საქართველოში მოსულმა ნალექმა კვალი მორაგბეთა XXIII ჩემპიონატის XIV რაუნდსაც დაატყო. თბილისურ მატჩებში ეს იმაში გამოიხატა, რომ მორაგბეებს ხელოვნურ მოედანზე მოუწიათ ბურთაობა და გულშემატკივრებმაც კვლავაც გისოსებს მიღმა აიჭრელა თვალი.
“ავჭალაზე” პირველად ერთმანეთის პირისპირ ის გუნდები წარსდგნენ, რომლებიც მეხუთე-მეექვსე ადგილებისთვის იბრძვიან და პლეი ოფში ქუთაისში სტუმრობისგან თავის დაძვრენას ცდილობენ. ისედაც წინ მყოფმა “ჯიქებმა”, “ლოკომოტივი” დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა და ახლა დიდი ალბათობით შეიძლება იმის თქმა, რომ ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან კლუბს უფრო ძლიერის გამოსავლენად ბრძოლა სწორედ ქუთაისში მოუწევს. შეგახსენებთ, რეგულარული პირველობის ორივე მატჩი “აიასა” და “ლოკომოტივს” შორის ფრედ დასრულდა.
განვლილ მატჩში ანგარიში “ჯიქებმა” დიმიტრი კალანდაძის ჯარიმით გახსნა. მალევე ბობა კვინიხიძემ ჯარიმით წონასწორობა აღადგინა, მაგრამ ჯიქები ისევ 3 ქულით დაწინაურდა. მერე მისი ჯარიმა ძელმა აისხლიტა, კვინიხიძემ წონასწორობა ერთხელაც აღადგინა, ტაიმის მიწურულს კი, “ჯიქებმა” ლელოზე ითამაშა, დასარტყმელი ჯარიმა სწრაფად გაათამაშა, მიზანს ვერ უწია და ტაიმიც 6:6 დასრულდა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ჯარიმა კვინიხიძეს გაუფუჭდა, კალანდაძემ კი, ზუსტად დაჰკრა და თავისიანები მესამედ დააწინაურა. ამაზე “ლოკომოტივმა” კარგი იერიშით უპასუხა, ორჯერ ჯარიმა კარში არ დაარტყა და შერკინება ირჩია, სადაც დიდ უპირატესობას ფლობდა და საჯარიმო ლელოც მიითვალა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა.
შემდეგ “ჯიქებს” მიეცათ სალელოვე შანსი, მეტოქე დაჯარიმდა და რადგან ბურთის სწრაფად გათამაშების საშუალება არ მისცა, სინბინით დაისაჯა.
კალანდაძემ ახლო მანძილიდან ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, 69-ე წუთზე კვინიხიძემ ოთხქულიანი სტატუსქვო ვერ აღადგინა, რადგან 40 მეტრიდან მიზანი ვერ გაასწორა, ბოლოს კი, კალანდაძის მორიგი ჯარიმა კვლავ ძელმა აისხლიტა. აქ “ლოკომოტიველებმა” ითამაშეს უყურადღებოდ, ასხლეტილი ბურთი მეტოქეს დაანებეს და მართალია ლელო არ მიიღეს, მაგრამ ზედ კარის წინ 10 მეტრში ჯარიმა მიიღეს და კალანდაძემ “ჯიქებს” 15:13 მოაგებინა.
ამრიგად, “ჯიქებმა” მე-5 პოზიციაზე ადგილი დაიმკვიდრა და კალენდრის გათვალისწინებით მისი შენარჩუნება აღარ უნდა გაუჭირდეს, “ლოკომოტივს” კი, მე-6 საფეხურით მოუწევს დაკმაყოფილება და პლეი ოფის პირველ ეტაპზე მესამეადგილოსანთან გაარკვევს ურთიერთობას.
“ავჭალაზე” გამართულ მეორე შეხვედრაში “არმაზი” ჩემპიონ “არმიასთან” დავით კიკნაძის არეკნით დაწინაურდა, მაგრამ მეტოქეს იმხელა სათამაშო უპირატესობა ჰქონდა, არმაზელებს პრემიაზე ფიქრიღა შერჩა საზრუნავად.
ბახვა კობახიძემ ჯარიმით წონასწორობა რომ აღადგინა, კიკნაძემ ჯარიმით თანაგუნდელებს სამქულიანი უპირატესობა დაუბრუნა, მაგრამ მე-20 წუთზე ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ბექა მეკოკიშვილი მცველებმა ჩათვლის მოედნამდე რამდენიმე მეტრში შეაჩერეს, მერე იერიში მარცხენა ფლანგზე გაიშალა, კობახიძემ ხაზი გაჭრა და ლელოში ბურთი ლევან გოგოლაშვილს შეაყოლა, ხოლო თავად პასის მიმცემმა გარდასახვა გამოიყენა.
32-ე წუთზე ლაშა აზალაძემ ისე შებოჭა მეტოქე, რომ ბურთიც დაათმობინა, იერიში ამჯერად მარჯვენა ფლანგზე გაიშალა, ალექსი ტუჩაშვილი ორ მცველს ლამაზად დაუსხლტა და მეორე ლელო გაიტანა, ხოლო კობახიძე გარდასახვიდან არ შეცდა. სამაგიეროდ, კობახიძეს მომდევნო ორი ჯარიმა გაუცუდდა, კიკნაძემ ზედ შესვენების წინ შანსი ხელიდან არ გაუშვა და თამაშს ინტრიგა შეუნარჩუნა - 17:9.
მეორე ტაიმის დასაწყისში კიკნაძემ ერთხელაც სცადა არეკნის გატანა და მიზანმა უმტყუნა, მერე “არმიამ” უპირატესობა გამოიყენა და ძალისმიერი იერიში გიორგი კალმახელიძის ლელოთი დასრულდა. “არმია” ამაზე არ შეჩერდა და მამუკა ნინიძის მეოთხე ლელოთი გამარჯვებულის ვინაობა ვადაზე ადრე გაარკვია, მით უმეტეს, რომ კობახიძემ ორივე გარდასახვა გამოიყენა.
დარჩენილ დროში კიკნაძემ ორი ჯარიმით შეამცირა სხვაობა, მაგრამ ამით მისმა გუნდმა ვერ იხეირა და უქულოდ დარჩა - 31:18.
დღესვე, “შევარდენზე”, “აკადემიამ” “ყოჩებს” 30:14 სძლია და მეტოქე ბოლო ადგილისთვის გაწირა, რაც იმას ნიშნავს, რომ “ყოჩებს” გაისად უმაღლეს ლიგაში დასარჩენად პირველი ლიგის პირველადგილოსანთან მოუწევს თამაში, ხოლო “აკადემიამ” პლეი ოფისთვის თავის დაღწევის შანსი შეინარჩუნა.
ქუთაისში “აიამ” “ლელოსთან” პირველ ტაიმში უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მეორე ნახევარში თბილისელები გამოცოცხლდნენ და დრო რომ ჰქონოდათ, ეგებ თამაშიც მოეგოთ, ასე კი, მხოლოდ ქულას დასჯერდნენ – 24:20.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XIV რაუნდი
24 თებერვალი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”.
აკადემია (თბილისი) - ყოჩები (თბილისი) 30:14
ჯიქები (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 15:13 (6:6)
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 200 მაყურებელი
ჯიქები: 15. დ. კიკნაძე (ნ. გიორგაძე), 14. რ. ხარაზიშვილი, 13. ნ. ბერძული, 12. ვ. კუპრეიშვილი, 11. ნ. ბიწაძე, 10. დ. კალანდაძე, 9. ა. ზაბახიძე; 1. დ. ოქრიაშვილი (ნ. ხატიაშვილი), 2. ი. სვანიძე, 3. ლ. ყაულაშვილი, 4. ლ. ტალახაძე (ვ. გოგოლაძე), 5. გ. მჭედლიშვილი, 6. ბ. მამრიკიშვილი (ვ. ტურაშვილი), 7. გ. შენგელია, 8. ჯ. კიკვაძე.
5 ჯარიმა: კალანდაძე
ლოკომოტივი: 15. გ. ბიწაძე, 14. ს. ქავთარაძე, 13. დ. ჭურღულია, 12. ვ. კავთიძე, 11. შ. შიოშვილი (ბ. წიკლაური), 10. ბ. კვინიხიძე, 9. ი. ღვინჯილია; 1. ო. ბილიაშვილი (ლ. მარსაგიშვილი), 2. ლ. გენებაშვილი, 3. დ. გასვიანი, 4. გ. გოგია, 5. დ. ცუხიშვილი (ვ. ახვლედიანი), 6. გ. სულთანიშვილი, 7. თ. ჩიტიძე (ლ. ფოფხაძე), 8. ზ. მაისურაძე.
1 ლელო: საჯარიმო
1 გარდასახვა: კვინიხიძე
2 ჯარიმა: კვინიხიძე
არმია (თბილისი) - არმაზი (თბილისი) 31:18 (17:9)
თბილისი. “ავჭალა” (ხელოვნური). 300 მაყურებელი
არმია: 15. ნ. კობახიძე, 14. ა. ტუჩაშვილი (ვ. გაბროშვილი), 13. გ. ჯიმშელაძე (გ. გაგოშვილი), 12. ი. ჩხიკვაძე, 11. ლ. გოგოლაშვილი, 10. მ. ნინიძე, 9. რ. ჯინაშვილი (აფციაური); 1. გ. კაკოვინი (ი. ქორიძე), 2. ბ. მეკოკიშვილი, 3. ტ. დონაძე (გ. ზაქაშვილი), 4. მ. არჩუაშვილი, 5. მ. ცხადაძე, 6. ბ. ბიეაძე (გ. ჟღენტი), 7. გ. კალმახელიძე, 8. ლ. აზალაძე (ხ. ბუჯიაშვილი).
4 ლელო: გოგოლაშვილი, ტუჩაშვილი, კალმახელიძე, ნინიძე
4 გარდასახვა: კობახიძე
1 ჯარიმა: კობახიძე
არმაზი: 15. ს. ნიკოლავა (გ. მჟავანაძე), 14. ნ. პინაიშვილი (ლ. სირაძე), 13. პ. მაისურაძე, 12. ვ. კაიფაჯიანი, 11. ვ. ჩხაიძე, 10. დ. კიკნაძე, 9. რ. ბროძელი (ზ. ბაქანიძე); 1. თ. ჯიბლაძე, 2. გ. სოსელია, 3. ტ. ფრუიძე (ვ. თაგაური), 4. ბ. ჯიშკარიანი, 5. ზ. კაჭარავა, 6. შ. კანდელაკი, 7. ო. მინაშვილი, 8. ვ. თიგიშვილი.
5 ჯარიმა: კიკნაძე
1 არეკნი: კიკნაძე
ქუთაისი. “დინამო”.
აია (ქუთაისი) - ლელო (თბილისი) 24:20
ბათუმი (ბათუმი) - ხარები (რუსთავი) (გადაიდო)
1. ლელო 14 12 0 2 389-183 57
2. არმია 14 12 0 2 359-210 56
3. აია 14 9 2 3 380-218 46
4. არმაზი 14 10 0 4 280-238 42
5. ჯიქები 14 7 0 7 257-235 35
6. ლოკომოტივი 14 5 2 7 278-258 30
7. ხარები 13 4 0 9 191-287 20
8. აკადემია 14 4 0 10 141-366 18
9. ბათუმი 13 3 0 10 207-320 15
10. ყოჩები 14 1 0 13 208-372 7
მომდევნო ტური. 2-3 მარტი
ლელო - ლოკომოტივი, ყოჩები - ჯიქები, არმაზი - აია, აკადემია - ბათუმი, ხარები - არმია
ლაშა კუპრაშვილის ფოტოები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია