არასდროს მინახავს. მორაგბეები ვარჯიშებისას ჯარიმებს იდეალურად ასრულებდნენ და დამრტყმელებში იოტისოდენა ეჭვიც არ შემპარვია. შესაძლოა, მათზე ზეწოლამ და წვიმიანმა ამინდმა იმოქმედა. ჯარიმების გამოყენების პროცენტი უფრო მაღალი რომ ყოფილიყო, ახლა სხვა შედეგი გვექნებოდა. მოწინააღმდეგე ხშირად გვაძლევდა შანსს, მაგრამ ჩვენ ისინი ვერ დავსაჯეთ, საბოლოოდ კი, ქართველებმა გაგვტეხეს”.    

2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
23 თებერვალი
რუსეთი. სოჭი.
რუსეთი - საქართველო 9:23 (3:6)
რუსეთი:
15. იგორ კლუჩნიკოვი, 14. ვასილი არტემიევი, 13. დიმიტრი გერასიმოვი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. მიხაილ ბაბაევი, 10. სერგეი იანუშკინი, 9. ალექსანდრ იანუშკინი; 1. ალექსეი ვოლკოვი, 2. მაქსიმ ტიმოშუკი, 3. ანდრეი იგრეცოვი, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. კირილ კულემინი, 6. ანდრეი ტემნოვი, 7. პაველ ბუტენკო, 8. ვიქტორ გრესევი.
სათადარიგოები: 16. ანდრეაი პოლივალოვი, 17. ევგენი პრონენკო, 18. ინოკენტი ზიკოვი, 19. პაველ კვერნაძე, 20. არტიომ ფათახოვი, 21. ალექსეი შერბანი, 22. სერგეი სუგრობოვი, 23. სერგეი ტრიშინი.
მთავარი მწვრთნელი: კინგსლი ჯონსი (უელსი)
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე; 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. იური ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 16. შალვა მამუკაშვილი, 17. ვასილ კაკოვინი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. ვიტო კოლელიშვილი, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. დავით კაჭარავა, 23. ბექა წიკლაური.
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)

ესპანეთი - რუმინეთი
პორტუგალია - ბელგია

 

1  საქართველო 3 3 0 0 65-34 12
2 რუმინეთი 2 2 0 0 48-27 8
3 რუსეთი 3 1 0 2 36-61 4
4 ბელგია  2 0 1 1 34-38 3
5 ესპანეთი 2 0 1 1 30-34 3
6 პორტუგალია 2 0 0 2 25-44 1


9 მარტი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი
16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.089588