ცოტა ხნის წინათ საფრანგეთის ელიტარულ დივიზიონ Top 14-ს ქართველი ლეგიონერების ხუთეული ლიდერობდა და თითქოს, საჩემპიონო პლეი ოფში ყველა მათგანის მოხვედრა ეჭვს არ იწვევდა, მაგრამ სანაკრებო თამაშების გამო, ლიდერების გარეშე დარჩენილმა გუნდებმა ქულები დაკარგეს და ახლა სიტუაცია სხვაგვარადაა.
ყველაზე მეტად ქართველების გარეშე დარჩენილი “მონპელიე” დაზარალდა. მამუკა გორგოძე და მიხეილ ნარიაშვილის სანაკრებო შეკრებაზე იყვნენ, გიორგი ჟღენტი ტრავმირებულია და მათ გარეშე დარჩენილმა გუნდმა უშუალო კონკურენტ “რასინგ მეტროს” საკუთარ მოედანზე ვერ აჯობა. “მონპელიე” თავიდანვე მდევრის როლში აღმოჩნდა და ტაიმი 3:17 დათმო. მეორე ნახევარში მასპინძლებმა სიტუაცია მკვეთრად გამოასწორეს და ჯარიმებით 72-ე წუთისთვის სხვაობა 2 ქულამდე დაიყვანეს, მაგრამ მეტი ვეღარ შეძლეს და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდნენ - 15:17. შედეგად, მათ მე-5 პოზიცია სწორედ “რასინგ მეტროს” დაუთმეს, “პერპინიანის” მსგავსად 55 ქულა აქვთ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლით მე-7 პოზიციამდე დაეშვნენ. მომდევნო ტურში “მონპელიე” კიდევ ერთ კონკურენტს, უახლოეს მდევარ “გრენობლს” სტუმრად ეთამაშება და პლეი ოფში გასვლის შანსის შესანარჩუნებლად უცილობლად გამარჯვება სჭირდება.
ქართული დერბი არ შედგა “კლერმონისა” და “კასტრის” დაპირისპირებისას, რადგან დავით ზირაქაშვილი და ვიტო კოლელიშვილი ამ თამაშის დღეს ნაკრებისთვის ირჯებოდნენ. ანტონ ფეიქრიშვილი “კასტრის” განაცხადში იყო და 56-ე წუთიდან ითამაშა, მაგრამ მასპინძელთა უპირატესობა ძალიან დიდი იყო. მასპინძლებმა პირველ ტაიმში ერთის საპასუხოდ სამი ჯარიმა, ლელო და გარდასახვა გაიტანეს. მეორე ნახევარში აქცენტი უკვე ლელოებზე გაკეთდა და მე-60 წუთზე ორი ლელო-გარდასახვით ანგარიში 30:3 გახდა. თამაშის მიწურულს ლელო “კასტრმაც” რომ მიითვალა, “კლერმონმა” კიდევ მოინდომა, მეოთხე ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა - 37:10 (ლელოებით 4:1). ამრიგად, “კლერმონი” 74 ქულით მეორე ადგილზე რჩება და პლეი ოფშიც უეჭველი ითამაშებს, “კასტრი” კი, 58 ქულით მეოთხეა და დარჩენილ ტურებში ბრძოლა მოუწევს.
რეგულარული პირველობის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, გათამაშების ცხრილს კვლავ დავით ქუბრიაშვილის, კოტე მიქაუტაძის და ლევან ჩილაჩავას “ტულონი” ლიდერობს, რომელმაც “ბიარიცი” 50:15 გაანადგურა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. ქუბრიაშვილი და მიქაუტაძე ნაკრებისთვის ირჯებოდნენ, ჩილაჩავამ კი, შეცვლაზე დასკვნითი 13 წუთი ითამაშა. შეხვედრა კარგი საყურებელი გამოდგა. “ბიარიცმა” პირველ ტაიმში გაშვებულ სამ ლელოს ორით უპასუხა და შესვენებისას მასპინძლები 25:12 იგებდნენ. 50-ე წუთზე მათ ჩამორჩენა ჯარიმით შეამცირეს, მაგრამ დასკვნითი 50 წუთი “ტულონის” იყო, რომელმაც დარჩენილ ნახევარ საათში 25 ქულა გააკეთა, კიდევ სამი ლელო გაიტანა და პრემიალური ქულაც ჩაიწერა. მასპინძლებმა ორი ლელო დასკვნით 7 წუთში მიითვალეს, როდესაც ჩილაჩავა მოედანზე იყო. “ტულონს” 76 ქულა აქვს და ორით უსწრებს “კლერმონს”.
დაძაბულ ბრძოლაში იმარჯვა და 64 ქულით მესამე ადგილზე რჩება ვასილ კაკოვინისა და ჯაბა ბრეგვაძის “ტულუზა”. კაკოვინი “ბორჯღალოსნებში” ირჯებოდა, ხოლო ბრეგვაძე შეცვლაზე 57-ე წუთზე შევიდა. ზაზა ნავროზაშვილის “ბორდო” ლიგაში დასარჩენად რომ იბრძვის, ქვეყნის ჩემპიონს მედგრად დაუდგა და პირველ ტაიმში ორჯერ იგებდა, მაგრამ შესვენებაზე მდევრის როლში გავიდა - 15:18. მეორე ტაიმში მასპინძლებმა უპირატესობა რომ გაზარდეს, სტუმრებმა მოინდომეს და 57-ე წუთზე 29:27, ხოლო 65-ეზე - 32:30 დაწინაურდნენ, მაგრამ 68-ე წუთზე “ტულუზამ” გამარჯვების მომტანი ჯარიმა გაიტანა - 33:32. “ბორდომ” პრემიალური ქულა ჩაიწერა და 31 ქულით მე-12 ადგილზეა.
ზურაბ ჟვანიას “სტად ფრანსემ” თამაზ მჭედლიძის “მონ დე მარსანი” 42:14 გაანადგურა. ორვე გუნდის ლეგიონერი ნაკრებში იყო გამოძახებული. სტუმრებმა მხოლოდ ტაიმი იბრძოლეს, ორჯერ იგებდნენ და შესვენებაზეც იმედიანად გავიდნენ (14:20), მაგრამ მეორე ნახევარში პარიზელებმა იმძლავრეს, პირველ ტაიმში გატანილ სამ ლელოს, დასკვნით 20 წუთში კიდევ სამი შემატეს და პრემიალური ქულა ჩაიწერეს. “სტად ფრანსე” 46 ქულით მე-9 ადგილზე რომაა, პლეი ოფში გასვლის თეორიულ შანსს კიდევ ინარჩუნებს, “მონ დე მარსანი” კი, 15 ქულით ბოლო ადგილზე რჩება.
Top 14-ის მორიგი ტურის თამაშები 22-24 მარტსაა დანიშნული.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია