შაბათს ბუქარესტში, “ტრიუმფალურ თაღზე” გასამართ რუმინეთი-საქართველოს ნაკრებების მატჩს დიდი მნიშვნელობა რომ აქვს არაერთხელ ვთქვით. მომავალი ჯახის მოლოდინი მხოლოდ ქართველ და რუმინელ ქომაგებს როდი გააჩნია. რადგან მომავალი თამაში 2015 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა და ერთმანეთს ლიდერები ეთამაშებიან, მსოფლიო თასის ოფიციალურმა საიტმა სპეციალური, ვრცელი რეპორტაჟი მომაზადა, რომელშიც უმთავრესი ყურადღება “ბორჯღალოსანთა” და ფრანგული “მონპელიეს” ლიდერ მამუკა გორგოძეს დაეთმო.
გთავაზობთ მსოფლიო თასის ოფიციალური საიტის მიერ გამოქვეყნებული სტატიის თარგმანს:
“ჯერ კიდევ თებერვალში, როდესაც ერთა თასის წლევანდელი გათამაშება იწყებოდა, ნათლად ჩანდა, რომ სიტუაცია სწორედ დღევანდელობისკენ მიდიოდა. შაბათს დაუმარცხებელი საქართველო ბუქარესტში, ასევე დაუმარცხებელი რუმინეთის წინაშე წარსდგება და გამარჯვებული გუნდი 2015 წლის მსოფლიო თასისკენ უდიდეს ნაბიჯს გადადგამს.
ერთი კვირის წინ ორივე გუნდმა პრემიალური ქულით იმარჯვა. რუმინელებმა ბელგიელებთან ძლიერი თამაში აჩვენეს და 32:14 იმარჯვეს, ხოლო ქართველებმა თბილისში ესპანელებს რვა ლელო გაუტანეს და მეტოქე 61:18 გაანადგურეს.
2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ, საქართველოს ნაკრები ზელანდიელმა
“არა მგონია მიზნისგან ძალიან შორს ვიყოთ. წინა წლებში საქართველოს ნაკრები ერთფეროვნად თამაშობდა და მხოლოდ მორკინალების ხარჯზე ცდილობდა მეტოქეების გატეხას. ახლა გუნდში ახალგაზრდა უკანახაზელები გამოჩნდნენ, რომლებიც კარგად ჭრიან ხაზს და უფრო სანახაობრივ რაგბის ვთამაშობთ. მსურს, რომ საქართველოს ნაკრებმა უფრო გაშლილი რაგბი აჩვენოს და მისი წარმატება მხოლოდ ფორვარდების თამაშებზე არ იყოს დამოკიდებული. შარშან ესპანეთთან დავმარცხდით და ბევრი ამბობდა, რომ ჯობდა ძველ სტილს დავბრუნებოდით. მაგრამ ჩვენ ახალი გეზით გავაგრძელეთ სვლა და უკვე შედეგებიც გვაქვს. ერთი კვირის წინ ლამაზი რაგბი ვითამაშეთ, მთელი კვირა მუხლჩაუხრელად ვიშრომეთ და იმედია, რუმინეთთან კიდევ უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ” - განაცხადა
ჰეიგის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი ძალა “მონპელიეს” მესამეხაზელი მამუკა გორგოძეა, იგივე “გორგოძილა”, როგორც მას ქომაგებმა შეარქვეს. ორი მსოფლიო თასის ვეტერანი, მიუხედავად იმისა, რომ ზურგს ბევრად უფრო დიდი მიღწევები უმაგრებს, რუმინეთთან მატჩს მუდამ განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს.
მამუკა გორგოძე: “რა თქმა უნდა თავდაჯერებულები ვართ მომავალი მატჩის წინ, მაგრამ რუმინეთის ნაკრები ანგარიშგასაწევი ძალაა. ჩვენ ვაფასებთ მათ ძალას და მომავალ ჯახს სრული მობილიზებით ვხვდებით. ორივე გუნდი ფავორიტია და რადგან მას ერთა თასის ფინალად განიხილავენ, ვიტყოდი, რომ შანსები თანაბარია. თამაშს დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის და ჩვენი გულშემატკივრებისთვის, ასევე, ეს თამაში მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპისაა და დამატებითი მნიშვნელობა ამ კუთხითაც ემატება. ჩვენი მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა”.
ჰეიგი იმედოვნებს, რომ ბუქარესტში მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, გუნდი მსოფლიო თასზე მოხვედრასთან ძალიან ახლოს იქნება. მისი სანუკვარი მიზანი სწორედ მსოფლიო თასზე გუნდის გაყვანა იყო და ამ მიზნის შესრულებისკენ ის საქართველოს ნაკრებს მიყავს.
“ეს ჩემი საოცნებო მიზანია. რამდენიმე წლის წინ ვოცნებობდი, რომ გუნდი მსოფლიო თასზე გამეყვანა. არ ველოდი, ოცნება ასე მალე თუ ამიხდებოდა. ოთხ თამაშში მოპოვებულმა გამარჯვებამ, ჩვენ მიზანთან დაგვაახლოვა, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ შესარჩევი ეტაპის კიდევ ერთი წრე გველოდება” - ამბობს ჰეიგი.
ჰეიგიც და გორგოძეც საქართველოს ნაკრებს ტურნირის მოგების ფავორიტებად მიიჩნევენ, თუმცა, სიფრთხილესაც იჩენენ. თავდაჯერებულება ნაკრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ სიფრთხილეც აუცილებელია, რათა 2015 წლის მსოფლიო თასისკენ მავალ გზაზე, რაიმე მოულოდნელობამ არ იჩინოს თავი.
“რა თქმა უნდა ვიმედოვნებთ, რომ მსოფლიო თასზე ვითამაშებთ, თუმცა, ზედმეტად თავდაჯერებულებიც არ ვართ. სულაც არ გვგონია, რომ ნახევარი ძალით მოვახერხებთ რომელიმე მეტოქის დამარცხებას. გუნდები მნიშვნელოვნად გაძლიერდნენ და არ ველოდებით იოლ თამაშებს. სწორედ ამიტომ ვუდგებით შესარჩევი ეტაპის გადალახვას დიდი სიფრთხილით. სწორედ ასე მოვემზადეთ ესპანეთის ნაკრებთან სათამაშოდაც და მიუხედავად შედეგისა, გამარჯვებისთვის იოლად არ მიგვიღწევია” - განაცხადა გორგოძემ.
2011 წლის დეკემბერში, როდესაც ჰეიგი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად დაინიშნა, მის წინაშე დასახულ ამოცანათაგან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქართველოს ნაკრების წინსვლა იყო. მისი გუნდი იტალიისა და შოტლანდიის ნაკრებებს უნდა გატოლებოდა და ზელანდიელი ფიქრობს, რომ მიზანს უახლოვდება.
შაბათს “ტრიუმფალურ თაღზე” გამარჯვებული გუნდი 2013 წლის ერთა თასის მფლობელი გახდება, მაგრამ ამით არ დასრულდება 2015 წლის შესარჩევი ეტაპი და მისი გამარჯვებული მხოლოდ ერთი წლის შემდეგ გახდება ცნობილი”.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია