სანამ საფრანგეთის მორაგბეთა ელიტურ დივიზიონ თოპ 14-ის ქართველი ლეგიონერები თბილისში სანაკრებო შეკრებაზე გამოემგზავრებოდნენ, მათმა გუნდებმა შინაური პირველობის რეგულარული გათამაშების XX რაუნდის შეხვედრები მოილიეს. აღსანიშნავია, რომ განვლილ ტურში ქართველ ლეგიონერთა რვა გუნდიდან ექვსმა ერთმანეთში ითამაშა.
ტურის უდავოდ ცენტრალური მატჩი ტულონში გაიმართა და მასში გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, დავით ქუბრიაშვილის, ლევან ჩილაჩავასა და კონსტანტინე მიქაუტაძის “ტულონმა” ქვეყნის ყველაზე ტიტულოვან გუნდს და მოქმედ ჩემპიონს, ჯაბა ბრეგვაძისა და ვასილ კაკოვინის “ტულუზას” უმასპინძლა. “ტულონმა” ბოლო დროს ზედიზედ ორი გასვლითი მატჩი რომ წააგო (შუალედში საკუთარ მოედანზე იმარჯვა), მდევარს ჩამორჩენის შემცირების საშუალება მისცა და ამჯერად მოედანზე მაქსიმალურად მობილიზებული გავიდა. ამასთან, მასპინძლებმა ტულუზელთა არცთუ კარგი სათამაშო ფორმით ისარგებლეს და ჩემპიონს ბოლო ოთხ თამაშში მესამე მარცხი აგემეს.
შეხვედრამ გადაჭედილი ტრიბუნების წინაშე, საოცარ ატმოსფეროში ჩაიარა. მასპინძელთა მხრიდან ქართველი ლეგიონერებიდან განაცხადში მხოლოდ პირველხაზელი ჩილაჩავა უყო და შეცვლაზე 77-ე წუთიდან ითამაშა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ პირველხაზელები ბრეგვაძე და კაკოვინი, რომლებიც მეორე ტაიმის დასაწყისში, 43-ე წუთზე ერთდროულად შეცვალეს. კაკოვინს ტრავმირებული თანაგუნდელის ნაცვლად მოედანზე დაბრუნება მალევე მოუწია და 51-ედან 57-ე წუთამდე გაისარჯა.
მასპინძლები ორი ჯარიმით რომ დაწინაურდნენ, საპასუხო 3 ქულის აღების შანსი “ტულუზასაც” მიეცა. ბურთი ძელმა აისხლიტა, მაგრამ ის სტუმართა ნადავლი გახდა და საპასუხოდ ლელო გავიდა, რასაც ზუსტი გარდასახვა მოყვა. “ტულონმა” ჯარიმით უპირატესობა მალევე დაიბრუნა და საპასუხო ლელო-გარდასახვით კიდევ უფრო წინ გაიჭრა. ტულუზელებმა ორი არეკნით ჩამორჩენა 3 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ შესვენების წინ კიდევ ერთი ჯარიმა მიიღეს და შესვენებაზე 6-ქულიანი დეფიციტით გავიდნენ - 13:19.
50-ე წუთზე “ტულუზამ” ჯარიმით ჩამორჩენა სარაგბო საზომებით კვლავ მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ დასკვნით 15 წუთში “ტულონი” სრულად დაეუფლა უპირატესობას, ორ არეკნს და ერთ ჯარიმას ლელო-გარდასახვა მიაყოლა და დიდი სხვაობით, 35:16 იმარჯვა, თუმცა, პრემიალური ქულა ვერ ჩაიწერა. ახლა “ტულონი” რეგულარულ პირველობას 71 ქულით ლიდერობს, “ტულუზა” კი, 60 ქულით მესამე ადგილზეა.
ლიდერს 2 ქულით ჩამორჩება დავით ზირაქაშვილისა და ვიტო კოლელიშვილის “კლერმონი”, რომელმაც ზედიზედ მესამე თამაში მოიგო და 69 ქულა მოაგროვა. ამჯერად “კლერმონი” ქართველების გარეშე ეწვია პარიზს და ზურაბ ჟვანიას გარეშე მოთამაშე “სტად ფრანსეს” პრემიალური ქულით 37:10 აჯობა. სტუმრებმა საწყის 26 წუთში სამი ლელო გაიტანეს, მასპინძლებმა ერთი ლელო 71-ე წუთზე მიითვალეს და მეტოქე პრემიალური ქულის დაკარგვის საფრთხის წინაშე დააყენეს, მაგრამ “კლერმონმა” ოთხ წუთში შეძლო მეოთხე ლელოს გატანა და პარიზიდან მაინც 5 ქულა წაიღო. “სტად ფრანსეს” 41 ქულა დარჩა და მე-10 ადგილზეა.
ტურის კიდევ ერთ ცენტრალურ მატჩში ანტონ ფეიქრიშვილის “კასტრმა” მამუკა გორგოძის, მიხეილ ნარიაშვილისა და გიორგი ჟღენტის “მონპელიეს” უმასპინძლა. გორგოძე სტუმართა კაპიტანი იყო და შერკინების მესამე ხაზში შეუცვლელად ითამაშა. როდესაც გუნდს გაუჭირდა, მან მეორე ხაზშიც არ ითაკალა თამაში. სასტარტო შემადგენლობაში იყო და 64 წუთი გაისარჯა ნარიაშვილი, ხოლო ჟღენტი ტრავმირებულია. “კასტრის” შემადგენლობაში 53-ე წუთზე შეცვლაზე შევიდა ფეიქრიშვილი.
თამაში “მონპელიესთვის” იდეალურად დაიწყო - მე-5 წუთზე გატანილი ლელო-გარდასახვით დაწინაურდა, რასაც მალევე ზუსტი ჯარიმა მოყვა. მასპინძლებმა ორი ჯარიმა გაიტანეს, რომელთა შორისაც ერთი ჯარიმა კვლავ სტუმრებმა მიითვალეს, 27-ე წუთზე კი, “მონპელიეს” სწრაფი იერიშის შემდეგ, ბურთი გორგოძემ მიიღო, ჯიქურ წავიდა სამ მცველზე და ჩათვლის მოედნამდე სანტიმეტრები დააკლდა, მაგრამ ბურთი სწრაფადვე გაათავისუფლა და მისმა თანაგუნდელმა მეორე ლელო გაიტანა, რასაც კვლავ ზუსტი გარდასახვა მოყვა - 20:6.
მასპინძლებმა მალევე შეძლეს გონს მოსვლა და შესვენებამდე ლელოთი, გარდასახვით და ჯარიმით ჩამორჩენა 4 ქულამდე დაიყვანეს, ხოლო მეორე ნახევარში სრულად დაეუფლნენ უპირატესობას. მათმა შერკინებამ აშკარად იმძლავრა და 47-ე წუთზე “კასტრმა” მეორე ლელო-გარდასახვა გაიტანა, ხოლო 58-ე წუთზე ჯარიმით საბოლოო ანგარიში - 26:20 დააფიქსირა. სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ ანგარიშში ცვლილებების შეტანა მასპინძლებს უფრო შეეძლოთ და სტუმრებს გაუმართლათ, პრემიალური ქულის გაყოლება რომ მოახერხეს. ახლა “კასტრს” 58 ქულა აქვს და მე-4 პოზიციაზეა, ხოლო “მონპელიე” 54 ქულით “რასინგ მეტროსთან” მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს.
ზაზა ნავროზაშვილის “ბორდომ” ქართველის გარეშე უშუალო კონკურენტი “აჟენი” 48:17 გაანადგურა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მას 30 ქულა მოუგროვდა, “აჟენი” 3 ქულით უკან მოიტოვა და მე-12 საფეხურზეა. თამაზ მჭედლიძის გარეშე “პერპინიანთან” 17:31 დამარცხდა “მონ დე მარსანი” და 15 ქულით კვლავაც სატურნირო ცხრილის ფსკერზე, გავარდნის უმთავრეს კანდიდატად რჩება. მიუხედავად სანაკრებო მატჩებისა, თოპ 14-ის მორიგი ტურის თამაშები 8-9 მარტს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია