საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრებისა და ფრანგული “მონპელიეს” ლიდერ მამუკა გორგოძეს, 26 მარტს მორიგ ჯილდოს გადასცემენ. ავტორიტეტული ყოველდღიური ფრანგული სარაგბო გამოცემა “მიდი ოლიმპიკი” მას სპეციალური ჯიდოთი, “ოსკარით” დააჯილდოებს.
ბოლო წლებია ჩვენებურად “გულივერა” და ფრანგულად “გორგოძილა” სარაგბო სამყაროს აოცებს და მიმდინარე სეზონში საფრანგეთის Top 14-სა და “ჰაინეკენის თასზე” წარმატებული თამაში მას ამ მაღალი ხარისხის ჯილდოთი დაუფასდა. ცერემონიალი “სტად ივეს დუ მანუარზე” გაიმართება და მას “მონპელიეს” სპონსორები, მამუკას თანაგუნდელები, “მონპელიეს” ახალგაზრდული გუნდის წევრები და ათასზე მეტი მიწვეული სტუმარი დაესწრება. საღამოს “სტარნს ტვ”-ს და “კანალ პლუსი”-ს ტელეწამყვანები, ჟან აბელუ და რომან მაგელანი წარუძღვებიან.
საღამოს იგეგმება “მიდი ოლიმპიკის” მიერ გადაღებული სამი ფილმის პრეზენტაციაც, რომელიც რაღა თქმა უნდა მამუკა გორგოძეზე იქნება მიძღვნილი. გორგოძე 9 მარტს საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში საიუბილეო, 50-ე შეხვედრას ჩაატარებს და ამდროისთვის მის ანგარიშზე 22 ლელოა. 28 წლის მამუკა “მონპელიეში” 2005 წლიდან ირიცხება, ხოლო 2007 წლიდან ძირითადი შემადგენლობის უცვლელად წევრად იქცა და წელს რამდენიმე მატჩში გუნდსაც უკაპიტნა. საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ თოპ 14-ში, მან ჯამში 118 თამაშში 14 ლელო გაიტანა, რანგით მეორე საკლუბო ტურნირ “ჩელენჯ ქაფზე” კი, 17 შეხვედრაში 4 ლელო გაიტანა. გორგოძის დიდი დამსახურებაა, რომ ბოლო ორი სეზონია “მონპელიე” ევროპის ყველაზე პრესტიჟულ საკლუბო ტურნირ “ჰაინეკენის თასზე” თამაშობს და 9 მატჩში 2 ლელო გაიტანა. წელს “მონპელიე” “ჰაინეკენის თასის” მეოთხედფინალში გავიდა და თოპ 14-ის პლეი ოფის საგზურისთვისაც იბრძვის.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია