საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები, ხვალ “მიხეილ მესხზე” მისულ გულშემატკივარს ხარისხიანი თამაშის ჩვენებას ჰპირდებანდა თუ ეს გამოვიდა, ლელოთა სიმრავლე და დიდი ანგარიშით გამარჯვება მისი შედეგი იქნება. გუნდის მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა, რომელიც პრესკონფერენციაზე მარტო გამოცხადდა თქვა, რომ წინდაწინ პრემიალურ ქულაზე თამაში არ იგეგმება და მიზანი სწორედ რომ დავალებების მაღალ დონეზე შესრულება იქნება.
“მოედანზე რომ მოსაგებად გავალთ, ამაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ წინასწარ არავინ ფიქრობს ბონუსქულაზე. მთავარია, რომ ჩვენს წინაშე მდგარი ამოცანები მაღალ დონეზე შევასრულოთ. თუ შევძელით და ყველაფერი ზედმიწევნით ზუსტად შევასრულეთ, პრემიალური ქულასაც თავისთავად დავიმსახურებთ. მხოლოდ ის მაღელვებს, რომ მინდორი რბილი და სრიალაა. იმედია, ხვალ ის უკეთეს მდგომარეობაში დაგვხვდება.
რაც შეეხება შემადგენლობაში ცვლილებას, წინა მატჩისგან განსხვავებით გაფართოებულ შემადგენლობას სულ ორი მოთამაშე დავამატეთ, თუმცა, სასტარტო შემადგენლობაში ცვლილებები მართლაც მრავლადაა. ვფიქრობ, კაკოვინმა და ქუბრიაშვილმა დაიმსახურეს, რომ მოედანზე პირველივე წუთებიდან იყვნენ. კარგად ივარჯიშა ბელქანიამაც. ის სტაბილურია დერეფანში ბურთის აგდებისას და გადავწყვიტეთ შანსი მიგვეცა. ცვლილებებში მცირე როლი მიკროტრავმებმაც ითამაშა.
შარშან სადებიუტო მატჩში ესპანეთთან განცდილი მარცხი მე და რამდენიმე მორაგბეს მწარედ გვახსოვს და ვეცდებით მეტოქეს ჩვენი ნამდვილი ძალა ვაჩვენოთ. ბოლო დღეებში ჩხაიძეს გადატვირთული გრაფიკი ჰქონდა, როგორც ნაკრებში, ასევე კლუბში და დათუნაშვილი ამის გამო დავიმატეთ. ის გამოცდილი მორაგბეა და აღნაგობიდან გამომდინარე, ჩვენს მეორე ხაზს სიმძლავრეს შემატებს. ამასთან, ერთ კვირაში რუმინეთში გველის თამაში და როგორც წესი, ორკვირიანი შეკრების დროს გათვლას მომდევნო მატჩზეც ვაკეთებთ”.
უკვე არაერთხელ ითქვა, რომ ესპანეთთან მატჩით ნაკრებიდან გააცილებენ ღვაწლმოსილ კაპიტან ირაკლი აბუსერიძეს, რომელსაც ხვალ 85-ე “ბორჯღალი მოუგროვდება” და ის ამ მაჩვენებლით რეკორდსმენია. საიუბილეო მე-60 მატჩს ჩაატარებს შუამარბი დავით კაჭარავა, ასევე საიუბილეო, ოღონდ 50-ე იქნება იქნება ეს შეხვედრა ესპანელთა რისხვა მამუკა გორგოძისთვის. თუ მოედანზე შესვლა ზურაბ ჟვანიას მოუწევს, მას ნაკრების შემადგენლობაში დებიუტი ექნება.
ჰეიგის შემდეგ პრესკონფერენციაზე ესპანეთის ნაკრების ახალზელანდიელი მთავარი მწვრთნელი ბრაის ბევინი და ბასკი კაპიტანი ჯონ მაგუნასელაია გამოცხადდნენ.
ჯონ მაგუნასელაია: “მართალია, საქართველოს ნაკრები ერთი წლის წინ დავამარცხეთ, მაგრამ იმ თამაშს ისეთი დატვირთვა არ ჰქონდა, როგორიც ახლა აქვს. მაშინ ქართველები მსოფლიო თასიდან ახალი დაბრუნებულები იყვნენ და სათამაშოდ მოდუნებულები გამოვიდნენ. ახლანდელ და მაშინდელ თამაშს მნიშვნელობით ვერ შევადარებთ. მართალია, იმ გამარჯვებით ძლიერ გავიხარეთ, მაგრამ ხვალინდელი მატჩის წინ ეს არაფერს ნიშნავს”.
ბრაის ბევინი: “ესპანეთის რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის, ნაკრების მწვრთნელების და მოთამაშეების ცვლილებამ, ჩვენ შედეგებზე უარყოფითი გავლენა იქონია. მიუხედავად არასტაბილური თამაშისა, ვფიქრობ, რუსეთის და ბელგიის ნაკრების დამარცხება შეიძლებოდა. ცოტა გონივრულად რომ გვეთამაშა, სხვა შედეგი გვექნებოდა რუმინეთთანაც. შემადგენლობის ცვლილება რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. წინა, ფრანგ მწვრთნელს, გუნდში ჰყავდა ფრანგი, ნატურალიზირებული მორაგბეები, რომელთა ნაწილმაც ამჯერად ნაკრებში თამაში იუარა; მორაგბეთა ნაწილი პირადად მე შევცვალე და ბოლოს, ტრავმებმა იჩინეს თავი.
მოგეხსენებათ, ესპანეთის 7-კაცა ნაკრები მსოფლიო სერიებში მონაწილეობს და 12 მორაგბეს კავშირთან ხელშეკრულება აქვს გაფორმებული. ამიტომ, ვცდილობთ, რომ ეს მორაგბეები 15-კაცაში დაბალანსირებულად ვათამაშოთ და ესეც გარკვეულ პრობლემებს ქმნის. ნოემბრიდან მოყოლებული, საქართველოს ნაკრების ყველა თამაში ვნახე და ვფიქრობ, თქვენი მწვრთნელიც შეისწავლიდა ჩვენს თამაშს. კარგად ვიცით, როგორ ითამაშებს საქართველოს ნაკრები, მაგრამ ჩვენ შეტევით არსენალში არაერთი კომბინაცია გვაქვს და იმას გამოვიყენებთ, რომელიც გაამართლებს”.
ირაკლი აბუსერიძე: “სამწუხაროა, რომ დგება ის დღე, როდესაც იმ საქმეს უნდა შეეშვა, რომელიც ყველაზე ძალიან გიყვარს. რაც შეეხება ხვალინდელ თამაშს, რთული მატჩი გველის. ესპანეთი ჩვენთვის უხერხული მეტოქეა, მაგრამ შარშან განცდილი მარცხისთვის რევანში გვაქვს ასაღები და ძალღონეს არ დავიშურებთ”.
თბილისში ხვალ ღრუბლიანი, მაგრამ მშრალი ამინდია მოსალოდნელი. 15 საათზე, როდესაც თამაში იწყება, ჰაერის ტემპერატურა 16 გრადუსი იქნება. ბილეთის ფასი 5 ლარია და ვფიქრობ აბუსერიძის გაცილება და მთელი ნაკრების თამაში ნამდვილად იმსახურებს იმას, რომ ტრიბუნები პირთამდე თუ არა, სანახევროდ მაინც შეივსოს. თამაშს ირლანდიელი მსაჯები მოემსახურებიან.
2013 წლის ევროპის ერთა თასი. 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპი
9 მარტი. შაბათი
თბილისი. “მიხეილ მესხი”. 15 საათი
საქართველო - ესპანეთი
საქართველოს ნაკრები: 15. ლაშა ხმალაძე (“ლელო”, თბილისი, 19 ბორჯღალი, 10 ქულა), 14. ირაკლი მაჩხანელი (“არმაზი”, თბილისი, 61, 110), 13. დავით კაჭარავა (“როდეზი”, საფრანგეთი, 59, 65), 12. მერაბ შარიქაძე (“ჰართპული”, ინგლისი, 11, 15), 11. თამაზ მჭედლიძე (“მონ დე მარსანი”, საფრანგეთი, 3, 0), 10. მერაბ კვირიკაშვილი (“სენ-ჟუნიენი”, საფრანგეთი, 67, 407), 9. ირაკლი აბუსერიძე (“ოსერი”, საფრანგეთი, კაპ., 84, 35); 1. ვასილ კაკოვინი (“ტულუზა”, საფრანგეთი, 21, 0), 2. რევაზ ბელქანია (“ლელო”, თბილისი, 12, 5), 3. დავით ქუბრიაშვილი (“ტულონი”, საფრანგეთი, 27, 10), 4. ლევან დათუნაშვილი (“ორიაკი”, საფრანგეთი, 51, 15), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (“ტულონი”, საფრანგეთი, 8, 0), 6. ვიტო კოლელიშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 18, 10), 7. მამუკა გორგოძე (“მონპელიე”, საფრანგეთი, 49, 110), 8. დიმიტრი ბასილაია (“ედინბურგი”, შოტლანდია, 26, 15).
სათადარიგოები: 16. იური ნატრიაშვილი (“ბრივი”, საფრანგეთი, 37, 20), 17. ზურაბ ჟვანია (“სტად ფრანსე”, საფრანგეთი, 0, 0), 18. დავით ზირაქაშვილი (“კლერმონი”, საფრანგეთი, 38, 35), 19. გიორგი ჩხაიძე (“ტარბი”, საფრანგეთი, 62, 35), 20. შალვა სუთიაშვილი (“მასი”, საფრანგეთი, 31, 5), 21. ვაჟა ხუციშვილი (“ხარები”, რუსთავი, 1, 0), 22. თედო ზიბზიბაძე (“პერიგო”, საფრანგეთი, 66, 85), 23. ბექა წიკლაური (“ლოკომოტივი”, თბილისი, 5, 5).
მთავარი მწვრთნელი: მილტონ ჰეიგი (ახალი ზელანდია)
ესპანეთი: 15. სესარ სემპერე, 14. ჟიულან გოია, 13. კარლოს ბლანკო, 12. ხაიმე ნავა, 11. მატიას ტუდელა, 10. კორი სიმპსონი, 9. ხუან-პაბლო სერეტო; 1. დავით გურგენიძე, 2. უნაი ლასა, 3. ხესუს მორენო, 4. მეთიუ კუკი, 5. ხესუს რეკვერდა, 6. ჯონ მაგუნასელაია (კაპ.), 7. გლენ როლსი, 8. ლიონელ პარდო.
სათადარიგოები: 16. აგუსტინ ორტისი, 17. ჯო ჰაჩინსონი, 18. ხუან ანაჯა, 19. ჯეკი ქართერი, 20. ნიკ მარშალი, 21. ხოან ტუდელა, 22. პაბლო ფეიხო, 23. ტომ პარკერი.
მთავარი მწვრთნელი: ბრაის ბევინი (ახალი ზელანდია)
პორტუგალია - რუსეთი
ბელგია - რუმინეთი
1 | საქართველო | 3 | 3 | 0 | 0 | 65-34 | 12 |
2 | რუმინეთი | 3 | 3 | 0 | 0 | 73-42 | 12 |
3 | პორტუგალია | 3 | 1 | 0 | 2 | 43-56 | 5 |
4 | ბელგი | 3 | 0 | 1 | 2 | 46-56 | 4 |
5 | რუსეთი | 3 | 1 | 0 | 2 | 36-61 | 4 |
6 | ესპანეთი | 3 | 0 | 1 | 2 | 45-59 | 3 |
16 მარტი
რუმინეთი - საქართველო
ესპანეთი - პორტუგალია
რუსეთი - ბელგია
ხატია ჯიჯეიშვილი ფოტო
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია