საფრანგეთის მორაგბეთა ჩემპიონატის მესამე დონეზე, ნახევრად პროფესიულ ფედერალ 1-ში ერთთვიანი შესვენება დასრულდა და გუნდებმა XV რაუნდის შეხვედრები გამართეს. განვლილ მატჩებში ქართველ ლეგიონერთაგან ქულები ოთხმა მორაგბემ დააგროვა - რევაზ გიგაურმა და გიორგი გაბელიამ ლელოები გაიტანეს, მერაბ კვირიკაშვილმა 8 ქულას მოუყარა თავი, ყველაზე მეტად კი, ლაშა მალაღურაძემ გვასახელა.
IV ჯგუფში ლაშა მალაღურაძისა და სიმონ მაისურაძის “ბანიერი” “კასტანეს” მასპინძლობდა. ქართველ ლეგიონერთა გუნდი ფედერალ 1-ში ადგილის შესანაჩუნებლად იბრძვის, “კასტანე” - Pro D2-ის საგზურისთვის პლეი ოფში ბრძოლის გასაგრძელებლად, მაგრამ მასპინძლებმა მეტოქე პრაქტიკულად ყველა კომპონენტში დაჯაბნეს და დამსახურებულადაც გაიმარჯვეს, მაყურებელმა კი, ლამაზი სანახაობა იხილა, რომელსაც მხოლოდ მისი საყვარელი გუნდის მხრიდან ლელოს გატანა დააკლდა.
“ბანიერის” ოფიციალურ საიტზე გამარჯვების უმთავრეს შემოქმედად ქართველ მგეზავ მალაღურაძეს ასახელებენ, რომელსაც კარში თუ ტაქტიკურად მილიმეტრების სიზუსტით შეუსრულებია დარტყმებია. მხოლოდ სტატისტიკას თუ შევხედავთ, “ბანიერმა” 18-ივე ქულა სწორედ მალაღურაძის წყალობით მოიპოვა, რომელმაც 5 ჯარიმა და 1 არეკნი გამოიყენა. განვლილ მატჩში მას ერთადერთი დარტყმა გაუცუდდა. მალაღურაძემ ჯარიმები მე-9, 24-ე და 36-ე წუთებზე გაიტანა და ტაიმი 9:3 დასრულდა. დაიწყო მეორე ტაიმი და ქართველმა უპირატესობა არეკნით გაზარდა, 56-ე და 62-ე წუთებზე კი, კიდევ ორი ჯარიმა მიითვალა. “კასტანემ” დასკვნით წუთებში ლელო გაიტანა, გარდასახვა გამოიყენა და პრემიალური ქულა ჩაიწერა.
“ბანიერის” მიერ 18:13 მოგებულ მატჩში შეუცვლელად ითამაშა პირველხაზელმა სიმონ მაისურაძემ. ქართველთა გუნდს 26 ქულა აქვს, მე-8 ადგილზეა და მომდევნო ტურში აუტსაიდერ “სენ-მედარს” ეთამაშება. მალაღურაძეზე ისიც ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 15 მატჩში, მან მოედანზე ჯამში 1009 წუთი დაყო და გუნდს 110 ქულა შესძინა. მის ანგარიშზე 32 ჯარიმა, 2 არეკნი და 4 გარდასახვაა. ვფიქრობ, ლაშას გამოცდილების და სათამაშო ფორმის გათვალისწინებით, იმის ფონზე, რომ საქართველოს ნაკრები ძლიერი მგეზავებით განებივრებული არაა, მილტონ ჰეიგს მისი საქმეში ხილვა არ აწყენდა.
მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “სენ-ჟუნიანი” IV ჯგუფის ლიდერ “მონტობანს” დაუხვდა და 13:43 შერცხვა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მგეზავმა შეუცვლელად ითამაშა და გუნდს 8 ქულა შესძინა, ხოლო მჭედლიშვილი შეცვლაზე 64-ე წუთზე შევიდა. კვირიკაშვილმა გარდასახვა მე-5 წუთზე გატანილი ლელოს შემდეგ გაიტანა და გუნდის ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მე-12 წუთზე კი, ჯარიმით ანგარიში 10:8 გახადა, მეორე ჯარიმა 49-ე წუთზე გამოიყენა და ჩამორჩენა 8 ქულამდე შეამცირა (13:21), მაგრამ “სენ-ჟუნიანს” არაფერმა უშველა და უქულოდ დარჩა. მას ახლა 22 ქულა აქვს და ბოლოსწინა, მე-9 ადგილი უკავია.
I ჯგუფში გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ-ეტიენმა” უშუალო კონკურენტი, ზერო პეტრიაშვილის “ვიენი” სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 29:27 დაამარცხა. ქართველ ლეგიონერთაგან მოედანზე მხოლოდ გაბელია იყო, ვინც შესვენებისას შეცვალეს. მანამდე მან თავისი წილი ლელო 29-ე წუთზე მიითვალა და სტუმრები 12:9 დააწინაურა. მეორე ტაიმში მასპინძლებმა ლიდერობა დაიბრუნეს, “სენტ-ეტიენი” მხოლოდ მინიმუმამდე ახერხებდა ჩამორჩენის დაყვანას, მაგრამ 72-ე და 78-ე წუთებზე გატანილი ჯარიმებით უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა და 32 ქულა მოაგროვა.
პრემიალური ქულა რომ აიღო, ჯამში 32 გაუხდა “ვიენსაც” და ეს გუნდები “შალონთან” ერთად მეოთხე-მეექვსე ადგილებს იყოფენ. გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონი” “ბრესანს” მასპინძლობდა, მაგრამ მეტოქეს მაგრად ვერ დაუდგა და უქულოდ დარჩა - 9:24. ჯაშიტაშვილი შეცვლაზე შესვენებისას შევიდა. 48 ქულით მესამე ადგილზეა ავთო კოპალიანისა და შოთა მელიქიძის “მაკონი”, რომელმაც განვლილ ტურში “დიჟონს” 50:23 სძლია. კოპალიანი სასტარტო შემადგენლობაში იყო და 63 წუთი ითამაშა.
რევაზ გიგაურისა და ელიზბარ ყუფარაძის “მონლიუსონი” ლიდერ “ლილს” ეწვია და 11:36 დამარცხდა. გიგაურმა გარემარბად შეუცვლელად ითამაშა და 68-ე წუთზე გატანილი ლელოთი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. სასტარტო შემადგენლობაში იყო ყუფარაძე და ის 53-ე წუთზე შეცვალეს. “მონლიუსონს” 30 ქულა დარჩა, მე-8 ადგილზეა და ჯერ კიდევ ინარჩუნებს საუკეთესო ოთხეულში მოხვედრის შანსს, რაც პლეი ოფის საგზურს იძლევა. მე-15 მატჩში მეორე ქულა აიღო გიორგი სულუაშვილის “სტრასბურმა”, რომელიც “ბობინთან” 16:22 დამარცხდა. სულუაშვილი თამაშში 62-ე წუთზე ჩაერთო, 6 წუთში მისი გუნდი ჯარიმით 16:15 დაწინაურდა და პირველი გამარჯვების შანსი მიეცა, მაგრამ ბოლო წუთზე საჯარიმო ლელოთი დაისაჯა და მხოლოდ პრემიას დასჯერდა.
II ჯგუფში ირაკლი ნინიძის “რომანმა” “ვალანს დაჟენს” ქართველი ლეგიონერის გარეშე უმასპინძლა და 28:19 იმარჯვა, რითაც მის მიერვე ძლეულ მეტოქეს გადაასწრო და 40 ქულით მე-2 საფეხურამდე აღზევდა. დავით კაჭარავას “როდეზმა” გიორგი კუთარაშვილის “შატორენარი” სტუმრად დაძაბულ ბრძოლაში 28:25 დაამარცხა. კუთარაშვილი განაცხადში არ იყო, კაჭარავა შუამარბად შეუცვლელად გაისარჯა.
თამაში გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. 70-ე წუთისთვის მასპინძლები 22:13 იგებდნენ. ექვსი წუთის შემდეგ უკვე “როდეზი” დაწინაურდა 1 ქულით. 79-ეზე “შატორენმა” ლიდერობა დაიბრუნა, მაგრამ ბოლო იერიშისას ლელო გაუშვა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ის 25 ქულით კვლავაც სატურნირო ცხრილის ფსკერზე რჩება, “როდეზი” კი, 29 ქულით მე-8 პოზიციაზეა. ლიდერ ბურგონთან 13:59 შერცხვა თემურ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის “ობნა”, რომელიც 30 ქულით მე-6 ადგილზეა. სტუმართა შორის მხოლოდ გელანტიამ ითამაშა, რომელიც შეცვლაზე 50-ე წუთზე შევიდა.
III ჯგუფში “ვანთან” თედო ზიბზიბაძის გარეშე 12:16 დამარცხდა “პერიგო” და 49 ქულით მე-3 ადგილზეა. მას 3 ქულით უსწრებს და მეორე საფეხურზეა ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზერი”, რომელმაც ნიკოლოზ მაღალდაძისა და ირაკლი ჩომახაშვილის “მარმანდი” სტუმრად 33:16 დაამარცხა. ჩომახაშვილმა შეუცვლელად ითამაშა, მაღალდაძე შეცვლაზე 63-ე წუთზე შევიდა, გუჯარაიძე თამაშში 48-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო ცხოვრებაშვილი განაცხადში არ იყო. “მარმანდი” 19 ქულით მე-9-მე-10 ადგილებს ინაწილებს.
მიხეილ გაჩეჩილაძის “აჟეტმომ” “ლანგონს” უმასპინძლა და 27:21 იმარჯვა. მატჩში რეფერიმ შვიდჯერ ამოიღო ყვითელი ბარათი და ოთხი მასპინძელი და სამი სტუმარი გაასინბინა. 38-ე წუთზე ატეხილი ჩხუბის გამო, სინბინით გაჩეჩილაძეც დაისაჯა. “აჟეტმოს” 27 ქულა აქვს და მე-7 ადგილზეა. “ფედერალ 1”-ის მომდევნო ტურის შეხვედრები 10 მარტსაა დანიშნული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია