საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 9 მარტს, “მიხეილ მესხზე” ესპანეთის ნაკრებს დაუხვდება და 2015 წლის მსოფლიო თასისკენ კიდევ ერთი მძლავრი ნაბიჯის გადადგმას ეცდება.
რაგბის ქართველი გულშემატკივრებისთვის ეს დღე სხვა კუთხითაც იქნება გამორჩეული. ამ დღეს “ბორჯღალოსანთა” მაისურს უკანასკნელად მოირგებს ბოლო წლების გუნდის უცვლელი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე. 35 წლის “აბუს” თავდადებული თამაშით არაერთხელ მოუნიჭებია ჩვენთვის სიხარული და ის გულშემატკივრისგანაც განსაკუთრებულ გაცილებას იმსახურებს. ეს კი, “მიხეილ მესხის” ტრიბუნების შევსებით და მქუხარე ტაშით უნდა გამოიხატოს. უკვე შერჩეულია სლოგანიც - “მადლობა აბუ!” - და იმედია, 9 მარტს ამ სიტყვებს 20 ათასი გულშემატკივარი ერთხმად დასჭექებს.
ირაკლი 1977 წლის 25 ნოემბერს თბილისში დაიბადა. რაგბის თამაში “ყოჩებში” დაიწყო. დაოსტატდა ასკ-სა და “ლოკომოტივში”. კარიერის უმეტესი ნაწილი საფრანგეთში გაატარა, სადაც “ორიაკში”, “ორლეანსა” და “ოსერში” თამაშობდა. “აბუმ“ ნაკრებში 13 სეზონი (2000-12) გაატარა. მონაწილეობდა “ერთა თასის” 12 გათამაშებაში და 5-ჯერ გახდა ჩემპიონი. მოიხვეჭა ყველაზე მეტი, 84 ბორჯღალი (კეპი) და 7 ლელო გაიტანა. სამ მსოფლიო თასზე (2003 ავსტრალია, 2007 საფრანგეთი, 2011 ახალი ზელანდია) 11 მატჩი ჩაატარა. ირაკლი 2007 წლიდან “ბორჯღალოსანთა” კაპიტანი იყო. გუნდს 38-ჯერ უყოჩა, რაც ასევე რეკორდია. “აბუ“ ნაკრებს ორ მსოფლიო თასზე (2007 და 2011) გაუძღვა.
მატჩზე დასასწრები ბილეთების გაყიდვა 7 მარტს, 11 საათზე “მიხეილ მესხის” სალაროებში დაიწყება. ფასი 5 ლარია. ვფიქრობ, საქართველოს ნაკრების ყველა წევრმა და აბუსერიძემ დაიმსახურეს ის, რომ სტადიონი პირთამდე შეივსოს და დავანახოთ მსოფლიოს, თუ როგორ გვიყვარს ქართველებს რაგბი და საკუთარი მორაგბეები.
ოთხშაბათს დილით, ტრადიციულად ღია ვარჯიში უნდა გამართულიყო, მაგრამ მილტონ ჰეიგის თხოვნით, ოპერატორებმა მისი მსვლელობა არ გადაიღეს, რადგან მეტოქეს და ქართველ გულშემატკივარსაც გარკვეულ სიურპრიზს უმზადებს. ვიტყვით მხოლოდ იმას, რომ წესით, ამ ჯერზე საქართველოს ნაკრებმა უფრო სწრაფი და გაშლილი თამაში უნდა აჩვენოს. კანდიდატთა სია 28-მდე გაიზარდა, რადგან გუნდთან ერთად ვარჯიშობს აბუსერიძე და ის ესპანეთთან პირველი წუთებიდან ითამაშებს. სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს თედო ზიბზიბაძე, რომელმაც რუსეთთან მატჩში საზარდული დაიშავა, ბოლომდე ჯერაც ვერ გამოჯანმრთელდა და სამწვრთნელო შტაბი მას რუმინეთთან ჯახისთვის შემოინახავს.
მილტონ ჰეიგი: “მომავალი თამაშისთვის გარკვეულ სიურპრიზებს ვამზადებთ და არ გვინდოდა, რომ ისინი კადრში მოხვედრილიყო. ესპანეთის ნაკრებზე ვერავინ იტყვის, რომ სუსტი მეტოქეა. უბრალოდ, განვლილ თამაშებში არ გაუმართლა. ჩვენ ბელგიასთან გამარჯვება გაგვიჭირდა, გარკვეულწილად, რუსეთთანაც გაგვიმართლა, მეტოქემ ამდენი ჯარიმა რომ ვერ გამოიყენა და ვეცდებით, ესპანეთთან უფრო დახვეწილი რაგბი ვაჩვენოთ”.
იური ნატრიაშვილი: “ესპანეთს განსაკუთრებულს არაფერს ვუმზადებთ, უბრალოდ, მწვრთნელი ცდილობს, რომ ვარჯიშებზე მაქსიმალურად კონცენტრირებულები და მობილიზებულები ვიყოთ და შეზღუდვები ამან გამოიწვია. ესპანეთის ნაკრები ჩვენთვის უხერხული მეტოქეა და მასთან მუდამ მძიმე თამაშები გვაქვს. მეტოქე რომ ოთხი დღით ადრე ჩამოვიდა თბილისში, ესეც ბევრ რამეზე მეტყველებს. ეს ესპანელთათვის მსოფლიო თასზე მოხვედრის ბოლო შანსია, მაგრამ ჩვენც მაქსიმალური მობილიზებით ველოდებით მომავალ შეხვედრას, მით უმეტეს, რომ თბილისში ვთამაშობთ.
ესპანეთის თამაშები ვნახეთ და ვერ ვიტყვით, რომ რადგან ყველა წააგო, უწინდელზე გაცილებით სუსტია. ეპსანელები გამართულ რაგბს თამაშობენ. რაც შეგვეხება ჩვენ, ახალი ტაქტიკით წელს უკვე სამი თამაში ჩავატარეთ და ვფიქრობ, სწორედ ესპანეთთან უნდა გამოჩნდეს, თუ რისკენ მივდივართ.
აბუსერიძისთვის და ყველა ჩვენთაგანისთვის უმთავრესი საჩუქარი სავსე ტრიბუნები იქნება. თუ გულშემატკივარი მოვა და “აბუს” გაწეული ღვაწლისათვის მადლობას გადაუხდის, ამაზე მეტი არც არაფერი გვინდა. ვფიქრობ, ამის შეხსენება არავის უნდა ჭირდებოდეს. ასეთი კაცები ბევრი არა გვყავს”.
დავით ქუბრიაშვილი: “მნიშვნელოვანი თამაში გველის, რადგან წლევანდელი ერთა თასი 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა. სამი თამაში უკვე მოვიგეთ და გვსურს, წარმატებული სერია კიდევ გაგრძელდეს. ესპანეთის ნაკრები ჩამოყალიბებული გუნდია, სწრაფი და ტექნიკური უკანახაზელები ჰყავს და მათგან უნდა ველოდოთ უმთავრეს ხიფათს.
რაგბი სპორტის ისეთი სახეობაა, რომ ფიზიკური ძალის გამოყენებაზე უარს ვერასდროს იტყვი. მაგრამ რაგბი ვითარდება და აუცილებელია, რომ ყველა ნიუანსი დაიხვეწოს. აუცილებელია სწრაფი, გაშლილი თამაში და მთელი მოედნის გამოყენება. სწორედ ამას ცდილობს ჰეიგი და თუ ყველაფერი კარგად არ გამოგვდის, ეს ჩვენი ბრალიცაა, რადგან სისტემას შესრულება უნდა. როდესაც ამდენი წლის განმავლობაში სულ მიძალებით თამაშობდი, რთულია ახალ სისტემაზე გადართვა. ნელ-ნელა დავიხვეწებით, მოვუმატებთ და შედეგებიც უკეთესი იქნება.
ჩვენგან აბუსერიძისთვის ყველაზე დიდი საჩუქარი ის იქნება, რომ ბიჭებმა კარგად ვითამაშოთ და გამარჯვება მოვიპოვოთ”.
საქართველოს ნაკრების გაფართოებული შემადგენლობა
შერკინება: ვასილ კაკოვინი (“ტულუზა”, საფრანგეთი), მიხეილ ნარიაშვილი (“მონპელიე”, საფრანგეთი), დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), იური ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), შალვა მამუკაშვილი (“არმია”, თბილისი), გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), ლაშა ლომიძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), ბექა ბიწაძე (“არმია”, თბილისი), დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია), მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი);
უკანა ხაზი: ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი), გიორგი ბეგაძე (“ბათუმი”, ბათუმი), ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი), ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი), დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი), თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), თამაზ მჭედლიძე (“მონ დე მარსანი”, საფრანგეთი), ირაკლი ყიასაშვილი (“ლელო”, თბილისი), ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
9 მარტი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი
1 |
საქართველო | 3 | 3 | 0 | 0 | 65-34 | 12 |
2 | რუმინეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 73-42 | 12 |
3 | პორტუგალია | 3 | 1 | 0 | 2 | 43-56 | 5 |
4 | ბელგია | 3 | 0 | 1 | 2 | 46-56 | 4 |
5 | რუსეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 36-61 | 4 |
6 | ესპანეთი |
3 | 0 | 1 | 2 | 45-59 | 3 |
16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია