ექვსი ერის ბოლოსწინა ტურში მოვლენები ისე განვითარდა, რომ თასის მფლობელი დასკვნით დღეს უელსში, მასპინძელთა და ინგლისელთა შერკინებისას გაირკვევა. “დრაკონებმა” პირველ ტურში განცდილი მოულოდნელი მარცხის შემდეგ, ზედიზედ სამი შეხვედრა მოიგეს, ინგლისი კი, კვლავაც დაუმარცხებელია. საპირისპირო მდგომარეობაშია ტურნირამდე ჩემპიონობის ერთ-ერთი მთავარი პრეტენდენტი საფრანგეთი, რომელმაც გამარჯვების მოპოვება ჯერაც ვერ მოახერხა.
უელსი შოტლანდიას “მარიფილდზე” ეწვია და 28:18 იმარჯვა. თამაში ცუდი საყურებელი გამოდგა, პრაქტიკულად არ ყოფილა ლამაზი, გააზრებული კომბინაციები, რომლებიც ლოგიკურ დასასრულამდე მივიდოდა. საერთო ჯამში, გუნდები 28-ჯერ დაჯარიმდნენ და მატჩის ბედიც დამრტყმელებმა გადაწყვიტეს, თუმცა, პირველი ტაიმის შუაში ერთი ლელო გავიდა და ის უელსელების ანგარიშზეა. ლელოს გარდა სტუმრებმა შესვენებამდე ერთი გარდასახვა და ორი ჯარიმა გაიტანეს, მასპინძლებმა ოთხი ჯარიმა მიითვალეს და ტაიმი 13:12 დასრულდა. მეორე ტაიმში უელსმა ორის პასუხად ხუთი ჯარიმა მიითვალა და საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.
ინგლისმა იტალიის ნაკრები ტონი ფლადის ექვსი ჯარიმით 18:11 გატეხა და კვლავაც რჩება ექვსი ერის “დიდი სლემით” მოგების კანდიდატად, მაგრამ ამისათვის დასკვნით დღეს უელსში მოუწევს მასპინძელთა ძლევა. იტალიის ნაკრებმა განსაკუთრებით მეორე ტაიმში ძალიან კარგად ითამაშა შეტევაში და მასპინძლებს მაქსიმალური მობილიზებით მოუწიათ თავის დაცვა “აძურასთან” პირველი მარცხი რომ არ განეცადათ. მანამდე, პირველ ტაიმში, სტუმართა ერთ ჯარიმას ინგლისელებმა ოთხით უპასუხეს, ხოლო მეორე ტაიმის დებიუტში 15:3 დაწინაურდნენ. იტალიამ მალევე უპასუხა ჯარიმით და 48-ე წუთზე მარცხენა ალამთან ლელოც გაიტანა, რითაც დარჩენილ ნახევარ საათს უკიდურესი დაძაბულობა შეუნარჩუნა. სტუმრები ბევრს ეცადნენ, დარჩენილ დროში სეზონის საუკეთესო თამაში აჩვენეს, მაგრამ ინგლისმა თავის დაცვა მოახერხა და 82 ათასმა მაყურებელმა საფინალო სასტვენის შემდეგ შვებით ამოისუნთქა.
საფრანგეთის ნაკრებმა ზედიზედ მეოთხე მარცხისგან თავის დაღწევა ლუის პიკამოლის ლელოს წყალობით მოახერხა. ფრანგებს ზედიზედ სამი თამაში რომ ჰქონდათ წაგებული გამარჯვება ჰაერივით ესაჭიროებიდათ, მაგრამ დარტყმები არ წაუვიდათ და ზედიზედ მეოთხე მარცხის საშიშროების წინაშე აღმოჩნდნენ. ირლანდია ადრეული ლელოთი რომ დაწინაურდა, 33-ე წუთამდე კიდევ ორი ჯარიმა გაიტანა და ტაიმი 13:3 მოიგო. მეორე ნახევარში ფრანგები უპირატესობას დაეუფლნენ, ჯერ ჯარიმით მოახერხეს ჩამორჩენის შემცირება, 73-ე წუთზე ლელო გაიტანეს და გარდასახვით ირლანდიიდან ქულა წაიღეს. დასკვნით ტურში ისინი შოტლანდიას მასპინძლობენ და “ხის კოვზისგან” თავის დასაღწევად უცილობლად გამარჯვება ესაჭიროებათ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია