ამბები

19:41 | 1.03.2013 | ნანახია 690 - ჯერ

შაბათს “ავჭალასა” და “შევარდენზე”

ხვალ ქართული რაგბის გულშემატკივარს ორ ნაწილად მოუწევს გაყოფა, რადგან “ავჭალასა” და “შევარდენის” მოედნებზე ერთდროულად, 15 საათზე, საქართველოს XXIII ჩემპიონატის ორი თამაში იწყება.
ქუთაისელი გულშემატკივრის ყურადღება “შევარდენისკენ” იქნება მიპყრობილი, რადგან იქ “აია” უშუალო კონკურენტ “არმაზს” ეთამაშება და მესამე ადგილის დაბევებას ნაადრევად ეცდება. რეგულარული პირველობის დასრულებამდე ოთხი ტურით ადრე, ქუთათურები მეტოქეს 4 ქულით უსწრებენ და გამარჯვების შემთხვევაში მესამე ადგილის პრატიკულად დაბევებასთან ერთად, პლეი ოფის პირველ ეტაპზე მეექვსეადგილოსანთან ქუთაისში, საკუთარი გულშემატკივრის წინაშე თამაშსაც გაინაღდებენ.
ამ კუთხით “არმაზისთვის” დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მესამე ადგილზე გავა, მეოთხეზე თუ სულაც მეხუთეზე, რადგან მისი მეტოქე თბილისური გუნდი იქნება და აქ სტუმარ-მასპინძელსაც დიდი მნიშვნელობა აღარ ექნება. და მაინც, ეს რაგბია, სადაც ნებისმიერი გუნდი ნებისმიერ შემთხვევაში ბოლომდე იბრძვის, ამასთან, თბილისელებს ურჩევნიათ მესამე პოზიციაზე გავიდნენ და პლეი ოფში შედარებით სუსტ მეექვსეადგილოსანს შეხვდნენ. “არმაზს” ჯერჯერობით არც მე-4 საფეხური აქვს განაღდებული და გამარჯვება მისთვის ამ პოზიციის შენარჩუნების პრაქტიკულად განაღდებაც იქნება.
ერთი კვირის წინ გუნდებმა მძიმე ბრძოლები გადაიტანეს და განსხვავებული შედეგები აჩვენეს. “აიამ” ქუთაისში ლიდერ “ლელოს” უმასპინძლა, პირველ ტაიმში საგრძნობი უპირატესობა მოიპოვა, მაგრამ მეორე ნახევარში გაუჭირდა და საბოლოოდ 4 ქულით იმარჯვა - 24:20. “არმაზი” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს ვერ აღუდგა, 18:31 დამარცხდა და მეტოქეს პრემიალური ქულაც გაატანა, მაგრამ იმ მატჩისგან განსხვავებით, თბილისელებს გუნდის ლიდერი ირაკლი მაჩხანელი დაუბრუნდებით, რომელიც ერთი კვირის წინ ნაკრებისთვის ირჯებოდა. პირველ წრეში “აიამ” ქუთაისში 28:20 იმარჯვა და მეტოქეს ქულაც არ დაანება, თუმცა, პრემია ვერც თავად ჩაიწერა.
“ავჭალაზე” საქართველოს ჩემპიონატის ბოლო წლების გამორჩეული დერბი გაიმართება. დედაქალაქურ ჯახში ერთმანეთის პირისპირ “ლელო” და “ლოკომოტივი” წარდგებიან. გამოცდილება გვკარნახობს, რომ რა მდგომარეობაშიც არ უნდა იყვნენ ეს გუნდები, მათი დაპირისპირება მუდამ დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობს და არცთუ იშვიათად მოედანზე ხელჩართული ჩხუბებიც იმართება. ჩხუბისა რა გითხრათ და თამაში ახლაც საინტერესო საყურებელი რომ იქნება, ეჭვგარეშეა.
ზემოთაც ვთქვით, რომ “ლელო” ერთი კვირის წინ ქუთაისში “აიასთან” დამარცხდა და მხოლოდ ქულას დასჯერდა, მაგრამ გუნდმა მეორე ტაიმში შესაშური ბრძოლისუნარიანობა და გამარჯვებისკენ სწრაფვის სურვილი გამოავლინა. ახლა მას ეროვნული გუნდიდან ლაშა ხმალაძე დაუბრუნდება და ირაკლი ყიასაშვილიც უფრო მომზადებული შეხვდება თამაშს, რომელიც ერთი კვირის წინ ნაკრებთან ერთად იყო, “ბორჯღალოსნების” მაისურით არ უთამაშია, მაგრამ ვერც კლუბთან ერთად მოემზადა სათანადოდ.
სანაკრებო მატჩის შემდეგ “ლოკომოტივს” გააძლიერებს ბექა ბიწაძე. ისიც სანაკრებო შეკრებაზე იყო, რუსეთის წინააღმდეგ რამდენიმე წუთი ითამაშა და ჩემპიონატის მატჩში შეცვლაზე შევიდა, მაგრამ მგზავრობამ თავისი კვალი დაატყო. “ლოკომოტივი” ერთი კვირის წინ უშუალო კონკურენტ “ჯიქებს” ეთამაშა, გარკვეულ კომპონენტებში მეტოქეს ჯაბნიდა და წინაც იყო, მაგრამ უდისციპლინობამ მათ თამაში წააგებინა - 13:15. მართალია “ლოკომოტივს” ექვსეულში მოხვედრა თითქმის განაღდებული აქვს, რადგან მდევარს 10 ქულით უსწრებს, მაგრამ “ხარებს” ერთი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და ამასთან, პლეი ოფის პირველ ეტაპზე ქუთაისში გამგზავრება არც ქვეყნის ყველაზე ტიტულოვანი კლუბის გეგმებში უნდა შედიოდეს.
თავის მხრივ, წინა ტურში მარცხით “ლელოს” “არმია” მიუახლოვდა და ახლა ისინი პოზიციის შენარჩუნებას და რეგულარული პირველობის პირველ ადგილზე დასრულებას ეცდებიან. პირველ წრეში “ლელომ” “ლოკომოტივი” დაძაბულ ბრძოლაში 21:15 დაამარცხა.
ამ თამაშის დასრულების შემდეგ, 17 საათზე “ავჭალაზე” მეორე თბილისური დერბი დაიწყება, რომელშიც “ყოჩები” “ჯიქებს” დაუპირისპირდება. “ყოჩებმა” გასულ ტურში “აკადემიასთან” 14:30 მარცხით, ისედაც არცთუ სახარბიელო მდგომარეობა კიდევ უფრო დაიმძიმა და თუ გადათამაშებისთვის თავის არიდება სურს, ყველა დარჩენილი თამაში უნდა მოიგოს. საქართველოს უძველესმა სარაგბო კლუბმა, განვლილი 14 თამაშიდან მხოლოდ ერთი მოიგო და სატურნირო ცხრილის ფსკერზეა.
თავისი მიზნები აქვს “ჯიქებს”, რომელიც ძალღონეს არ იშურებს, რომ პლეი ოფში უკეთესი ადგილით გავიდეს და გასულ ტურში “ლოკომოტივის” დამარცხებით მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუმჯობესა, ახლა კი, პრემიალური ქულით მოგებით პოზიციის კიდევ უფრო გამყარებას ეცდება. ამასთან, ამ ახალგაზრდულ გუნდს ჯერ კიდევ შერჩა ოთხეულში მოხვედრის შანსი და ამისათვისაც იბრძოლებს. “ჯიქებმა” პირველ წრეში “ყოჩები” 17:6 დაამარცხა, მაგრამ ანგარიშმა არ მოგატყუოთ. გამარჯვებული სრულ უპირატესობას ფლობდა, სამი უპასუხო ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა.
ტურის ორი თამაში კვირასაა დანიშნული და აქედან ერთი 15 საათზე “შევარდენზე” დაიწყება. “აკადემიამ” ბოლოსწინა ადგილს თავი რომ დააღწია, ახლა გადათამაშებისთვის თავის არიდებაზე ფიქრობს და ამისათვის უშუალო კონკურენტის, “ბათუმის” დამარცხება მართებს. თბილისელებმა ზღვისპირელებს 3 ქულით კი გაასწრეს, მაგრამ მეტოქეს ერთი თამაში თადარიგში აქვს და 4 ქულას დიდი მნიშვნელობა ენიჭება.
“ბათუმმა” გრიპის ვირუსის გამო ერთი კვირის წინ “ხარებთან” ვერ ითამაშა დასვენებულია, თანაც ნაკრებიდან 9 ნომერი გიორგი ბეგაძეც დაუბრუნდა. “აკადემიამ” “ყოჩებს” 30:14 რომ აჯობა, ხასიათ გამოიკეთა და მეტოქეს ამაღლებულ განწყობაზე ხვდება. პირველ წრეში ბათუმელებმა საკუთარ მოედანზე 25:12 იმარჯვეს.
ერთი კვირის დაისვენა და ისე დაუხვდება რუსთავის ახალ სტადიონზე “ხარები” ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “არმიას”. რუსთაველებს ნაკრებიდან ვაჟა ხუციშვილი, ხოლო არმიელებს შალვა მამუკაშვილი დაუბრუნდნენ. თუკი “ხარები” პირველ ლიგაში გასავარდნი პლეი ოფისთვის თავის ასარიდებლად იბრძვიან, “არმია” ჩემპიონატის პირველ ადგილზე დასრულებაზე ფიქრობს, ერთი კვირის წინ თავად “არმაზს” პრემიალური ქულით რომ სძლია, ქუთაისიდან საჩუქარიც მიიღო (“ლელო” დამარცხდა), ლიდერს მხოლოდ ქულითღა ჩამორჩება და ახლა პრემიალური ქულის აღებასაც ეცდება. აღსანიშნავია, რომ პირველ წრეში რუსთაველები 14:24 კი დამარცხდნენ, მაგრამ მეტოქეს პრემიალური ქულა არ დაანებეს და ახლა საკუთარ ქალაქში მეტის მიღწევასაც ეცდებიან.

საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XV რაუნდი
2 მარტი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”. 15 საათი

არმაზი (თბილისი) - აია (ქუთაისი)
თბილისი. “ავჭალა”. 15 საათი
ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი)
თბილისი. “ავჭალა”. 17 საათი
 ყოჩები (თბილისი) - ჯიქები (თბილისი)


3 მარტი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”. 15 საათი

აკადემია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი)
რუსთავი. ახალი. 15 საათი
ხარები (რუსთავი) - არმია (თბილისი)

 

1 ლელო 14 12 0 2 389-183 57
2 არმია 14 12 0 2 359-210 56
3 აია 14 9 2 3 380-218 46
4 არმაზი 14 10 0 4 280-238 42
5 ჯიქები 14 7 0 7 257-235 35
6 ლოკომოტივი 14 5 2 7 278-258 30
7 ხარები  13 4 0 9 191-287 20
8 აკადემია 14 4 0 10 141-366 18
9 ბათუმი 13 3 0 10 207-320 15
10 ყოჩები 14 1 0 13 208-372 7



მომდევნო ტური. 23-24 მარტი
არმია - აკადემია, აია - ხარები, ბათუმი - ყოჩები, არმაზი - ლოკომოტივი, ჯიქები - ლელო





კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.190233