საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა ის შემადგენლობა დაასახელა, რომლითაც 9 მარტს ესპანეთის ნაკრების სასურველი შედეგით დამარცხებას ეცდება.
23 თებერვალს სოჭში რუსეთთან ნათამაშებ 23 კაციან განაცხადში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა და “ლომებს” პრაქტიკულად გადახალისებული შემადგენლობით ვხვდებით. ერთი ცვლილება ჯერ კიდევ რამდენიმე დღით ადრე იყო ცნობილი - “ბორჯღალოსანთა” ბოლო წლების უცვლელი კაპიტანი ირაკლი აბუსერიძე, რომელიც ნაკრებში გამოსათხოვარ მატჩს ატარებს სასტარტო შემადგენლობაში იქნება და თავისი თამაშით ბოლოჯერ გაახარებს ქართული რაგბის გულშემატკივარს.
ვფიქრობ, შეხსენება საჭირო არ უნდა იყოს, მაგრამ კიდევ ერთხელ ვთქვათ, რომ ესპანეთთან თამაშის დღის დიდ ზეიმად უნდა იქცეს, რადგან გუნდიდან ღვაწლმოსილი აბუსერიძის გაცილება იგეგმება და ამ ამბავს და “აბუსთვის” მადლობის გადახდას ლამაზ თამაშთან ერთად ტრიბუნაზე გულშემატკივართა მრავლად მისვლაც მოუხდება. აბუსერიძე ესპანეთთან ჯახში 85-ე ბორჯღალს მოიხვეჭს და ის ამ მაჩვენებლით საქართველოს ნაკრების რეკორდსმენია.
საგულისხმოა, რომ აბუსერიძის შემცვლელი ბოლო თამაშებში გიორგი ბეგაძე, ამჯერად განაცხადშიც არაა და სათადარიგოთა შორის ახალგაზრდა ვაჟა ხუციშვილი იქნება, რომელსაც რამდენიმეწუთიანი სანაკრებო დებიუტი ორი კვირის წინ რუსეთთან ჰქონდა. უკანა ხაზში კიდევ ერთი ცვლილებაა და პრინციპში, ესეც წინასწარვე იკითხებოდა. თედო ზიბზიბაძემ რუსეთის წინააღმდეგ თამაშისას საზარდული რომ იტკინა, ბოლომდე მწყობრში არაა და მწვრთნელმა ის არანაკლებ გამოცდილი დავით კაჭარავათი შეცვალა. პორტუგალიის ნაკრებთან ორი ლელოს ავტორი ზიბზიბაძე სათადარიგოთა შორის იქნება და თუ ძალიან გაგვიჭირდა თამაშშიც ჩაერთვება.
მთლიანად შეიცვლილია შერკინების პირველი ხაზი. რუსეთის წინააღმდეგ თამაში მიხეილ ნარიაშვილმა, იური ნატრიაშვილნა და დავით ზირაქაშვილმა დაიწყეს. ამჯერად ნარიაშვილი განაცხადშიც არაა, ხოლო ნატრიაშვილი და ზირაქაშვილი სათადარიგოთა შორის არიან. სკამზე იქნება “სტად ფრანსეს” პირველხაზელი ზურაბ ჟვანიაც, ესპანელთა პირველივე წუთებიდან წელში გატეხას კი, ვასილ კაკოვინი, რევაზ ბელქანია და დავით ქუბრიაშვილი ეცდებიან. ბელქანია თავიდან წინასწარ განაცხადშიც არ იყო, მაგრამ მწვრთნელმა მისი საქმეში ნახვა გადაწყვიტა და სასტარტო შემადგენლობაში დააყენა.
შეკრებაზე ტყუილად არ დაუძახეს ლევან დათუნაშვილს, რომელმაც მეორე ხაზში გიორგი ჩხაიძის ადგილი დაიკავა, ეს უკანასკნელი კი, სათადარიგოთა შორისაა. დათუნაშვილი 2013 წელს პირველად მოხვდა ნაკრების შემადგენლობაში და საკუთარი შესაძლებლობის კიდევ ერთხელ დამტკიცება მოედანზე მოუწევს. სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა მესამეხაზელმა შალვა სუთიაშვილმა და მის ადგილს ვიტო კოლელიშვილი დაიკავებს, რომელმაც სოჭში რუსებს პირველი ლელო გაუტანა და ამით “ბორჯღალოსნებს” დაძაბულობა მოუხსნა.
ესპანეთთან მატჩის შემდეგ, სადაც სასურველი იქნება პრემიალური ქულით გამარჯვება, “ბორჯღალოსნებს” 16 მარტს წლევანდელი ერთა თასის დასკვნითი და გადამწყვეტი მატჩის გამართვა უწევთ რუმინეთში, მანამდე კი, მართლაც მნიშვნელოვანია უხერხული მეტოქე ესპანეთის დამარცხება და თანაც მისთვის ოთხი ლელოს გატანა, რათა პრემიალური ქულის აღებით ლიდერობა შევინარჩუნოთ. ესპანეთთან მატჩი იოლი რომ არ იქნება ცხადზე ცხადია. ყველას გვახსოვს, შარშან, მილტონ ჰეიგის სადებიუტო მატჩში ამავე მეტოქის დაუფასებლობამ რა მოგვიტანა. სრულიად არეულად დაწყებულ მატჩში ესპანელები სოლიდური უპირატესობით დაწინაურდნენ და მიუხედავად მეორე ტაიმში მოპოვებული სათამაშო უპირატესობისა, მატჩის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა - 18:25.
ვფიქრობ, გულშემატკივრებისა და მორაგბეების გარდა, შარშანდელი წყენა ზელანდელსაც კარგად ემახსოვრება და შესაძლოა, სწორედ ამის ბრალი იყო ის სიფრთხილე, რომელიც მან ღია ვარჯიშის დროსაც რომ გამოიყენა. თბილისში მეტოქე იოლად დასანებებლად რომ არ ჩამოვიდოდა ეგეც ცხადია. ესპანელებმა ერთა თასის სტარტზე ორი თამაში რომ წააგეს და ერთი ფრედ ითამაშეს, მსოფლიო თასზე გასასვლელად მებრძოლი გუნდიდან (რასაც ერთა თასის დაწყებამდე თავად ამბობდნენ), ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად მებრძოლ კოლექტივად იქცნენ და მათთვის ყველა ქულას უკვე ოქროს ფასი აქვს.
შარშანდელი მარცხის გარდა, “ბორჯღალოსნებს” ამავე მეტოქესთან კიდევ ორი მოულოდნელი მარცხი აქვთ 2007 და 2000 წელს, ხოლო 2004 წელს ფრედ 6:6 ითამაშეს. ამ სამი მარცხისა და ერთი ფრის წილ, “ბორჯღალოსნების” ანგარიშზე რვა გამარჯვებაა, თუმცა, გამარჯვება ყოველთვის იოლად როდი მოდიოდა. 2008 წელს “ლომები” “ეროვნულზე” პირველი ტაიმის შუაში 17:0 დაწინაურდნენ და მამუკა გორგოძის უდიდესი ძალისხმევით მოხერხდა მაშინ მეტოქის 22:20 დამარცხება.
ნებისმიერ შემთხვევაში, “მიხეილ მესხზე” გულშემატკივარს ლამაზი სანახაობა ელის და ამისათვის რამდენიმე მიზეზი არსებობს. უპირველესი ისაა, რომ ჩვენი მორაგბეები გულშემატკივრის გასახარად მუდამ თავდაუზოგავად იბრძვიან, ამას ემატება ირაკლი აბუსერიძის გაცილება და მისთვის ყველა “ბორჯღალოსანი” მაქსიმუმის გაღებას ეცდება და მესამე, ჰეიგის ჩამწარებული დებიუტისთვის საკადრისი შურისძიებაა. აქამდე ესპანეთთან სარეკორდო მოგება 60:0 და ეს სწორედ ვაკეში მოხდა. ბილეთების გაყიდვა სტადიონის სალაროებში უკვე დაიწყო და მისი ფასი 5 ლარია. თამაშს ირლანდიელი მსაჯები მოემსახურებიან.
საქართველოს ნაკრები: 15. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი), 13. დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი), 12. მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი), 11. თამაზ მჭედლიძე (“მონ დე მარსანი”, საფრანგეთი), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი); 1. ვასილ კაკოვინი (“ტულუზა”, საფრანგეთი), 2. რევაზ ბელქანია (“ლელო”, თბილისი), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი), 4. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი), 6. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია).
სათადარიგოები: 16. იური ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი), 17. ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი), 18. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი), 19. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი), 20. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი), 22. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი), 23. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
9 მარტი
საქართველო - ესპანეთი
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი
1 |
საქართველო | 3 | 3 | 0 | 0 | 65-34 | 12 |
2 | რუმინეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 73-42 | 12 |
3 | პორტუგალია |
3 | 1 | 0 | 2 | 43-56 | 5 |
4 | ბელგია | 3 | 0 | 1 | 2 | 46-56 | 4 |
5 | რუსეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 36-61 | 4 |
6 | ესპანეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 45-59 | 3 |
16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია
ხატია ჯიჯეიშვილის ფოტოები
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია