საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული პირველობის რეგულარული სეზონის დასრულებამდე 3 ტური და ერთი გადადებული თამაში დარჩა, მაგრამ პრაქტიკულად უკვე გადაწყვეტილია, თუ როგორ დაწყვილდებიან გუნდები საჩემპიონო პლეი ოფში და ვის ვისთან მოუწევს თამაში უმაღლესში დასარჩენ პლეი ოფში.
როდესაც ყველაფრის გარკვეულობაზე ვსაუბრობთ, აქ სატურნირო ცხრილის მდგომარეობასთან ერთად, მომავალი თამაშების კალენდარს და იქ ასაღები ქულების ალბათობასაც ვითვალისწინებთ, თორემ თეორიულად, გუნდებს 15-20-ქულიანი სხვაობის აღმოფხვრის შანსი ჯერ კიდევ შერჩათ.
XV რაუნდის ცენტრალური მატჩი “ავჭალაზე” გაიმართა, სადაც დედაქალაქურ დერბში “ლელო” “ლოკომოტივს” გაეჯიბრა და ამ ეტაპზე უპირატესობა კიდევ ერთხელ დაამტკიცა. ქულაუხვ მატჩში “ლოკომოტივმა” 29 ქულა მოაგროვა, მაგრამ თავად 49 გაუშვა და დამარცხდა, რითაც მე-6 საფეხურიდან და შესაბამისად, პლეი ოფში ქუთაისში სტუმრობიდან თავის დაღწევის შანსი საბოლოოდ ხელიდან გაუშვა. “ლელოს” მხოლოდ ის თუ დაადარდიანებდა, რომ მეტოქეს სამით მეტი ლელო ვერ გაუტანა, რაც იმას ნიშნავდა, რომ პრემიალური ქულის ჩაწერა ვერ მოახერხა.
მათი წუხილი რუსთავის “ხარებმა” გაანეიტრალა, რომელიც ქვეყნის მოქმედ ჩემპიონ “არმიას” იოლად არ დანებდა და მხოლოდ 18:21 დამარცხდა. ამით მათ პრემიალური ქულა ჩაიწერეს და რაც ლიდერისთვის უფრო მნიშვნელოვანია, მეტოქეს პრემიალური ქულა არ გაატანა, რითაც არმიელებს “ლელოსთან” გათანაბრების საშუალება არ მისცა.
თბილისში ქუთაისის “აიამ” “არმაზს” 19:7 რომ აჯობა, ამით მე-3 ადგილი და პლეი ოფის პირველ ეტაპზე ქუთაისში თამაშიც პრაქტიკულად დაიბევა. ახლა “არმაზი” იმაზე თუ იფიქრებს, რომ რეგულარულ გათამაშებაში მე-4 ადგილი “ჯიქებმა” არ ჩამოართვას, რომელმაც აუტსაიდერი “ყოჩები” 47:8 გაანადგურა და ამით “არმაზთან” თამაშის უფლება პრაქტიკულად მოიპოვა. შეგახსენებთ, რეგლამენტის თანახმად, პლეი ოფის პირველ ეტაპზე პირველ-მეორეადგილოსნები ისვენებენ, მესამეადგილოსანი მეექვსეს, ხოლო მეოთხეადგილოსანი მეხუთესთან ერთმატჩიან ჯახს გამართავს.
მეორე ეტაპზე პირველ-მეორეადგილოსნები ერთმატჩიან დუელში გაარკვევენ იმ გუნდის ვინაობას, რომელიც ფინალში თამაშის უფლებას დაიბევებს, დამარცხებული კი, ამავე უფლებისთვის მცირე ფინალში იბრძოლებს, სადაც მისი მეტოქე კიდევ ერთი ჯახის გამარჯვებული გუნდი იქნება. იქ მესამე-მეექვსე და მეოთხე-მეხუთეადგილოსანი გუნდების წყვილს შორის გამარჯვებულები იბრძოლებენ და მასპინძლის უფლება მესამე-მეექვსეადგილოსანს შორის გამარჯვებულს ექნება.
განვლილ ტურს რომ დავუბრუნდეთ, თბილისში “ბათუმმა” “აკადემიას” 30:15 აჯობა, რითაც მე-8 ადგილი და შესაბამისად, უმაღლესში დასარჩენი პლეი ოფისთვის თავის არიდების შანსი გაიუმჯობესა. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ რეგულარული პირველობის დასრულების შემდეგ, უმაღლესი ლიგის ბოლოადგილოსანი პირველი ლიგის გამარჯვებულთან, ხოლო უმაღლესი ლიგის მე-9 ადგილოსანი პირველ ლიგაში მეორე ადგილზე გასულ გუნდთან ორრაუნდიან ბრძოლას გამართავს.
საქართველოს მორაგბეთა XXIII ეროვნული ჩემპიონატი. XV რაუნდი
2 მარტი. შაბათი
თბილისი. “შევარდენი”.
არმაზი (თბილისი) - აია (ქუთაისი) 7:19
თბილისი. “ავჭალა”.
ლელო (თბილისი) - ლოკომოტივი (თბილისი) 49:29
თბილისი. “ავჭალა”.
ყოჩები (თბილისი) - ჯიქები (თბილისი) 8:47
3 მარტი. კვირა
თბილისი. “შევარდენი”.
აკადემია (თბილისი) - ბათუმი (ბათუმი) 15:30
რუსთავი. ახალი.
ხარები (რუსთავი) - არმია (თბილისი) 18:21
1. ლელო 15 13 0 2 438-212 61
2. არმია 15 13 0 2 380-228 60
3. აია 15 10 2 3 399-225 50
4. არმაზი 15 10 0 5 287-257 42
5. ჯიქები 15 8 0 7 304-243 40
6. ლოკომოტივი 15 5 2 8 307-307 30
7. ხარები 14 4 0 10 209-308 21
8. ბათუმი 14 4 0 10 237-335 19
9. აკადემია 15 4 0 11 156-396 18
10. ყოჩები 15 1 0 14 216-419 7
მომდევნო ტური. 23-24 მარტი
არმია - აკადემია, აია - ხარები, ბათუმი - ყოჩები, არმაზი - ლოკომოტივი, ჯიქები - ლელო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია