ევროპის ერთა თასის წლევანდელ სეზონში თამაშების ნახევარზე მეტი მიილია, გუნდებმა 15-იდან 9 შეხვედრა გამართეს, მაგრამ ჯერაც ვერ მოახერხა ერთმა გუნდმა მეორესთვის ოთხი და მეტი ლელოს გატანა.
შესაბამისად, პრემიალურ ქულას ჯერჯერობით მხოლოდ ის გუნდები იღებენ, რომლებიც 7 და ნაკლები ქულით მარცხდებიან. ამის მიზეზი ორი რამ უნდა იყოს: ჩვენთვის უმთავრესი ალბათ მაინც ისაა, რომ ახალ სათამაშო სტილზე გადასვლის გზაზე მყოფი “ბორჯღალოსნები” ჯერაც ვერ არიან იმ ფორმაში, რომ მეტოქეები დიდი სხვაობით გაანადგურონ და მეორე, გამოკვეთილ ლიდერ საქართველოს გარდა, დანარჩენი გუნდების დონე გათანაბრდა, ერთა თასის დონე გათანაბრდა და თუნდაც ქვედა დივზიონიდან ამოსული ბელგია არაა ისეთი ხელწამოსაკრავი ნაკრები, რომ ვინმეს იოლად დანებდეს.
III რაუნდში ჩვენი თამაშის გარდა დიდ ინტერესს იწვევდა საქართველოს ნაკრების ორი მომავალი მეტოქის - ესპანეთისა და რუმინეთის ნაკრებების დაპირისპირება. შეგახსენებთ, ესპანელებს 9 მარტს თბილისში დავუხვდებით, ერთა თასის წლევანდელ სეზონს და 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპის პირველ წრეს 16 მარტს, ბუქარესტში რუმინეთთან უმძიმესი ჯახით დავასრულებთ.
რუმინეთი ახალ სეზონს მოღონიერებული შეხვდა და ჯგუფში საქართველოსთან ერთად დაწინაურდა. პორტუგალიისა და რუსეთის ძლევის შემდეგ, ის ესპანეთს ხიხონში ეწვია, პირველსავე ტაიმში დიდი უპირატესობა მოიპოვა და მეორე ნახევარში ეს მოპოვებული უპირატესობა აღარ გაანიავა. რუმინელებმა პირველივე წუთებიდან იერიშებზე გააკეთეს აქცენტი და მე-15 წუთამდე მათმა შუამარბმა ფლორიან ვლაიკუმ სამი ჯარიმა გაიტანა. მასპინძლებმა კორი სიმპსონის ჯარიმით მე-18 წუთზე უპასუხეს, მაგრამ ორიოდე წუთში კატალინ ფერკუმ ლელო დადო, ვლაიკუმ გარდასახვა გამოიყენა, 27-ე წუთზე მორიგი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი რუმინეთმა 19:3 მოიგო.
სტუმართა მდგომარეობა მეორე ნახევრის დებიუტში დამძიმდა, როდესაც იტალიელმა რეფერიმ მესამეხაზელი მიჰაი მაკოვეი გაასინბინა. ესპანელებმა მეტობით ისარგებლეს და 45-ე წუთზე შერკინების შემკვრელმა ლიონელ პარდო ბუტინამ საპასუხო ლელო გაიტანა, ხოლო სიმპსონმა გარდასახვით ჩამორჩენა 9 ქულამდე დაიყვანა. ამაზე ვლაიკუმ 48-ე და 66-ე წუთებზე ორი ჯარიმით პასუხა, რითაც ესაპანელთა იმედებს ფრთები შეაკვაცე, მაგრამ მასპინძლებმა მაინც გაიბრძოლეს და 78-ე წუთზე სესარ სემპერემ მეორე ლელო მიითვალა. გარდასახვა არაზუსტი იყო, დარჩენილ დროში “ლომებმა” ქულის აღება ვეღარ მოახერხეს, 15:25 დამარცხდნენ და პრემიალური ქულის გარეშე დარჩნენ, რამაც ისინი ერთა თასის აუტსაიდერებად აქცია.
სულ ცოტა დააკლდა სენსაციურ გამარჯვებამდე ერთა თასის დებიუტანტ ბელგიის ნაკრებს ლისაბონში. საწყის 8 წუთში სტუმრებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, შუალედში ერთი ჯარიმა პორტუგალიამაც გაიტანა, ხოლო მე-17 წუთზე მასპინძლებმა ლელო მიითვალეს და 8:6 დაწინაურდნენ. ტაიმის დასრულებამდე 5 წუთით ადრე სტუმრები მოედანზე 10 წუთით კაცნაკლული დარჩნენ, მაგრამ ჯარიმის გატანა მოახერხეს და ტაიმი 9:8 მოიგეს. პორტუგალიამ 61-ე წუთზე ამოისუნთქა, როდესაც მეორე ლელო გაიტანა და გარდასახვაც გამოიყენა (15:9), მაგრამ ბელგიამ 10 წუთში მეოთხე ჯარიმით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანა და სიტუაცია კიდევ ერთხელ დაიძაბა. მიუხედავად ამისა, მასპინძლებმა 76-ე წუთზე კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს, 18:12 იმარჯვეს და ბელგიელები მხოლოდ პრემიალური ქულის ამარა დატოვეს.
აღსანიშნავია, რომ განვლილ სამ მატჩში ბელგია უქულოდ ერთხელაც არ დარჩენილა. მან თითო-თითო პრემიალური ქულა აიღო საქართველოსთან და პორტუგალიასთან, ესპანეთს კი, ფრედ ეთამაშა. შესაბამისად, ბელგიის ნაკრები ამ ეტაპზე მე-4 ადგილს იკავებს, ჯგუფს კი 12-12 ქულით საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებები ლიდერობენ. ისინი დიდი უპირატესობით უსწრებენ უახლოეს მდევრებს, მაგრამ მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინაა. რადგან საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებების გატანილ-მიღებული ქულების სხვაობა 31-31 ქულაა, ადგილების გადანაწილებაში გატანილი ლელოების რაოდენობა ერთვება. საქართველოს ნაკრებმა 7 ლელო გაიტანა და 1 მიიღო, რუმინეთის ლელოები 4-4-ზე და ამრიგად, ცხრილშიც პირველი ადგილი “ბორჯღალოსნებს” უკავიათ.
2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
23 თებერვალი
რუსეთი. სოჭი.
რუსეთი - საქართველო 9:23 (3:6)
რუსეთი: 15. იგორ კლუჩნიკოვი, 14. ვასილი არტემიევი, 13. დიმიტრი გერასიმოვი, 12. ალექსეი მაკოვეცკი, 11. მიხაილ ბაბაევი, 10. სერგეი იანუშკინი, 9. ალექსანდრ იანუშკინი; 1. ალექსეი ვოლკოვი, 2. მაქსიმ ტიმოშუკი, 3. ანდრეი იგრეცოვი, 4. ალექსანდრ ვოიტოვი, 5. კირილ კულემინი, 6. ანდრეი ტემნოვი, 7. პაველ ბუტენკო, 8. ვიქტორ გრესევი.
სათადარიგოები: 16. ანდრეაი პოლივალოვი, 17. ევგენი პრონენკო, 18. ინოკენტი ზიკოვი, 19. პაველ კვერნაძე, 20. არტიომ ფათახოვი, 21. ალექსეი შერბანი, 22. სერგეი სუგრობოვი, 23. სერგეი ტრიშინი.
მთავარი მწვრთნელი: კინგსლი ჯონსი (უელსი)
საქართველო: 15. ლაშა ხმალაძე, 14. თამაზ მჭედლიძე (22. დავით კაჭარავა 66), 13. თედო ზიბზიბაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი მაჩხანელი, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. გიორგი ბეგაძე (21. ვაჟა ხუციშვილი 79); 1. მიხეილ ნარიაშვილი (17. ვასილ კაკოვინი 51), 2. იური ნატრიაშვილი (16. შალვა მამუკაშვილი 51), 3. დავით ზირაქაშვილი (18. დავით ქუბრიაშვილი 51), 4. გიორგი ჩხაიძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (19. ლაშა ლომიძე 77), 6. შალვა სუთიაშვილი (20. ვიტო კოლელიშვილი 41), 7. მამუკა გორგოძე, 8. დიმიტრი ბასილაია.
სათადარიგოები: 23. ბექა წიკლაური.
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
2 ლელო: კოლელიშვილი, გორგოძე
2 გარდასახვა: კვირიკაშვილი
3 ჯარიმა: კვირიკაშვილი
1 სინბინი: მიქაუტაძე
ესპანეთი - რუმინეთი 15:25
პორტუგალია - ბელგია 18:12
1. საქართველო 3 3 0 0 65-34 12
2. რუმინეთი 3 3 0 0 73-42 12
3. პორტუგალია 3 1 0 2 43-56 5
4. ბელგია 3 0 1 2 46-56 4
5. რუსეთი 3 1 0 2 36-61 4
6. ესპანეთი 3 0 1 2 45-59 3
9 მარტი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი
16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია