ამბები

20:15 | 4.03.2013 | ნანახია 758 - ჯერ

ერთი ლელო და ორი სინბინი Pro D2-ში

საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტურ დივიზიონ Pრო D2-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე რვა ტური დარჩა და ქართველი ლეგიონერების ცხრა გუნდიდან მოწინავე ხუთეულში მოხვედრის შანსს, რაც Top 14-ში გადასვლისთვის ბრძოლის გაგრძელების საშუალებას იძლევა, ჩვენებურთა ხუთი კლუბი ინარჩუნებს.
საუკეთესო მდგომარეობა მამუკა მაგრაქველიძის “პოს” აქვს, რომელიც გასულ ტურში “კოლომიეს” ქართველი პირველხაზელის გარეშე ეწვია და 12:23 დამარცხდა, არადა, გამარჯვების შემთხვევაში მეორე ადგილზე ერთპიროვნულად დამკვიდრების შანსი ექნებოდა. სტუმრებმა ტაიმი 9:13 დათმეს, საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე ჩამორჩება მინიმუმამდე დაიყვანეს, მაგრამ დასკვნით მეოთხედში გატყდნენ და პრემიალური ქულაც ვერ აიღეს. “პოს” 66 ქულა დარჩა და ერთით ჩამორჩა “ლა როშელს”, რომელმაც “კარკასონთან” 18:23 წააგო და პრემიალური ქულა მიიღო.
ირაკლი ნატრიაშვილის, გოდერძი შველიძისა და დავით ხინჩაგიშვილის “ბრივმა” ზედიზედ მესამე მძიმე გამარჯვება მოიპოვა (აქედან ორი - სტუმრად) და 63 ქულით მე-4 ადგილზეა. ამჯერად ბრიველები აუტსაიდერს, შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას “მასის” ეწვივნენ და 17:15 იმარჯვეს. მასპინძელთა განაცხადში მხოლოდ სუთიაშვილი იყო და შეცვლაზე 53-ე წუთიდან ითამაშა. შეცვლაზე ითამაშეს სტუმართა რიგებში ქართველმა პირველხაზელებმაც - ხინჩაგიშვილი მოედანზე 47-ე წუთზე გამოჩნდა, შველიძე და ნატრიაშვილი კი, 57-ეზე.
გუნდებმა საწყის წუთებში ორ-ორი ჯარიმა გაიტანეს, 33-ე წუთზე “ბრივი” მესამე ჯარიმით დაწინაურდა, ხოლო ტაიმის ბოლოს ლელოც მიითვალა - 14:6. “მასიმ” ჯარიმებით 56-ე, 64-ე და 71-ე წუთებზე უპასუხა და 15:14 დაწინაურდა, მაგრამ ორიოდე წუთში ჯარიმა თავადაც გაუშვა და მხოლოდ 1 ქულას დაჯერდა. “მასი” 26 ქულით ბოლო ადგილზეა და Pro D2-ში ადგილის შესანარჩუნებლად დარჩენილ რვა მატჩში ექვსქულიანი ჩამორჩენის აღმოფხვრა მართებს.
“ბრივს” 2 ქულით ჩამორჩება და “ტარბთან” მეხუთე-მეექვსე ადგილებს იყოფს ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკი”, რომელიც აგერ უკვე ოთხი ტურია, გამარჯვებას ვერ ახერხებს და ამით მდგომარეობა გაირთულა. ამჯერად სამი ქართველის გუნდი “ნარბონს” ეწვია და 21:45 შერცხვა. დათუნაშვილმა შერკინების მეორე ხაზში სრულად ითამაშა, ასეიშვილი შეცვლაზე 50-ე, ხოლო ნაცარაშვილი 58-ე წუთზე შევიდა.
გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბმა” ქართულ დერბიში ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბი” 31:22 დაამარცხა. მასპინძელთა რიგებში ოთხივე ქართველი მორაგბე სასტარტო შემადგენლობაში იყო. ჩხაიძემ შერკინების შემკვრელად, ხოლო ნემსაძემ მეორე ხაზში შეუცვლელად ითამაშეს. დადუნაშვილი სინბინით 53-ე წუთზე დაისაჯა და ათი წუთის გასვლის შემდეგ, მის ნაცვლად თამაშში სხვა მორაგბე ჩაერთო, ხოლო მირცხულავა 57-ე წუთზე შეცვალეს.
სამი ქართველი იყო სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში. გარემარბი თოდუა სრულად გაისარჯა, მეორეხაზელმა მაისურაძემ მოედანზე 75 წუთი გაატარა, ხოლო 19 წლის პირველხაზელი (პირველი ნომერი) თეთრაშვილი 48-ე წუთზე შეცვალეს. თამაში დაძაბული გამოდგა და მისი პირველი ტაიმი ფრედ - 10:10 დასრულდა. მე-60 წუთამდე “ალბი” ჯარიმებით სამჯერ დაწინაურდა, მაგრამ “ტარბმა” სამივეჯერ აღადგინა წონასწორობა, დასკვნით 15 წუთში კიდევ ოთხი ჯარიმა გაიტანა, თავად ერთი გაუშვა და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. “ტარბს” “ორიაკის” მსგავსად 61 ქულა აქვს, ხოლო “ალბი” 45 ქულით მე-11 პოზიციამდე დაეშვა და პლეი ოფში მოხვედრის შანსი საბოლოოდ დაკარგა.
გურამ კავთიძის “ლიონმა” “ექს-ან-პროვანსს” უმასპინძლა და 50:16 გაანადგურა, მაგრამ გამარჯვება იოლად არ მოსულა. პირველი ტაიმი სტუმრებმა 16:12 მოიგეს, 49-ე წუთზე მასპინძლებმა თავისი მესამე ლელო გაიტანეს და 19:16 დაწინაურდნენ, ორიოდე წუთში კი, მოედანზე ქართველი პირველხაზელი გამოჩნდა. ამის შემდეგ “ლიონი” სრულ უპირატესობას დაეუფლა და ჯერ ჯარიმით გაზარდა უპირატესობა, 61-ე წუთზე კი, ლელო კავთიძემ მიითვალა. ეს მისი პირველი ლელოა მიმდინარე სეზონში. დასკვნით 10 წუთში მასპინძლებმა კიდევ სამი ლელო გაიტანეს და საქმე დიდი ანგარიშით გამარჯვებამდე მიიყვანეს. “ლიონმა” პრემიალური ქულაც რომ აიღო, ჯამში 54 გაუხდა, მე-8 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლაზე ფიქრი ჯერ კიდევ შეუძლია.
ლიგაში დარჩენისთვის მებრძოლმა ბექა შეყლაშვილის “ბეზიემ” უშუალო კონკურენტ “ოშს” უმასპინძლა და 18:11 იმარჯვა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შესვენებისას შეცვალეს. მასპინძლებმა პირველ ტაიმში სამი ჯარიმა გაიტანეს, მაგრამ თავად ლელო და ორი ჯარიმა გაუშვეს - 9:11. სამაგიეროდ, მეორე ნახევარში მეტოქეს ქულა არ ააღებინეს, თავად კვლავ სამი ჯარიმა მიითვალეს და მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვეს. “ბეზიე” 30 ქულით ბოლოსწინა, მე-15 ადგილზეა და 4 ქულას უგებს აუტსაიდერ “მასის”, ხოლო “დაქსს” 2 ქულით ჩამორჩება.
ტარიელ რატიანიძის “დაქსი” ლიდერ “უაიონს” დაუხვდა და 12:33 დამარცხდა. ქართველი პირველხაზელი სასტარტო შემადგენლობაში იყო და სანამ მოედანზე ირჯებოდა, მის გუნდს საქმე არცთუ ცუდად მისდიოდა. სტუმრების ორ ჯარიმას მასპინძლებმა შესვენებამდე ორითვე უპასუხეს და ტაიმი 6:6 დასრულდა. მეორე ნახევრის დასაწყისში “დაქსი” ჯარიმით დაწინაურდა, მეტოქემ ჯარიმითვე უპასუხა, მაგრამ მასპინძლებმა 51-ე წუთზე მეოთხე ჯარიმა გაიტანეს - 12:9. ორიოდე წუთში რეფერიმ რატიანიძე რაქში ხელით თამაშისთვის გაასინბინა და სანამ სასჯელის ვადა გავიდოდა, “უაიონა” უკვე 26:12 იგებდა. რატიანიძე მოედანზე აღარ დაბრუნებულა, მისმა გუნდმა კი, ბოლოს ერთი ლელოც გაუშვა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა. “დაქსი” 32 ქულით მე-14 ადგილზეა, Pro D2-ის მომდევნო ტური კი, 9-10 მარტს გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.086748