საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ჩემპიონატის პირველი ლიგის პირველი ეტაპის დასრულებამდე რამდენიმე თამაში დარჩა და უკვე ცნობილია იმ სამი გუნდის ვინაობა, რომლებიც რომლებიც უმაღლესი ლიგის საგზურისთვის გააგრძელებენ ბრძოლას.
ახალი რეგლამენტის თანახმად, პირველი ლიგის 15 გუნდი რეგიონალური პრინციპით ორ ზონად დაიყო. აღმოსავლეთ ზონაში 9 გუნდი მოხვდა, რომელთაგან 7 თბილისს (თიბისი, ივერია, ხულიგანა, დინამო, დევები, ტორნადო და სტუ) წარმოადგენს, თითო-თითო კი, პატარძეულს (ვეფხვები) და გარდაბანს (მგლები). დასავლეთ ზონაში ექვსი გუნდი გაერთიანდა და რაც ყველაზე სასიხარულოა, ექვსივე სხვადასხვა ქალაქის წარმომადგენელი - ქუთაისის “ბაგრატი”, ფოთის “კოლხი რაინდები”, ბათუმის “დელფინები”, ოზურგეთის “არწივები”, საჩხერის “ჯრუჭი” და მარტვილის “მარტვილი”.
პირველ ეტაპზე აღმოსავლეთისა და დასავლეთის გუნდები ცალ-ცალკე, ორ წრედ თამაშობე, ვლინდება თითოეული ზონის ორ-ორი საუკეთესო გუნდი, ისინი ერთ ჯგუფში ერთიანდება და ეს ოთხი გუნდი ასევე ორ წრედ აგრძელებს თამაშს. ოთხიდან ორი საუკეთესო გუნდი უმაღლესი ლიგის საგზურისთვის უკვე პლეი ოფში ებმება – პირველი ლიგის საუკეთესო გუნდი უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსანთან, ხოლო პირველი ლიგის მეორეადგილოსანი უმაღლესის მე-9 ადგილოსანთან ორი მატჩის ჯამში (შინ და გარეთ) არკვევს იმ გუნდების ვინაობას, რომლებიც გაისად უმაღლეს ლიგაში ითამაშებენ.
აღმოსავლეთ ლიგაში უკვე XVI რაუნდი მიილია და თბილისის “თიბისიმ” ოთხეულში თამაში დაიბევა. თბილისელებმა ჩატარებული 14 მატჩიდან 13 მოიგეს, ერთი ფრედ დაასრულეს (“ივერიასთან” 20:20), 64 ქულა მოაგროვეს და მდევრებისთვის მიუწვდომელი გახდნენ. აღსანიშნავია, რომ “თიბისიმ” ბოლო დროს კიდევ უფრო მოუმატა და მეტოქეებს უკვე კატასტროფული სხვაობებით ამარცხებდა.
49 ქულით მეორე ადგილზე პატარძეულის “ვეფხვები”, რომელსაც ოთხეულის საგზურს თბილისის “ივერია” ეცილება. “ვეფხვები” მდევარს 6 ქულით უსწრებენ და ოთხეულში გასასვლელად ერთი თამაშიც მოგებაც ეყოფათ. მომდევნო ტურში ისინი ლიდერ “თიბისის” ეთამაშებიან, ბოლოს კი, “დევებს” დაუპირსიპირდებიან. “ივერიას” “დინამოსთან” და “მგლებთან” ელის თამაშები.
დასავლეთში უკვე ყველაფერი გარკვეულია. აქ მხოლოდ ერთი ტური დარჩა გასამართი და IX რაუნდის შემდეგ სატურნირო ცხრილს 44 ქულით ყველა შეხვედრის მომგები ქუთაისის “ბაგრატი” ლიდერობს. მეორე ადგილზე ფოთის “კოლხი რაინდებია”, რომელიც თავის მხრივ უახლოეს მდევარს 13 ქულით უსწრებს. დასკვნით ტურში ერთურთს სწორედ “ბაგრატი” და “რაინდები” ეთამაშებიან, მაგრამ ეს სატურნირო ცხრილში ადგილების გადანაწილებაზე ვერ იმოქმედებს.
ოთხეულის შეხვედრები 24-25 მარტს დაიწყება და 28-29 აპრილს დასრულდება, უმაღლესლიგელებთან პლეი ოფები კი, 11-12 და 18-19 მაისსაა დანიშნული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია