საფრანგეთის მორაგბეთა მეორე ელიტურ დივიზიონ Pro D2-ის რეგულარული პირველობის დასრულებამდე შვიდი ტურით ადრე, Top 14-ის საგზურის ერთი მფლობელი პრაქტიკულად უკვე ცნობილია. “უაიონა” უახლოეს მდევარს მთელი 20 ქულით უსწრებს და სასწაული უნდა მოხდეს, ლიდერობა რომ დაკარგოს, მეორე საგზურისთვის გასამართი პლეი ოფში (II-V ადგილები) მოსახვედრად კი, ერთბაშად რვა გუნდი იბრძვის და მათგან ხუთი - ქართველი ლეგიონერებისაა.
მამუკა მაგრაქველიძის “პომ” ტარიელ რატიანიძის “დაქსი” რომ დაამარცხა და პრემიალაური ქულაც ჩაიწერა, 71 ქულით მე-3 ადგილი შეინარჩუნა. მასპინძელთა რიგებში ვეტერან ქართველ პირველხაზელს არ უთამაშია, რატიანიძე კი, შეცვლაზე 47-ე წუთზე შევიდა. “პო” თავიდანვე დაეუფლა უპირატესობას და მეტოქის სამ ჯარიმას სამი ლელოთი უპასუხა. მეორე ტაიმში “დაქსმა” ორი ლელოთი უპასუხა, მაგრამ თავად კიდევ ოთხი გაუშვა. “პო” მეორეადგილოსან “ლა როშელს” ერთით, ხოლო ლიდერ “უაიონას” 21 ქულით ჩამორჩება. “დაქსი” 32 ქულით მე-14 საფეხურზეა და ელიტაში დასარჩენად იბრძვის.
ირაკლი ნატრიაშვილის, გოდერძი შველიძისა და დავით ხინჩაგიშვილის “ბრივი” ფორმაში რომ შევიდა, ერთ-ერთ უშუალო კონკურენტს, გიორგი ჩხაიძის, გიორგი ნემსაძის, დავით დადუნაშვილისა და ირაკლი მირცხულავას “ტარბს” შანსი არ დაუტოვა და ზედიზედ მეოთხე გამარჯვება მოიპოვა. ამასთან, მასპინძლებმა მეტოქეს სამით მეტი ლელო გაუტანეს და პრემიალური ქულაც ჩაიწერეს. ანგარიში სტუმრებმა ჯარიმით გახსნეს, მაგრამ მერე “ბრივმა” შერკინებაში იმძლავრა და ორი ლელო გაიტანა, აქედან მეორე - საჯარიმო, რაც ქართველი ლეგიონერების დამსახურებაცაა.
ნატრიაშვილი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში თამაშობდა, შველიძე და ხინჩაგიშვილი კი, მასპინძელთა სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ. პირველი - შესვენებისას, ხოლო მეორე 73-ე წუთზე შეცვალეს. სტუმართა რიგებში 47-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშეს მირცხულავამ და დადუნაშვილმა, ხოლო ნემსაძე მოედანზე 69-ე წუთზე გამოჩნდა. სანაკრებო შეკრებაზე იყო გიორგი ჩხაიძეც.
ტაიმის 15:3 მოგების შემდეგ, “ბრივმა” ჯარიმით და ორი ლელოთი (გარდასახვებიც ზუსტი იყო) უპირატესობა უფრო გაზარდა და “ტარბის” მიერ გატანილმა ერთმა საპასუხო ლელომ აღარაფერი შეცვალა. ამრიგად, “ბრივს” 68 ქულა გაუხდა, მე-4 ადგილზეა და 7 ქულით უსწრებს უახლოეს მდევრებს, მის მიერვე ძლეულ “ტარბს” და “ორიაკს”.
ლევან დათუნაშვილის, კარლენ ასეიშვილისა და გიორგი ნაცარაშვილის “ორიაკმა” ბოლო ხუთი თამაშიდან ოთხი რომ წააგო და ერთი ფრედ დაასრულა, მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაიუარესა. ამჯერად ქართველთა სამეულის გუნდი “ლა როშელთან” 19:49 განადგურდა. დათუნაშვილი ნაკრების შემადგენლობაში ირჯებოდა, ასეიშვილი განაცხადში ვერ მოხვდა, ხოლო ნაცარაშვილი მოედანზე 64-ე წუთზე გამოჩნდა და 78-ეზე რაქში ხელით თამაშისთვის სინბინით დაისაჯა. “ლა როშელმა” პირველივე წუთებიდან მოიპოვა უპირატესობა და ტაიმი 34:9 მოიგო, მეორე ნახევარში კი, საქმე გამარჯვებამდე მშვიდად მიიყვანა.
ვახტანგ ახობაძის, კახა კობერიძის, ვახტანგ მაისურაძის, გიორგი თეთრაშვილისა და ალექსანდრე თოდუას “ალბიმ” ბექა შეყლაშვილის “ბეზიე” 16:10 დაამარცხა. ქართველი ლეგიონერებიდან განაცხადში მხოლოდ მაისურაძე იყო, რომელმაც შერკინების მესამე ხაზში 61 წუთი ითამაშა. მასპინძელთა რიგებში 50-ე წუთიდან შეცვლაზე ითამაშა თეთრაშვილმა. “ბეზიეს” შემადგენლობაში შესვენების შემდეგ გამოჩნდა შეყლაშვილი.
სტუმრები ლელო-გარდასახვით დაწინაურდნენ, მაგრამ ჯერ ორი ჯარიმა მიიღეს, ხოლო ზედ შესვენების ლელო გაუშვეს და გარდასახვაც ზუსტი იყო. “ალბიმ” ჯარიმით უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა, რაზეც “ბეზიემ” ჯარიმითვე 77-ე წუთზე უპასუხა და ერთი ქულა ჩაიწერა. ახლა მას ჯამში 31 ქულა აქვს, ბოლოსწინა ადგილზეა და 1 ქულა აშორებს Pro D2-ში დასარჩენ ადგილს. “ალბი” 49 ქულით მე-11-ეა და არც გავარდნა ემუქრება და არც პლეი ოფში მოხვედრის პრექტიკული შანსი.
გურამ კავთიძის “ლიონმა” “ოში” 26:12 დაამარცხა, 58 ქულით მე-8 ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს. ქართველმა პირველხაზელმა შეცვლაზე მე-60 წუთიდან ითამაშა და ამ დროს საბოლოო შედეგი უკვე დაფიქსირებული იყო. შალვა სუთიაშვილისა და დავით აშვეთიას “მასი”, ქართველი ლეგიონერების გარეშე ლიდერ “უაიონასთან” 17:41 დამარცხდა და 26 ქულით კვლავ სატურნირო ცხრილის ფსკერზე რჩება. Pro D2-ის მორიგი ტურის მატჩები 16-17 მარტს გაიმართება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია