ამბები

21:58 | 14.03.2013 | ნანახია 903 - ჯერ

გამოხმაურება 18-წლამდელთა თამაშზე

 “მსოფლიო სპორტი” უკვე იუწყებოდა, რომ საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრები, რომელიც ევროპის ჩემპიონატის წინა შეკრებაზე ინგლისს ეწვია, ჰართპულის კოლეჯის თანატოლებთან ბოლო წუთზე გაშვებული ლელოთი 26:31 დამარცხდა. რადგან უმცროსი “ბორჯღალოსნების” მთავარ მწვრთნელ ილია მაისურაძესთან დაკავშირება ჩვენთვის დაუშვებელი აღმოჩნდა, გთავაზობთ იმ კომენტარებს, რომელიც საქართველოს რაგბის კავშირის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა:

გუშინ, 13 მარტს, ევროპის ჩემპიონატისათვის მოსამზადებელ შეკრებაზე ინგლისში მყოფმა საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ტესტი გამართა ჰართპულის კოლეჯის თანატოლ მორაგბეთა გუნდთან. თამაშის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება შესაძლებელი იყო მხოლოდ ჰართპულის კოლეჯის ოფიციალურ ფეისბუქ და თვითერის გვერდებზე, სადაც წარმოებდა ეგრედ წოდებული “ლაივ ბლოგი”. სწორედ ამ ბლოგის საშუალებით გახდა თამაშის ანგარიშის მყისიერად გაგება შესაძლებელი.

მატჩის ანგარიშიდან (31:26) გამომდინარე, თავისუფლად შეიძლება იმის თქმა, რომ თამაში საკმაოდ დაძაბულად მიმდინარეობდა და ალბათ სანახაობრივადაც არ უნდა ყოფილიყო ურიგო. გუნდებმა ორი 35 წუთიანი ტაიმი ითამაშეს. მატჩში პირველი ლელო მასპინძლებმა დადეს და გარდასახეს კიდეც, ხოლო მოგვიანებით ჯარიმაც გაიტანეს და 10 ქულით დაწინაურდნენ. უმცროსმა ბორჯღალოსნებმა მალევე ლელოთი უპასუხეს მასპინძლებს, რომლის გარდასახვის შემდეგ ანგარიში 10:7 გახდა. ტაიმის მიწურულს, ჰართპულელებმა კიდევ ერთი ლელო შიტანეს ჩვენ ჩათვლის მოედანში და ანგარიში 17:7 გახადეს. მეორე ტაიმში ჩვენმა ბიჭებმა მოუმატეს და ორი ლელოც დადეს და 70-ე წუთამდე 26 ქუილით 24-ის წინააღმდეგ იგებდნენ შეხვედრას, მაგრამ მასპინძლებმა ბოლო წუთზე დადებული და გარდასახული ლელოს წყალობით მოიგეს მატჩი. თამაშის დასრულებისას ჰართპულელთა ბლოგზე შემდეგი კომენტარი დაიდო: “დიდ მადლობას ვუხდით სტუმარ, საქართველოს გუნდს, რომელთა მონაწილეობით ეს ბრწყინვალე მატჩი შედგა. ვუსურვებთ მათ წარმატებებს თავიანთ დანარჩენ მატჩებში!“

აღსანიშნავია, რომ ჰართპულის კოლეჯის 18-წლამდელთა გუნდი საკმაოდ ძლიერი კლუბია, რომელმაც უმცროს “ბორჯღალოსნებთან” გამართულ თამაშამდე ზედიზედ 42 მატჩი მოიგო. შარშან პირველობის პლეოფის სტადიაზე, ჰართპულელებმა დამაჯერებლად მოუგეს ლონდონის “უოსფსის” 18-წლამდელთა გუნდს, რომლიც ჩვენმა ბიჭებმა 16 თებერვალს დიდი ანგარიშით დაამარცხეს თბილისში - 48:12.

“საკმაოდ ძლიერ მოწინააღმდეგეს შევხდით, რასაც განვითარების თვალსაზრისით, რომლისკენაც ჩვენ აგრერიგად მივიღწვით, უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ჩვენ ვეთმაშეთ ერთ-ერთ ყველაზე ანგარიშგასაწევს კლუბს, რომლის შემადგენლობაშიც მრავლად არიან ინგლისისა და უელსის ასაკობრივი ნაკრებების წევრები. მოლოდინისამებრ, თამაში საკმაოდ დაძაბული და ამავდროულად სანახაობრივი იყო. მე გამოვყოფდი ორივე გუნდის მხრიდან დიდი ფიზიკური ძალისა და რაგბის თამაშის უნარების ბრწყინვალე დემონსტრირებას. მასპინძელთა გასაოცრად, ჩვენი ბიჭები საკმაოდ მაღალ ტემპში თამაშობდნენ, სწრაფად გამოქონდათ რაქიდან ბურთი ხელ და ხელ სათამაშოდ. მიმაჩნია, რომ ჩვენმა ბიჭებმა მეტი გულისყური უნდა დაუთმონ მსაჯის ინსტრუქციებს რაქში. როდესაც მსაჯი მიუთითებს მოთამაშეს რაქიდან გადაგორებაზე, მან უმალ უნდა შეასრულოს ეს. მე დარწმუნებული ვარ, რომ ბიჭები შედარებით მკაცრ მსაჯობას მალევე აუღებენ ალღოს და უფრო თავისუფლად შეძლებენ მსაჯის ინსტრუქციების შესრულებას. აღსანიშნვაია, რომ ორი ლელო კაცნაკლულებმა გავუშვით.

ზოგადად, განვლილი მატჩით კმაყოფილი ვარ, რადგან განვმეორდები, რომ წაგების მიუხედავად ამ მატჩს განვითარების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა.

თამაშის შემდეგ, მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა აღნიშნა, რომ ძალზედ დიდი ხნის განმავლობაში მათ არ უთამაშიათ ასეთ ძლიერ მეტოქესთან და ბოლო დროის განმავლობაში პირველად მოიგეს ასეთი მცირე სხვაობით. მისი თქმით, ქართველებმა რაგბის თამაშის უმაღლეს დონეზე ცოდნა და ანგარიშგასაწევი ფიზიკური ძალა გამოავლინეს. თამაშის საყურებლად შეკრებილი მაყურებელიც კი აღნიშნავდა, რომ მათ დიდი ხნის განმავლობაში ასეთი ლამაზი რაგბი არ ენახათ - განახცადა საქართველოს ეროვნული სარაგბო აკადემიის მენეჯერმა და მთავარმა მწვრთნელმა დონ კასკიმ.

“თამაშის დასაწყისი მასპინძელთა უპირატესობით წარიმართა და პირველი 15 წუთის განმავლობაში, ფაქტობრივად, მხოლოდ თავს ვიცავდით. პივრელი ნახევარი სათადარიგო შემადგენლობით დავიწყეთ, ხოლო მოგვიანებით განხორციელებულმა შეცვლებმა თავისი წვლილი შეიტანა და ბოლო წუთამდე 26 ქულით 24-ის წინააღმდეგ დავწინაურდით. შეიძლება ითქვას, რომ შედარებით დერეფნებში გაგვიჭირდა, ხოლო გაშვებული ლელოების მიზეზად დაცვაში დაშვებულ შეცდომებსა და რამოდენიმე ინდივიდუალური ბოჭვის ვერ განხორციელებას ჩავთვლიდი. მთლიანობაში, შეტევაში შერკინებამაც და უკანახაზელებმაც კარგად ითამაშეს. ეს თამაში ჩვენთვის ერთ-ერთ მოსამზადებელ თამაშს წარმოადგენდა და მიმაჩნია, რომ ამით ბიჭებმა ძლიერ გუნდთან თამაშის კარგი გამოცდილება მიიღეს. ხვალიდან უკვე განვაგრძობთ მზადებას ევროპის ჩემპიონატისათვის და ამ მომზადების პერიოდის განმავლობაში 17 მარტს დავუპირისპირდებით ინგლისის 17 წლამდელთა ნაკრებს“ - განაცხადა 18-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

“უწინარესად, აღსანიშნავია, რომ ჩვენმა ბიჭებმა თავდაუზოგავად ითამაშეს ჰართპულის კოლეჯის გუნდთან, რომელიც ერთ-ერთი უძლიერესია თავისი ასაკის გუნდებს შორის. აგრეთვე აღსანიშნავია, რომ ფიზიკური მონაცემებით მასპინძლები შედარებით ჯობდნენ ჩვენებს, რის გამოც მათ შერკინებასა და დერეფანში უპირატესობა ჰქონდათ. აღსანიშნვაია, რომ “ბორჯღალოსნებმა” შერკინებაში შედარებით ძლიერ მოწინააღმდეგეს ხაზის უმწიკლო თამაშით უპასუხეს, რითაც ბევრი ტაში და კომპლიმენტი დაიმსახურეს მასპინძელთა მწვრთნელთა და სტადიონზე შეკრებილ ქომაგთაგან” - განაცხადა 18-წლამდელთა ნაკრების მენეჯერმა ოთარ იაშვილმა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

FB ავტორიზაცია
0.112438