ამბები

15:04 | 24.02.2013 | ნანახია 745 - ჯერ

Top 14-ში ორი ქართველით

სანაკრებო თამაშების პარალელურად, საფრანგეთის მორაგბეთა პირველ ელიტარულ დივიზიონ Top 14-ში XIX რაუნდის თამაშები გაიმართება. წამყვანი ქართველი მორაგბეები “ბორჯღალოსანთა” მაისურით სოჭში რუსი “დათვების” წინააღმდეგ რომ იბრძოდნენ, რაღა თქმა უნდა კლუბის შემადგენლობაში არ გამოჩენილან, მაგრამ ტურს უქართველებოდ მაინც არ ჩაუვლია.
მე-19 რაუნდის ცენტრალურ მატჩში ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრი” გათამაშების ლიდერს, დავით ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას ვარსკვლავურ “ტულონს” დაუხვდა და მომხვდური 25:20 დაამარცხა. ქუბრიაშვილი და მიქაუტაძე ნაკრებისთვის ირჯებოდნენ, ჩილაჩავა განაცხადში იყო, მაგრამ მოედანზე არ გამოჩენილა, ხოლო ფეიქრიშვილი მოედანზე 62-ე წუთიდან გამოჩნდა.
პირველ ტაიმში სტუმართა გატანილ სამ ჯარიმას მასპინძლებმა ოთხი ზუსტი დარტყმით, ერთი ლელოთი და ერთი გარდასახვით უპასუხეს - 19:9. მეორე ტაიმის დებიუტში მასპინძლებმა მონაგარს კიდევ სამი ქულა შემატეს, სტუმრებმა 49-ე და 51-ე წუთებზე არეკნი და ჯარიმა გაიტანეს და სიტუაციაც დაიძაბა. “კასტრმა” 63-ე წუთზე გატანილი ჯარიმით ოდნავ ამოისუნთქა, მაგრამ ხუთიოდე წუთში ლელო გაუშვა და რადგან გარდასახვა არაზუსტი იყო, ჩამორჩენა 5 ქულამდე დავიდა. ბევრს ეცადა “ტულონი” დარჩენილ 12 წუთში, მაგრამ გამარჯვების მომტანი ლელო ვეღარ გაიტანა და მხოლოდ 1 პრემიალურ ქულას და დასჯერდა.
ამრიგად, “ტულონს” ახლა 67 ქულა აქვს და უახლოეს მდევართან მისი უპირატესობა 3 ქულამდე შემცირდა. “კასტრს” 54 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა.
გაიმარჯვა იმ მეორე გუნდმაც, რომლის შემადგენლობაშიც ქართველმა ლეგიონერმა ითამაშა. ტრავმის მოშუშების შემდეგ, ქართველი პირველხაზელი ჯაბა ბრეგვაძე მიმდინარე სეზონში “ტულუზას” შემადგენლობაში მეორედ, სასტარტოში კი, პირველად გამოჩნდა. “ბაიონთან” 42:6 მოგებულ თამაშში მან მოედანზე 51 წუთი გაატარა, ხოლო მისი თანაგუნდელი ვასილ კაკოვინი საკუთარი ქვეყნის სახელით თამაშობდა.
მასპინძლებმა მე-6 და 31-ე წუთზე ორი ჯარიმა გაუშვეს, მაგრამ შუალედში სამი ლელო გაიტანეს, სამივე გარდასახვა გამოიტენეს და ტაიმი 21:6 მოიგეს. მეორე ტაიმში “ტულუზამ” ქულა აღარ მიიღო, თავად კვლავ სამი ლელო გაიტანა, გარდასახვები ისევ გამოიყენა და 42:6 იმარჯვა. მასპინძლებმა მეოთხე ლელო 46-ე წუთზე მიითვალეს, ანუ, მაშინ, როდესაც ბრეგვაძე ჯერ კიდევ მოედანზე იყო, ბოლო ორი კი, დასკვნით 10 წუთში. ამრიგად, “ტულუზამ” პრემიალური ქულაც აიღო და ჯამში 60 ქულით მე-3 ადგილზეა.
64 ქულით მეორე ადგილზეა დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”, რომელმაც უქართველებოდ სტუმრად 17:10 დაამარცხა “გრენობლი”. მძიმე ბრძოლა გადაიტანა “ბორდოსთან” ქართველების გარეშე დარჩენილმა “მონპელიემ”. მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილი საქართველოს ნაკრებში იყვნენ გამოძახებული, ხოლო გიორგი ჟღენტი ტრავმირებულია. მასპინძლები მეორე ტაიმის დასაწყისში 12:3 დაწინაურდნენ, მაგრამ 69-ეზე 12:13 ჩამორჩნენ და მხოლოდ სამიოდე წუთში გატანილი ჯარიმის წყალობით იმარჯვეს - 15:13. “მონპელიეს” 53 ქულა აქვს და მე-5 ადგილზეა.
ეროვნულ გუნდში გამოძახებული ზურაბ ჟვანიას გარეშე, “სტად ფრანსე” “პერპინიანთან” 16:32 დამარცხდა, 41 ქულით მე-9 ადგილზეა და საპლეიოფო მე-6 საფეხურს 9 ქულა აშორებს. თამაზ მჭედლიძის გარეშე “აჟენთან” 3:9 დამარცხდა “მონ დე მარსანი” და პრემიალურ ქულას დასჯერდა. ქართველის გუნდი 15 ქულით ბოლო ადგილზეა და თოპ 14-ში ადგილის შესანარჩუნებლად დიდი გარჯა მოუწევს.



კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.109961