ამბები

16:20 | 28.02.2013 | ნანახია 754 - ჯერ

ქართული შვიდკაცა “ოლ ბლექსის” წინააღმდეგ

28-30 ივნისს რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში დაგეგმილ შვიდაკაცას მსოფლიო თასის ფინალურ ეტაპზე საქართველოს ეროვნულ ნაკრებს ჭიდილი ახალი ზელანდიის გუნდთან მოუწევს. ცხადია, მომავალი შეხვედრა კლასიკურ რაგბში რომ ყოფილიყო, ქართველ ქომაგებში გაცილებით დიდ ინტერესს გამოიწვევდა, თუმცა, “ოლ ბლექსთან” ძალების გამოცდა ნებისმიერ დონეზე საპატიო უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ მოსკოვში გამართული კენჭისყრის წინ, საქართველოს შვიდკაცა ნაკრები ბოლო მე-4 კალათაში გახლდათ განთესილი და იოლი მეტოქეების მოლოდინში არ უნდა ვყოფილიყავით, თუმცა, უნდა ითქვას, რომ პირველი კალათის გარდა, სადაც ყველა შესაძლო მოწინააღმდეგე უძლიერესი იყო, მისაღები გუნდები გვერგო.
ზელანდიელთა გარდა, ქართველი მორაგბეები D ჯგუფში აშშ-ს და კანადას დაუპირისპირდებიან და იქნებ, საპატიო მე-2 ადგილსაც გამოჰკრან ხელი. ცნობისთვის, მერვედფინალში ექვსი ჯგუფის გამარჯვებული და ორიც საუკეთესო მეორეადგილოსანი გავლენ და მთავარი ჯილდოსთვის ბრძოლას გააგრძელებენ.
ცნობისთვის, მსოფლიო თასის მოქმედი გამარჯვებული უელსი ნაკრები E ჯგუფში მოხვდა, სადაც მეტოქეებად ფიჯი, ტონგა და ურუგვაი ეყოლება, მასპინძელ რუსეთს კი სამხრეთ აფრიკასთან, საფრანგეთთან და იაპონიასთან ჭიდილი ელის.
საინტერესოა, რომ რუსებს მომავალი ტურნირის თილისმის შერჩევისას ბევრი არც ამჯერად უფიქრიათ და უპირატესობა დათვს მიანიჭეს. შეგახსენებთ, რომ იგივე ცხოველი გახლდათ მოსკოვში გამართული 1980 წლის ოლიმპიადის თილისმაც, რამაც თავად რუს ქომაგებშიც ირონია გამოიწვია, ეტყობა, ჩვენი სპორტის მამების ფანტაზია დათვის იქით ვერ მიდისო.

 

A ჯგუფი: ავსტრალია, საფრანგეთი, ესპანეთი, ტუნისი.
B ჯგუფი: სამხრეთ აფრიკა, შოტლანდია, რუსეთი, იაპონია.
C ჯგუფი: სამოა, კენია, ზიმბაბვე, ფილიპინები.
D ჯგუფი: ახალი ზელანდია, აშშ, კანადა, საქართველო.
E ჯგუფი: ფიჯი, უელსი, ტონგა, ურუგვაი.
F ჯგუფი: ინგლისი, არგენტინა, პორტუგალია, ჰონგ კონგი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.09649