ამბები

19:49 | 12.03.2013 | ნანახია 797 - ჯერ

28 ქართული ქულა “ფედერალში”

საფრანგეთის მორაგბეთა მესამე დონის, ნახევრად პროფესიულ ფედერალ 1-ში, რეგულარული პირველობის დასრულებამდე ორი ტური დარჩა. მიუხედავად იმისა, რომ გასულ შაბათ-კვირას ევროპაში სანაკრებო შეხვედრები იყო, XVI რაუნდში ქართველმა ლეგიონერებმა ჯამში 28 ქულა მიითვალეს. ერთი ლელო ბაჩუკი გუჯარაიძის ანგარიშზეა, ლაშა მალაღურაძე კი, რომელიც ბოლო დროს ბრწყინვალე ფორმაშია, გუნდს 23 ქულით შეეწია, მაგრამ ეს გამარჯვებისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა.
I ჯგუფიდან Pro D2-ის საგზურისთვის პლეი ოფში თამაში უკვე დაიბევა ავთო კოპალიანის და შოთა მელიქიძის “მაკონმა”, რომელიც განვლილ მატჩში დევი დათუნაშვილის, რევაზ გიგაურისა და ელიზბარ ყუფარაძის “მონლიუსონთან” 18:30 კი დამარცხდა, მაგრამ მდევრებისთვის მაინც მიუწვდომელი რჩება. მასპინძელთა რიგებში გარემარბად სრულად ითამაშა გიგაურმა, სასტარტო შემადგენლობაში იყო და 65-ე წუთზე შეცვალეს ყუფარაძე, ხოლო სტუმართა რიგებში კოპალიანი პირველიდან 50-ე წუთამდე გაისარჯა.
“მონლიუსონი” პირველივე წუთებიდან დაეუფლა უპირატესობას და ის ხელიდან აღარ გაუშვია. ამ გამარჯვების შემდეგ მან ჯამში 34 ქულა დააგროვა, მე-6 ადგილზე და პლეი ოფში გამსვლელ მეოთხე ადგილის დაკავების შანსს ინარჩუნებს. “მაკონი” მესამე ადგილს 48 ქულით იკავებს და რეგულარულ პირველობას ამავე ადგილზე დაასრულებს.
გიორგი გაბელიასა და რევაზ ჟღენტის “სენტ-ეტიენმა”, რომელიც 36 ქულით მეოთხე ადგილზე, ჯგუფის ლიდერ “ლილს” 15:9 აჯობა, მაგრამ ქართველი ლეგიონერები განაცხადში არ იყვნენ. 3:29 დამარცხდა სტუმრად “ბობინთან” ზერო პეტრიაშვილის “ვიენი”. ქართველმა პირველხაზელმა შეცვლაზე 52-ე წუთიდან ითამაშა და ამ დროს ანგარიში უკვე 3:22 იყო. “ვიენი” 32 ქულით მე-8 პოზიციაზეა და თეორიულად პლეი ოფში გასვლის შანსსაც ინარჩუნებს. გიორგი სულუაშვილის “სტრასბური” “ბრესანს” ქართველი ლეგიონერის გარეშე ეწვია და 8:79 შერცხვა. “სტრასბური” 2 ქულით ბოლო ადგილზეა და “ფედერალ2”-ში დაქვეითება გარანტირებული აქვს.
მხოლოდ ერთ პრემიალურ ქულას დასჯერდა სტუმრად “დიჟონთან” გიორგი ჯაშიტაშვილის “შალონი”. ქართველმა პირველხაზელმა 55-ე წუთიდან ითამაშა. “შალონი” 48-ე წუთისთვის 25:11 იგებდა, 52-ე წუთზე გაშვებულ ლელო-გარდასახვას, მალე ჯარიმით უპასუხა და 10 ქულით დაწინაურდა. 70-ე წუთზე ლელო-გარდასახვა კიდევ რომ მიიღო, ორიოდე წუთში ჯარიმა გაიტანა და ამჯერად უპირატესობა 6 ქულამდე გაზარდა, მაგრამ ბოლოსწინა წუთზე საჯარიმო ლელოთი დაისაჯა, გარდასახვაც ზუსტი იყო, ჯარიმის გასატანად დრო აღარ დარჩა და 31:32 დამარცხდა. შედეგად, “შალონი” 33 ქულით მე-7 ადგილამდე დაეშვა და ახლა პლეი ოფში მოხვედრა მხოლოდ მის ხელთ აღარაა.
II ჯგუფიდან პლეი ოფში დაბევებული აქვს ირაკლი ნინიძის “რომანს”, რომელმაც “ბლანიაკი” სტუმრად 22:17 დაამარცხა, 46 ქულით მეორე ადგილზეა და 10 ქულით უსწრებს მეოთხე საფეხურზე მყოფ “ლა-სენს”. სტუმრები ნახევარი საათის შემდეგ 13 ქულით დაწინაურდნენ, მაგრამ ტაიმი მხოლოდ 16:8 მოიგეს, 55-ე წუთისთვის კი, სხვაობა 2 ქულამდე დავიდა. “რომანმა” დასკვნით წუთებში მობილიზება მოახერხა და ორი ჯარიმა გაიტანა, ერთი გაუშვა და 22:17 იმარჯვა. ნინიძემ შეცვლაზე 64-ე წუთიდან ითამაშა.
პლეი ოფში გასვლის შანსს ინარჩუნებს თემურ გელანტიასა და ბექა ურჯუკაშვილის “ობნა”, რომელმაც ერთ-ერთ კონკურენტ “ლა-სენს” 32:9 აჯობა, პრემიალური ქულაც ჩაიწერა და 35 ქულით მე-5 ადგილზეა. მის წინ 36 ქულა სწორედ “ლა-სენია”. განვლილ მატჩში მონაწილეობა მხოლოდ გელანტიამ მიიღო, რომელმაც შერკინების პირველ ხაზში პირველიდან 66-ე წუთამდე ითამაშა.
33 ქულით მე-7 ადგილზეა და პლეი ოფში მოხვედრის შანსს ჯერ კიდევ ინარჩუნებს დავით კაჭარავას “როდეზი”, რომელმაც “ლავორი” 18:13 დაამარცხა. ქართველი შუამარბი ნაკრებისთვის ირჯებოდა. 25 ქულით ბოლო ადგილზეა და პლეი ოფში გასვლის ყველანაირი შანსი დაკარგა გიორგი კუთარაშვილის “შატორენარმა”, რომელსაც “ვალანსმა” 32:14 აჯობა. ქართველ ლეგიონერს განვლილ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია.
III ჯგუფიდან პლეი ოფში ითამაშებენ ბაჩუკი გუჯარაიძისა და შოთა ცხოვრებაშვილის “სენ-ნაზერი” და თედო ზიბზიბაძის “პერიგო”. ზიბზიბაძე “ბორჯღალოსანთა” განკარგულებაში რომ იყო, მისმა გუნდმა “ნიორს” შვიდი უპასუხო ლელო გაუტანა და 47:0 გაანადგურა. “პერიგომ” პრემიალური ქულაც ჩაიწერა, ჯამში 54 მოაგროვა, მესამე ადგილზეა და მას მეოთხეადგილოსანი ვეღარ დაეწევა.
პრემიალური ქულა ჩაიწერა და 57 ქულით მეორე საფეხურზეა “სენ-ნაზერი”, რომელმაც მიხეილ გაჩეჩილაძის “აჟეტმო” 42:3 გაანადგურა. ცხოვრებაშვილი განაცხადში არ იყო. სამაგიეროდ, სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ ორივე გუნდის მეორეხაზელები, გაჩეჩილაძემ 65, ხოლო გუჯარაიძემ 70 წუთი ითამაშეს. საწყის ნახევარ საათში მასპინძელთა სამ ჯარიმას სტუმრებმა ერთით უპასუხეს. შესვენებამდე დარჩენილ 10 წუთში “სენ-ნაზერმა” სამი ლელო მიითვალა, ორი გარდასახვა გამოიყენა და 28:3 დაწინაურდა. 65-ე წუთზე მასპინძელთა მეოთხე ლელო გუჯარაიძემ მიითვალა, სულ ბოლოს “სენ-ნაზერმა” მეხუთედაც გადალახა მეტოქის ჩათვლის მოედანი და დიდი ანგარიშით იმარჯვა.
ნიკოლოზ მაღალდაძისა და ირაკლი ჩომახაშვილის “მარმანდი” უშუალო კონკურენტს “სენ-ჟან-დანჟელთან” 11:15 დამარცხდა და მხოლოდ პრემიალურ ქულას დასჯერდა. ჩომახაშვილი განაცხადში არ იყო, ხოლო მაღალდაძემ სრულად ითამაშა. “მარმანდი” 20 ქულით ბოლო ადგილზეა.
IV ჯგუფში შედეგიან თამაშს განაგრძობს “ბანიერის” მგეზავი ლაშა მალაღურაძე. მისი და სიმონ მაისურაძის გუნდი “სენ-მედარს” ეწვია და გამარჯვებამდე სულ ცოტა დააკლდა. მალაღურაძის მსგავსად შეუცვლელად ითამაშა მაისურაძემაც, მაგრამ 24-ე წუთზე სინბინით დაისაჯა და 10 წუთი დასჯილთა სკამზე გაატარა.
მალაღურაძემ პირველი ორი ჯარიმა მე-2 და მე-7 წუთზე გაიტანა. მასპინძლებმა ჯარიმით ჩამორჩენა რომ შეამცირეს და მერე რიცხობრივი უპირატესობაც მოიპოვეს, 26-ე წუთზე ლელო გაიტანეს და გარდასახვა გამოიყენეს. შესვენებამდე მალაღურაძემ და “სენ-მედარის” დამრტყმელებმა ჯარიმები გაცვალეს და ტაიმი 13:9 დასრულდა. ლაშამ ჩამორჩენა მინიმუმამდე ჯარიმითვე მატჩის განახლებისთანავე დაიყვანა, 47-ეზე კი, კვლავ სტუმრები დააწინაურა. 66-ე წუთზე მასპინძლები საჯარიმო ლელოთი დაისაჯნენ და მალაღურაძემ ზუსტ გარდასახვას ერთ წუთში ჯარიმაც შემატა - 25:13.
სტუმრები გამარჯვებასთან ძალიან ახლოს იყვნენ, რადგან საფინალო სასტვენამდე ხუთი წუთით ადრე მასპინძლებმა ლელო-გარდასახვა რომ გაიტანეს, მალაღურაძემ ორ წუთში მორიგი ჯარიმით საკუთარი გუნდის უპირატესობა 8 ქულამდე გაზარდა, მაგრამ “სენ-მედარმა” თამაშის განახლებისთანავე ლელო გაიტანა, გარდასახვა გამოიყენა და დამატებულ წუთებზე გადამწყვეტი ჯარიმით 30:28 იმარჯვა. ამრიგად, მალაღურაძის კარგი გარჯა და 23 ქულა მხოლოდ 1 ქულაში აისახა, თუმცა, ქართველი მგეზავით Pro D2-ის “ტარბი” რომ დაინტერესდა, ეგებ მისმა წარმატებულმა თამაშმა ქართველ ლეგიონერს ელიტაში დაბრუნების შანსი მისცეს.
“ბანიერს” 27 ქულა აქვს და მე-8 ადგილზეა. 22 ქულით ბოლო საფეხურზეა მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი მჭედლიშვილის “სენ-ჟუნიანი”, რომელიც “კასტანესთან” 9:34 დამარცხდა. კვირიკაშვილი ნაკრების მაისურით ქულებს “ბორჯღალოსნებისთვის” აგროვებდა, ხოლო მჭედლიშვილმა შეცვლაზე 54-ე წუთიდან ითამაშა. “ფედერალ 1”-ის ბოლოსწინა ტურის მატჩი ორი კვირის შემდეგ გაიმართება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.104725